Baby Bag

მასწავლებლები საუკეთესო მშობლები არიან

მასწავლებლები საუკეთესო მშობლები არიან

„ეს სკოლა არ არის, სახლია,“ - მსგავსი ფრაზა მასწავლებლებისთვის ოჯახის წევრებს, ალბათ, ბევრჯერ უთქვამთ. პედაგოგებს ძალიან უჭირთ სამსახურეობრივ როლთან გამოთხოვება, როდესაც სამუშაო დღის შემდეგ სახლში ბრუნდებიან. სახლში ისე ვერ მოიქცევით, როგორც გაკვეთილზე, ხოლო მოსწავლეებთან ისეთ დამოკიდებულებას ვერ გამოამჟღავნებთ, როგორსაც ოჯახის წევრების მიმართ. როდესაც სკოლაში მუშაობთ, ოქროს შუალედის პოვნა ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამავდროულად მშობელიც ხართ. მასწავლებლები, რომლებსაც შვილები ჰყავთ, ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ თითქმის ყოველთვის ავიწყდებათ, სად იმყოფებიან. პედაგოგებს, რომლებიც შვილებთან ისე იქცევიან, როგორც მოსწავლეებთან, ოჯახის წევრები ხშირად საყვედურობენ და ეუბნებიან, რომ სახლში მასწავლებლის როლისგან გათავისუფლება აუცილებელია. მიუხედავად სირთულეებისა, მასწავლებლები მაინც ახერხებენ, რომ შესანიშნავი მშობლები იყვნენ.

პედაგოგებისთვის დისციპლინის დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კარგი მასწავლებლები, მოსწავლეებთან და შვილებთან მიზნის მისაღწევად განსხვავებული პრინციპით ხელმძღვანელობენ. გამოცდილი მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ სკოლაში მათ უფრო მკაცრი იმიჯი აქვთ, ვიდრე სახლში. პედაგოგი მშობლები შვილებთან საუბრის მკაცრ ტონს ნაკლებად იყენებენ, ისინი ბავშვებს დეტალურად უხსნიან, თუ რა მოლოდინები აქვთ მათ მიმართ. მოსწავლეებთან ურთიერთობისას კი მასწავლებლები უფრო კატეგორიულები არიან. მიუხედავად ამისა, კარგი პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის აძლევენ თავისუფლებას. ისინი შვილებთან ურთიერთობაშიც ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ. მასწავლებლების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ პროფესიულმა გამოცდილებამ ისინი უკეთეს მშობლებად აქცია.

მასწავლებელი მშობლები შვილების მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სწავლას ეხება. პედაგოგებმა კარგად იციან, როგორი უსიამოვნება მოაქვს მასწავლებლისთვის მოსწავლის არათანმიმდევრულობას და სიზარმაცეს. ყველა მასწავლებელი ცდილობს, რომ მისმა მოსწავლეებმა მასალა სრულფასოვნად აითვისონ. შესაბამისად პედაგოგი მშობლები ცდილობენ, რომ შვილებში ცოდნის სიყვარული გააღვივონ, რათა ბავშვებმა პიროვნული განვითარებას შეძლონ და მასწავლებლებს გაკვეთილზე ზედმეტი პრობლემები არ შეუქმნან. მასწავლებლებმა იციან, რომ საშინაო დავალებას თავისი ფუნქცია აქვს. ბავშვებს დავალების შესრულება სჭირდებათ, რათა ცოდნის გაღრმავება შეძლონ. პედაგოგი მშობლები ცდილობენ, რომ შვილებს პასუხისმგებლობის გრძნობა გაუღვივონ. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დავალების შესრულებას ვერ ახერხებს, მასწავლებელი-მშობელი შვილის პედაგოგს ამის შესახებ წინასწარ აცნობებს და დავალების შეუსრულებლობის მიზეზებსაც უხსნის. მასწავლებლებმა იციან, რომ ბავშვს სწავლა არ უნდა აიძულო. ისინი ბავშვებს საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღებას ასწავლიან. პროფესიული გამოცდილება მასწავლებელ მშობელს შვილთან ურთიერთობის ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებაში ეხმარება.

მასწავლებლებს ხშირად შვილებიც იმ სკოლაში დაჰყავთ, რომელშიც თავად არიან დასაქმებულები. ამ მოვლენას თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს. ამ შემხვევაში მასწავლებელ მშობელს შვილის პედაგოგებთან წვდომა არ გაუჭირდება. ის ბავშვის აკადემიურ მოსწრებას უფრო მარტივად გააკონტროლებს და შვილის ქცევასაც დააკვირდება. მიუხედავად ამისა, მასწავლებლებს ხშირად არ სიამოვნებთ, როდესაც შვილი იმ სკოლაში სწავლობს, სადაც ისინი მუშაობენ. როგორც წესი, თანამშრომლებს პედაგოგის შვილისადმი გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ, რაც ბავშვზე ნეგატიურად ზემოქმედებს.

მასწავლებელ მშობლებს სკოლის კრებებზე სიარული ძალიან დიდ გამოწვევად მიაჩნიათ. საკუთარი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ისინი სკოლაში მიმდინარე პროცესებს ზედმიწევნით კარგად აფასებენ. მიუხედავად ამისა, მასწავლებელი მშობლები ყოველთვის ცდილობენ, რომ შვილის პედაგოგის ხედვა გაამართლონ და მასთან კონფლიქტში შესვლას ერიდებიან. ისინი შვილის  მასწავლებლებს პროფესიულ სოლიდარობას უცხადებენ, რადგან ნებისმიერმა პედაგოგმა კარგად იცის, როგორი შრომატევადია ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობა და მათთვის ცოდნის გადაცემის უწყვეტი პროცესი.

მასწავლებელ მშობლებს შვილების საჭიროებები და მოთხოვნილებები უკეთ ესმით, ისინი უფრო თავდაჯერებულები არიან, რადგან ბავშვებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვთ. მასწავლებლები ხშირად საკუთარ შვილებსა და მოსწავლეებს ერთმანეთისგან არ ასხვავებენ და მათ თითოეული მათგანის წარმატება უზომოდ აბედნიერებთ.

მომზადებულია ​parentcircle.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება, მაძიებელი მასწავლებლების და სისტემაში შესვლის მსურველების კი - ზაფხულში​

პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება, მაძიებელი მასწავლებლების და სისტემაში შესვლის მსურველების კი - ზაფხულში​

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, გამოცდა გადაუვადდათ და საშუალება მიეცათ 2020 წლის შემოდგომაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი ან/და პროფესიული უნარები. 

რაც შეეხება მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველებს, სამინისტრომ შესაძლებლობა მისცა 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შემოსვლის მსურველებს ჩააბარონ გამოცდა 2020 წლის ზაფხულში, რომელიც 22 ივლისიდან - 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება გახსნილი სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით.  

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

სქემაში შესულ სხვა ცვლილებებს გაეცანით ამ ბმულზე მასწავლებელ​თა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა

წაიკითხეთ სრულად