განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დისტანციური სწავლების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა:
„დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რაღაც გადააფასა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ჩატარდა უამრავი საინტერესო ვებინარი, ტრენინგი, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ყველა მასწავლებლისთვის. პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილებას გაცნობოდნენ. ამის ფუფუნება აქამდე არ იყო. უშუალოდ ბრიტანეთიდან სპეციალისტები აძლევენ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე რეკომენდაციებს,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ „ტელესკლის“ გაკვეთილები თვალსაჩინო მაგალითია, როგორ უნდა ჩატარდეს საინტერესო გაკვეთილი:
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვცა „ტელესკოლამ.“ თვალსაჩინო გახდა, როგორ ორგანიზდეს საინტერესო, ინტერაქტიული გაკვეთილები. ხისტი გაკვეთილები, მე არ ვამბობ, რომ ყველა საკლასო ოთახში მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლების ძველი მეთოდი და სტიგმა დღესაც არსებობს ჩვენს სისტემაში. ასეთი თვალსაჩინო მაგალითები არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, რაღაცებს ვაფასებთ. პროექტი „ტელესკოლა“ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. გვაქვს გეგმები ზაფხულისთვის, არდადეგების პერიოდში „ტელესკოლას“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება. ზუსტად ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენს მოქალექეებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ძალიან მაღალი ხარისხის პროექტში იყოს ჩართული,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
დამხმარე სახელმძღვანელო ბუნებისმეტყველების პედაგოგებისათვის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ბიოლოგიის საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლების აივენგო შათირიშვილისა და ნანა დვალიშვილის წიგნის „ცოცხალი ბუნება“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი განკუთვნილია I-VI კლასების ბუნებისმეტყველების პედაგოგებისათვის, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელოში განხილულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული თემები, რომლებიც დაეხმარება პედაგოგებს, როგორც გაკვეთილების დაგეგმვა-წარმართვაში, ისე საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურებისათვის მზადებაში.
სახელმძღვანელო უსასყიდლოდ დარიგდება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.