განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დისტანციური სწავლების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა:
„დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რაღაც გადააფასა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ჩატარდა უამრავი საინტერესო ვებინარი, ტრენინგი, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ყველა მასწავლებლისთვის. პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილებას გაცნობოდნენ. ამის ფუფუნება აქამდე არ იყო. უშუალოდ ბრიტანეთიდან სპეციალისტები აძლევენ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე რეკომენდაციებს,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ „ტელესკლის“ გაკვეთილები თვალსაჩინო მაგალითია, როგორ უნდა ჩატარდეს საინტერესო გაკვეთილი:
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვცა „ტელესკოლამ.“ თვალსაჩინო გახდა, როგორ ორგანიზდეს საინტერესო, ინტერაქტიული გაკვეთილები. ხისტი გაკვეთილები, მე არ ვამბობ, რომ ყველა საკლასო ოთახში მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლების ძველი მეთოდი და სტიგმა დღესაც არსებობს ჩვენს სისტემაში. ასეთი თვალსაჩინო მაგალითები არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, რაღაცებს ვაფასებთ. პროექტი „ტელესკოლა“ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. გვაქვს გეგმები ზაფხულისთვის, არდადეგების პერიოდში „ტელესკოლას“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება. ზუსტად ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენს მოქალექეებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ძალიან მაღალი ხარისხის პროექტში იყოს ჩართული,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
„ნამდვილი თუ მოგონილი?!“ - თუ გყავთ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, ეს კონკურსი მათთვისაა
კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მოზარდებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, აცხადებს კონკუსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“. კონკურსში მონაწილეობის მიღება 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით შეუძლია მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ყველა მოსწავლეს.
კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში მათ შორის - ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - „Fake News“, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.
კონკურსის გამარჯვებულებს, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, კომისია შთამბეჭდავ პრიზებს გადასცემს.
პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 11 Pro მიიღებს,
მეორე ადგილის მფლობელს iPad 10.2,
ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.
მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2020 წლის14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგ ბმულზე.
დავალების წარმოსადგენად კონკურსის მონაწილეებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედიური ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.
კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი“ წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფეისბუქ გვერდზე და კომისიის ვებ გვერდზე www.gncc.ge.