„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მშობლებს მიმართავს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მშობლებს მიმართავს. გთავაზობთ მათ განცხადებას უცვლელად:
,,თუ თქვენი შვილი სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში და არის პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეების კატეგორიაში, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ და თქვენი შვილი საგაკვეთილო პროცესში სახლიდან ჩაერთოს.
იმავე შესაძლებლობით სარგებლობა შეუძლიათ ფოთისა და გორის სკოლების ნებისმიერ საფეხურზე (I-XII) მყოფ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.
ამისათვის საჭიროა განაცხადის გაკეთება საიტზე: online.emis.ge'' - აღნიშნულია განცხადებაში.