განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დისტანციური სწავლების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა:
„დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რაღაც გადააფასა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ჩატარდა უამრავი საინტერესო ვებინარი, ტრენინგი, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ყველა მასწავლებლისთვის. პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილებას გაცნობოდნენ. ამის ფუფუნება აქამდე არ იყო. უშუალოდ ბრიტანეთიდან სპეციალისტები აძლევენ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე რეკომენდაციებს,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ „ტელესკლის“ გაკვეთილები თვალსაჩინო მაგალითია, როგორ უნდა ჩატარდეს საინტერესო გაკვეთილი:
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვცა „ტელესკოლამ.“ თვალსაჩინო გახდა, როგორ ორგანიზდეს საინტერესო, ინტერაქტიული გაკვეთილები. ხისტი გაკვეთილები, მე არ ვამბობ, რომ ყველა საკლასო ოთახში მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლების ძველი მეთოდი და სტიგმა დღესაც არსებობს ჩვენს სისტემაში. ასეთი თვალსაჩინო მაგალითები არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, რაღაცებს ვაფასებთ. პროექტი „ტელესკოლა“ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. გვაქვს გეგმები ზაფხულისთვის, არდადეგების პერიოდში „ტელესკოლას“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება. ზუსტად ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენს მოქალექეებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ძალიან მაღალი ხარისხის პროექტში იყოს ჩართული,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროგრამის გამოყენებას სთავაზობს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში დაეხმარება.
უწყების ცნობით, დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, მათ შორის, Teams, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა.
„პროგრამა ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც გულისხმობს, სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შეძლებს.
Teams-ში ინტეგრირებულია OneNote Class Notebooks, სადაც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დავალებებისა და სასწავლო რესურსების ასატვირთად შექმნილია პირადი სამუშაო სივრცე. პროგრამა ასევე ეხმარება პედაგოგს სილაბუსის, ქვიზის, კითხვარების მომზადებასა და ონლაინ სასწავლო პროცესის წარმართვაში. აღნიშნული ინტერნეტპროდუქტები ყველა ჩართული მხარისთვის ხელმისაწვდომია. მათ შორის, მოსწავლეებისთვის შექმნილია ელექტრონული ფოსტა, რომელზეც უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მისაღწევად გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. გარდა ამისა, გზამკვლევები და პროგრამების წარმატებით გამოყენების მაგალითები განთავსებულია პორტალზე email.mes.gov.ge.
პროდუქტების გამოყენებისთვის ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გააქტიურებული Office 365-ის მომხმარებლის პროფილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ელექტრონული მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) Microsoft-თან უკვე 11 წელია თანამშრომლობს. კომპანიის მხარდაჭერით არაერთი პროექტი განხორციელდა და სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგა,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“