„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
„სამუშაო პროცესში იქნება ნაკლები ბიუროკტარია, მეტი შემოქმედებითობა და გუნდურობა...“ - ჩხენკელის პირველი სამუშაო დღე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირველ სამუშაო დღეს სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.
მინისტრის თქმით, მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტი განათლება და მეცნიერებაა, ამიტომაც განათლების კომპლექსური რეფორმა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება. შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა კულტურისა და სპორტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელი: „საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო იცნობს მეცნიერებით, კულტურითა და სპორტით. სპორტი პირდაპირ არის დაკავშირებული ახალგაზრდობის საკითხებთან. მასობრივი სპორტი უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის. შესაბამისად, სპორტის ჩართულობა განათლების სისტემაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენთვის პრიორიტეტია. რაც შეეხება კულტურას - საქართველოსთვის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის დარგია და, შესაბამისად, ჩემი პოზიციაა, რომ კულტურის სამინისტრო არსებობდეს ცალკე. ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები.“
თანამშრომლებთან შეხვედრის დროს, მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის სასიხარულოა პროფესიონალ გუნდთან მუშაობა და სურვილი გამოთქვა, რომ სამუშაო პროცესში იქნება ნაკლები ბიუროკტარია, მეტი შემოქმედებითობა და გუნდურობა.