„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების შედეგები? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.
როგორც ცენტრში აცხადებენ, მონაცემების დამუშავება ჯერ დასრულებული არ არის:
„პროფესიული უნარები წელს უპეცედენტოდ ბევრმა, 20 000-ზე მეტმა აპლიკანტმა ჩააბარა, შესაბამისად, მონაცემების დამუშავება ჯერ დასრულებული არ არის. პროფესიული უნარების შედეგი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება,“ - აღნიშნეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების; ქართულის, როგორც მეორე ენის; უცხოური ენების, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის (VII-XII); ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI); მათემატიკის (I-VI); ბუნებისმეტყველების (I-VI); ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების (I-IV); მათემატიკის (VII-XII), გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.