„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით - ბიუჯეტში გათვალისწინებული პროექტის განხილვა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება
ბიუჯეტში გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით - აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით გათვალისწინებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, პარლამენტში შევიდა 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრები გადაიხედება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას, ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ასახულია ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს სახელმწიფოს:
„ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, გათვალისწინებულია სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით. ასევე, საბავშვო ბაღებში, სადაც მიმდინარე წელს გაიზარდა ხელფასები, მისი სრული დაფინანსება მოხდება 2021 წლის განმავლობაში. 2021 წელს ასევე სრულად დაფინანსდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების მიმდინარე წელს გაზრდილი ხელფასები“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშიგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 738.1 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 199.2 მლნ ლარით.
მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 007.5 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 100.7 მლნ ლარით;
მათ შორის გათვალისწინებულია: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 880.0 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებელების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2021 წლის იანვრიდან;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - 9.3 მლნ ლარამდე;
უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა - 18.2 მლნ ლარამდე;
წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება - 885.0 მლნ ლარი;
განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა - 240.0 მლნ ლარი;
მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 26.3 მლნ ლარი;
საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 23.6 მლნ ლარამდე;
პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერი" – 33.0 მლნ ლარი და სხვა;
ბიუჯეტში გათვალისწინებული პროექტის განხილვა პარლამენტში ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან დაიწყება.