Baby Bag

„ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელი“ - პედაგოგებისთვის ვებინარი გაიმართება

„ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელი“ - პედაგოგებისთვის ვებინარი გაიმართება
შაბათს 9 მაისს, 12 საათზე შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პედაგოგებისათვის ვებინარი გაიმართება თემაზე: „ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელი“, - ინფორმაციას ​კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ ავრცელებს.
ფონდის ცნობით, ვებინარს მოწვეული ექსპერტები ჩაატარებენ:
  • მანანა ჯინჭარაძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინატორი
  • ვლადიმერ აფხაზავა - 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მსოფლიოს პედაგოგთა საუკეთესო ათეულის წევრი
  • თეა გალახვარიძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი

​ვებინარზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
  • ბულინგი და ძალადობა სკოლაში
  • სტიგმები და სტერეოტიპები
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • ბულინგის პრევენციის ხელშეწყობა
  • უსაფრთხო სკოლის მონიტორინგი
ვებინარი ხორციელდება ფონდი Human Doc-ის მიერ პროექტის „საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მოძალადეთათვის თერაპიული დახმარების გაწევის“ ფარგლებში - პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პოლონური თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.


​ვებინარზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე 
რეგისტრ​აცია

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს იწყებს

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს „ვებსკოლას“ იწყებს. უწყების ცნობით, პროექტი აბიტურიენტებს მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

„პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა https://el.ge/-ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.

ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის 4 მაისიდან იწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს 2 მაისიდან შეეძლება.

რეგისტრაციის მარტივი ფორმა ვებგვერდზე https://el.ge/, ვებინარების ბლოკში უკვე განთავსებულია. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ვებინარის აუდიო ჩანაწერი შეინახება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

გარდა ამისა, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც განიხილება და გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას.

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისა და „ტელესკოლის“ დანერგვის შემდეგ ახალი პროექტი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში გაუწევს დახმარებას.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდა დაევალა. სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები,“ - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვებინარები იხილეთ ბმულზე ➡ https://el.ge/webinars

წაიკითხეთ სრულად