„პედაგოგებო, ამოიღეთ ხმა ამ დისკრიმინაციულ დოკუმენტზე, როდემდე უნდა აბაროთ გამოცდები, როდემდე უნდა ამტკიცოთ თქვენი კვალიფიკაცია?!“ - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია
საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია მასწავლებელთა ახალი სქემის შეჩერებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აქვეყნებს. გთავაზობთ მათ მიმართვას:
„ეს სქემა უნდა შეჩერდეს სასწრაფოდ! პედაგოგებო, ამოიღეთ ხმა ამ დისკრიმინაციულ დოკუმენტზე. როდემდე უნდა დარბოდეთ ტრენინგიდან ტრენინგზე, როდემდე უნდა აბაროთ გამოცდები, როდემდე უნდა ამტკიცოთ თქვენი კვალიფიკაცია, რისთვის ისწავლეთ უმაღლესში... იმისათვის რომ ხელფასი მოგიმატონ? და იმ დროისთვის ლარის მსყიდველობითი უნარი კიდევ როგორი იქნება, არავინ იცის. ხოდა კარგად დაფიქრდით, სანამ ისევ ჩაებმებით ამ უაზრო სქემაში. გამოვაცხადოთ პროტესტი. შეგვეშვან, გვაცადონ ბავშვებთან მუშაობა! და ხელფასები სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პროპორციულად გაზარდონ! რაც მთავარია, სქემაში მასწავლებლის წინსვლისთვის განსაზღვრულ არც ერთ კომპონენტში - მოსწავლის შედეგი არ ჩანს. მასწავლებლის მუშაობა პირდაპირ უნდა იყოს მიბმული მოსწავლის შედეგზე! და არა რამდენსაათიან ტრენინგს გაივლი, გარე დაკვირვებაზე უცხო ადამიანი შემოვა დაგაკვირდება, წელიწადში 3 გაკვეთილს ჩაატარებ - ხარისხის ჯგუფი დაგაკვირდება, მერე სემესტრის და წლის ბოლოს დირექტორს უნდა მოახსენო შენი თვითშეფასება\რეფლექსია და იმან განმავითარებელი კომენტარი მოგცეს, სასწავლო პროცესში ყველა თემატური მატრიცა შეადგინო და თემის ბოლოს რეფლექსია უნდა გაიკეთო, არ დაგავიწყდეთ კიდევ კომპლექსური შემაჯამებელი დავალებები გაქვთ მოსამზადებელი, შესაფასებელი და ანალიზი გასაკეთებელი... არ დაიღალეთ? ამოიღეთ ხმა! კარგად წაიკითხეთ თქვენი სამუშაოს მთავარი დოკუმენტი, გაიაზრეთ - რის გაკეთებას გთხოვენ!“ - აღნიშნულია საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ასოციაციამ 7 ივლისს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა ღია წერილით, სადაც მთავრობის მეთაურს ახალი სქემის გაუქმებას სთხოვდნენ.
„ეს პასუხი ამ ქვეყნის განათლების სისტემაში არის დიაგნოზი ტრაგედიისა“ - ფილოლოგი გია მურღულია
ფილოლოგმა გია მურღულიამ, ლექციაზე „ოთხი კაცის ამბავი“, ისაუბრა პედაგოგების იმ ნაწილზე, რომლებიც აცხადებენ, რომ არ სჭირდებათ მუდმივი პროფესიული განვითარება.
„ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში გამოკითხეს მასწავლებლები. ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი - რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ცხოვრებაში მუდმივ პროფესიულ განვითარებას? - 60%-ზე მეტმა უპასუხა, რომ მათ არ სჭირდებათ პროფესიული განვითარება, რადგან დაამთავრეს უნივერისიტეტი და საკმარისი იციან, იმისათვის რომ ბავშვებს ასწავლონ. ჩემთვის, ალბათ ბევრისთვისაც, ეს პასუხი ამ ქვეყნის განათლების სისტემაში არის დიაგნოზი ტრაგედიისა. არც კი მინდა დავიჯერო, მგონია რომ გადაჭარბებულია, თუმცა ეს ოფიციალურად დაბეჭდილია.
მე ვიცნობ, ფანტასტიკურ მასწავლებლებს, „ფოიერვერკებს“ აწყობენ გაკვეთილებზე, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ დიდი პრობლემები გვაქვს ამ კუთხით, ბევრი ადამიანი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც თანამედროვე მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს.
ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობ, რაც ბევრს არ მოსწონს. ამბობენ, რომ თითქოს პატივს არ ვცემ მასწავლებელს. პატივს არ ვცემ კი არა, ყველაზე მნიშვნელოვან პერსონად მიმაჩნია მთელ ქვეყანაზე.
ვარ ბედნიერი, როდესაც კარგ გაკვეთილს ვუყურებ და კარგ მასწავლებელს ვხვდები, ასევე ვარ ბედნიერი, როდესაც საშუალო მასწავლებელს ვხვდები, აწ უკვე. თუმცა, ვერ ვეგუები, ისეთ მასწავლებელს, რომელიც არაფერს აძლევს ბავშვებს.“