„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
მასწავლებელთა მომზადების პროგრამაში დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის ინტერგირების მიზნით უნივერსიტეტებისთვის ტრენინგები ტარდება
განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და მოზარდების სასკოლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები სპეციალურად შემუშავებული დაჩქარებული სწავლების კურიკულუმით სწავლობენ, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. კურიკულუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბულგარეთის საელჩოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შემუშავდა.
პროგრამის განხორციელების შემდგომ ეტაპზე გათვალისწინებულია აღნიშნული კურიკულუმის უმაღლესი განათლების საფეხურზე, კერძოდ, მასწავლებლის მომზადების პროგრამებში ინტეგრირება. ამ მიზნით პროფესორ-მასწავლებლებისთვის 7 ოქტომბერს ინტენსიური ტრენინგი დაიწყო, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გახსნა.
ტრენინგი, რომელიც იუნისეფის ორგანიზებით 18 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება, მომავალ მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს, გააცნობიერონ განათლების მიღმა დარჩენილი და სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების საჭიროებები, რაც შემდგომ მათ საგაკვეთილო პროცესის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენლებს პროდუქტიული თანამშრომლობისა და განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანი მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად დღეს სამინისტროს აქვს შემუშავებული ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც სკოლის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების იდენტიფიცირებისა და მათი საგანმანათლებლო პროცესში დროულად ჩართვის საშუალებას იძლევა.
ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია უმაღლესი განათლების საფეხურზე იმ სიახლეების დანერგვა, რომელიც მომავალ მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, მოემზადონ მომავალი პროფესიისთვის და ინკლუზიური განათლების განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ, რაც, პირველ რიგში, მოსწავლეებისთვის ჯანსაღი გარემოსა და სწავლის თანაბარი პირობების უზრუნველყოფაზე ზრუნვას გულისხმობს.