Baby Bag

როცა ერთდროულად დედა, დიასახლისი, მასწავლებელი და დირექტორი ხარ

როცა ერთდროულად დედა, დიასახლისი, მასწავლებელი და დირექტორი ხარ

დედებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ერთდროულად სხვადასხვა საქმიანობის შესრულება, კარანტინი ახალ გამოწვევად იქცა. ერთ-ერთი მათგანია გვანცა ხადილაშვილი. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ამავდროულად სოფელ ხევის საჯარო სკოლის დირექტორი და ინგლისურის მასწავლებელია. მისი საქმიანობა ყოველდღიურად დიდ ენთუზიაზმსა და ენერგიას მოითხოვს. გვანცა აღნიშნავს, რომ თვითიზოლაციის პერიოდმა მისი საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა: ,,ონლაინ რეჟიმში, ბავშვებთან ერთად მუშაობა გარკვეულ სირთულებთანაა დაკავშირებული,“ - აღნიშნავს გვანცა. 

კითხვაზე თუ როგორ ასწრებს სამ შვილთან ერთად ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას გვპასუხობს: „დილით ბავშვები შედარებით გვიან იღვიძებენ, ამიტომ მაქვს შესაძლებლობა, რომ მათ საუზმე მშვიდად მოვუმზადო, შემდეგ მეწყება ონლაინ გაკვეთილები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, როდესაც დედები დროის ნახევარს კომპიუტერთან ატარებენ, ეს ბავშვებს თრგუნავთ. ისინი ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ, ამიტომ ხანდახან შვილებთან ერთად ვატარებ ონლაინ გაკვეთილებს. ისინი ასისტენტის როლს ასრულებენ. პატარებს ყოველთვის უხარიათ, როდესაც დიდების მსგავსად მუშაობენ“.

გვანცა აღნიშნავს, რომ ონლაინ გაკვეთილები გამოწვევაა, არა მარტო მისთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც: „ბავშვები ძალიან იღლებიან ონლაინ კომუნიკაციისას. რთულია საგაკვეთილო პროცესის წარმართვა კომპიუტერისა და ტელეფონის საშუალებით. ისინი მონატრებული არიან მასწავლებელთან და მეგობრებთან ურთიერთობას. აუცილებელია ვეცადოთ, რომ ბავშვები ზედმეტი დავალებებით არ გადავტვირთოთ. რადგან სახლში არიან და მეტი დრო აქვთ, ეს არასწორი იქნება და მათ სტრესულ გარემოს შეუქმნის.''

კარანტინის პერიოდში ბავშვები საბავშვო ბაღში არ დადიან, ვერ ნახულობენ თანატოლებს, ამიტომ გვანცას აზრით: „მნიშვნელოვანია უფრო ხშირად ვითამაშოთ მათთან ერთად, ხშირად წავუკითხოთ ლექსები და მოთხრობები, ბავშვებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ჩვენთან ერთად ამზადებენ საჭმელს და ერთად ვშლით სუფრას. თუ საჭიროა, უნდა გადავდოთ სახლის საქმეც და მეტი დრო დავუთმოთ შვილებს. მათთვის თვითიზოლაციის პერიოდი ისედაც რთულია და ვეცადოთ, რომ ყოველდღიურობა გავუფერადოთ. მათი ღიმილი და სიხარული მეხმარება უფრო მეტი ენთუზიაზმით შევასრულო ჩემი მოვალეობები“.

კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა კარანტინის პერიოდამდე მისი პროფესიული საქმიანობისა და დედის მოვალეობების ერთმანეთისთვის შეთავსებას გვპასუხობს: ,,მიფიქრია ამ თემაზე, თუმცა ფიქრის ნაცვლად, სჯობს იმოქმედო. ამ ყველაფრის გამკლავებაში მეხმარება ჩემი პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარული და მონდომება. მიუხედავად იმისა რომ სამი შვილი გავაჩინე, არც ერთხელ არ ვყოფილვარ დეკრეტულ შვებულებაში, არ გამიცდენია საგაკვეთილო პროცესი და ტრენინგები. უნდა გახსოვდეს შენს საქმეს სხვა არავინ გააკეთებს. ჩემი შვილები ყოველდღიურად მაძლევენ სტიმულს, რომ ამდენ საქმეს გავუმკლავდე. ასევე, რომ არა ჩემი ოჯახის წევრების გვერდში დგომა, ალბათ, ვერც შევძლებდი ამ ყველაფერს.“

კარანტინთან ეფექტურად გამკლავებისთვის გვანცა გვეუბნება, რომ: „მნიშვნელოვანია, დრო სწორად, პრიორიტეტების მიხედვით გადავანაწილოთ. მოვალეობებს კიდევ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ, თუ ოჯახის წევრები გადაინაწილებენ ფუნქციებს. მთავარია, მოვინდომოთ და თვითიზოლაციას აუცილებლად გადავაქცევთ მხიარულ და ნაყოფიერ პერიოდად“.


ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„​თუ პედაგოგებს შესაბამისი ეკონომიკური პირობები არ შევუქმენით და არ ვიზრუნეთ მათი კვალიფიკაციის ზრდაზე, შეუძლებელია შედეგის მიღება“

„​თუ პედაგოგებს შესაბამისი ეკონომიკური პირობები არ შევუქმენით და არ ვიზრუნეთ მათი კვალიფიკაციის ზრდაზე, შეუძლებელია შედეგის მიღება“

„​თუ პედაგოგებს შესაბამისი ეკონომიკური პირობები არ შევუქმენით და არ ვიზრუნეთ მათი კვალიფიკაციის ზრდაზე, შეუძლებელია შედეგის მიღება,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.

მინისტრმა წარმატებული სკოლის კომპონენტები დაასახელა და აღნიშნა, რომ მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა, პედაგოგებისთვის სათანადო ეკონომიკური პირობების შექმნა და ხარისხიანი სახელმძღვანელოები.  

„რისგან შედგება წარმატებული სკოლა. პირველ რიგში, ეს არის ინფრასტრუქტურა, ამაში იგულისხმება არამხოლოდ მოწესრიგებული გარემო, არამედ, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინტერნეტი, კომპიუტერული სივრცეები, ლაბორატორიები. მეორე ეს არის - სახელმძღვანელოები. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა ხარისხი, არამარტო შინაარსობრივ, არამედ ბეჭდვით ნაწილში, შემცირდა წონა. ერთი წლის განმავლობაში დასავლურ სტანდარტზე დავიწყეთ გადასვლა. მესამე არის პედაგოგი. რა თქმა უნდა, თუ პედაგოგოგებს შესაბამისი ეკონომიკური პირობები არ შევუქმენით და არ ვიზრუნეთ მათი კვალიფიკაციის ზრდაზე, შეუძლებელია შედეგის მიღება. ეს არის სწავლების ახალ მეთოდებზე გადასვლა. ეტაპობრივად ყველა სკოლაში უნდა მივიდეთ, ყველა რეგიონში, ყველა სოფელში და ასეთი პირობები შევქმნათ. ჩვენ ერთ წელიწადში მოვახერხეთ ის, რომ ამ ყველაფერს საფუძველი ჩავუყარეთ, თითოეულ კომპონენტში დავიწყეთ წინსვლა გაუმჯობესებისკენ. ახლა რაც მთავარია, ამის მასშტაბირება მოვახდინოთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ეს შევინარჩუნოთ,“ - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად