„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით ცვლილებები შეაქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში.
სამინისტრო ბოლო ორი თვის განმავლობაში აქტიურად გადიოდა კონსულტაციებს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირთან და სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან. შედეგად, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შემდეგი ცვლილებები შევა:
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების შესაბამისად, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავიდნენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლეს სტატუსი, სკოლის ადმინისტრაცია, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე, ვაკანსიის შევსებამდე, უსტატუსოდ.
გამონაკლისის სახით:
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ-ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და რჩებიან სისტემაში.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტ-ქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და დარჩებიან სისტემაში.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ-ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტ-ქულაზე, უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.