Baby Bag

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები და სიახლეები შეიტანა.

ამ ცვლილებების შესაბამისად, პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოდგომაზე ჩატარდება.

სქემაში შესული ცვლილებების თანახმად:

2020 წელს, პირველად სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ;

იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, გადაუვადდათ გამოცდა და საშუალება მიეცათ 2020 წლის შემოდგომაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი ან/და პროფესიული უნარები;

იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია და სტატუსის ასამაღლებლად დარჩენილი აქვთ 1-5 კრედიტ-ქულა, უფლება ექნებათ გაიარონ ტრენინგ-მოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ დარჩენილი 1-5 კრედიტ-ქულა 19 კრედიტ-ქულამდე შევსების მიზნით;

იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს შრომით ხელშეკრულებას.

მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ შესაძლებლობა მისცა 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შემოსვლის მსურველებს ჩააბარონ გამოცდა 2020 წლის ზაფხულში, რომელიც 22 ივლისიდან - 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

გამომცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შეიმუშავა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ჩატარდება.

საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება გახსნილი სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭა

ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭა

წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მამია ფანცულაიას სახელი მიენიჭა.

მამია ფანცულაია ამავე, სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის ყოველმხრივ გამორჩეული მოსწავლე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყშიც. ხოლო 2008 წლის აგვისტოში მამია ფანცულაია საქართველო-რუსეთის ომში მონაწილეობდა, სადაც გმირულად დაიღუპა. გარდაცვლილ ჯარისკაცს დარჩა მეუღლე და შვილი, რომლის დაბადებასაც ვერ მოესწრო თუმცა, ის ამჟამად ასევე ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა.

სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირის, მამია ფანცულაიას სახელი ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის N160/ნ ბრძანებით მიენიჭა.

წაიკითხეთ სრულად