Baby Bag

„ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელი“ - პედაგოგებისთვის ვებინარი გაიმართება

„ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელი“ - პედაგოგებისთვის ვებინარი გაიმართება
შაბათს 9 მაისს, 12 საათზე შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პედაგოგებისათვის ვებინარი გაიმართება თემაზე: „ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელი“, - ინფორმაციას ​კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ ავრცელებს.
ფონდის ცნობით, ვებინარს მოწვეული ექსპერტები ჩაატარებენ:
  • მანანა ჯინჭარაძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინატორი
  • ვლადიმერ აფხაზავა - 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მსოფლიოს პედაგოგთა საუკეთესო ათეულის წევრი
  • თეა გალახვარიძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი

​ვებინარზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
  • ბულინგი და ძალადობა სკოლაში
  • სტიგმები და სტერეოტიპები
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • ბულინგის პრევენციის ხელშეწყობა
  • უსაფრთხო სკოლის მონიტორინგი
ვებინარი ხორციელდება ფონდი Human Doc-ის მიერ პროექტის „საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მოძალადეთათვის თერაპიული დახმარების გაწევის“ ფარგლებში - პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პოლონური თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.


​ვებინარზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე 
რეგისტრ​აცია

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეეძლებათ

მასწავლებლებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეეძლებათ
2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების მონაწილე აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 24 ოქტომბრის 15:00 საათიადან შეეძლებათ ვებგვერდიდან: online.naec.ge.

ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:
  • აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით შედის პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგანი და ა. შ.) იყენებს ღილაკს - „დაბეჭდეთ ბარათი“;
  • მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.

ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. ცენტრი შეახსენებს აპლიკანტებს, რომ მნიშვნელოვანია ყველა მონაწილე დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. სურვილის შემთხვევაში, აპლიკანტს საშუალება აქვს თან იქონიოს გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

წაიკითხეთ სრულად