„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
რამდენიმე კერძო სკოლამ განათლების სამინისტროს ახალი სასწავლო წლის დაწყების ვადების გადმოწევის თხოვნით მიმართა
რამდენიმე კერძო სკოლამ განათლების სამინისტროს ახალი სასწავლო წლის დაწყების ვადების გადმოწევის თხოვნით მიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პირველ არხი ავრცელებს.
უწყების განმარტებით, კანონმდებლობით, შესაბამისი დასაბუთებისა და სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში კერძო სკოლებს აქვთ შესაძლებლობა, სწავლის დაწყების ვადები შეცვალონ. ასევე განსაზღვრულია სასკოლო ასაკი: სწავლის დაწყების მომენტისთვის ბავშვს უნდა ჰქონდეს შესრულებული ექვსი წელი.
რაც შეეხება სკოლებს, რომლებიც სწავლის დაწყებას 15 სექტემბრამდე ითხოვენ, როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ სტანდარტების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, რომელთა გამოქვეყნებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. საუბარია უსაფრთხოების რეკომენდაციებზე, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით უნდა დაიცვან.