Baby Bag

რას ავალდებულებს პედაგოგებს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი?

რას ავალდებულებს პედაგოგებს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი?

მასწავლებლის პროფესიული ​ეთიკის კოდექსი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება.

ეთიკის კოდექსის მიზანია მასწავლებლის სავალდებულო პროფესიული ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრება. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის კოდექსს.

მუხლი 3. პროფესიული კომპეტენტურობა

1. მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.

2. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით.

3. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას.

4. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს.

5. მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. მასწავლებელი თავისი საქმიანობისას ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად.

7. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით.

8. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.

9. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს.

10. მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის.

11. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.

მუხლი 4. მოსწავლეებთან ურთიერთობა

1. მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში.

2. მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.

3. მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.

5. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე.

6. მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.

7. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.

8. მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად.

9. მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას.

10. მასწავლებელი არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის.

11. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.

მუხლი 5. მშობლებთან ურთიერთობა

1. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს მასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს.

2. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან ურთიერთობისას.

3. ყოველი სასწავლო ტრიმესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ.

4. მასწავლებელი, მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ.

5. მასწავლებელს, თუ ის კლასის დამრიგებელია, აქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება.

6. მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში.

7. მასწავლებელი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა.

მუხლი 6. სკოლის დირექციასთან, მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა

1. მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.

2. მასწავლებელი უზიარებს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს და თანამშრომლობს მათთან.

3. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

4. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

თავი III

ეთიკის კოდექსის დარღვევა

მუხლი 7. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევაზე

მასწავლებლის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.

,,პირველ რიგში, უნდა შევხედოთ მასწავლებლის ეთიკის კოდექსს, უნდა ვიცოდეთ, თუ ვინ შედის ბავშ...
,,პირველ რიგში, უნდა შევხედოთ მასწავლებლის ეთიკის კოდექსს, თუ ვინ შედის ბავშვებთან. ის ადამიანი არ არის აუცილებელი იყოს საუკეთესო მცოდნე, მაგალითად, ბავშვთა უფლებათა კონვენციის, მაგრამ მას უ...

შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 5 ფინალისტი ცნობილია

2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 5 ფინალისტი ცნობილია

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ხუთეული დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრები არიან:

  • გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი;
  • ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;
  • მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;
  • ქეთევან მერებაშვილი – სკოლა – ლიცეუმი პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ათეული სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

2019 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კამპანიას ბაქსვუდის სკოლა, გიმნაზია „შავნაბადა“ და სკოლა – ლიცეუმი „პრომეთე“ შემოუერთდა. ბაქსვუდის სკოლა გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების 2 კვირიან პროგრამას დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“ სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთელიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს. სკოლა – ლიცეუმი „პრომეთე” კი საუკეთესო ათეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს პერსონალური კომპიუტერით დააჯილდოვებს.

წაიკითხეთ სრულად