Baby Bag

მასწავლებლის სახლი საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებისთვის კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებისთვის კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

ბრიტანეთის საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროგრამის „პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე, მასწავლებლის სახელმძღვანელო წიგნის შექმნა და სატრენინგო პროგრამა“ ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის მასწავლებლებს სთავაზობს 1,5 კრედიტიან (22 საკონტაქტო საათი) ტრენინგს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში დანერგონ პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებლები შეძლებენ პროექტების ინტეგრირებას ენის სწავლების პროცესში.

„ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები დაგეგმავენ პროექტს პროექტზე დაფუძნებული სწავლების ძირითადი მახასიათებლებისა და პრინციპების და ასევე კომუნიკაციური მიმართულებების (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) სწავლების თავისებურებების გათვალისწინებით. მონაწილეები შეძლებენ შეარჩიონ ავთენტური შეფასება სასწავლო მიზნების შესაბამისად და გამოიყენონ განმავითარებელი შეფასების ტექნიკა პროექტების შეფასებისას. ასევე, ტრენინგის მონაწილე ინგლისური ენის მასწავლებლები შეარჩევენ კონკრეტულ ონლაინ რესურსებს ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული გზამკვლევიდან და დაგეგმავენ პროექტს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად. დავალებები და აქტივობები მთლიანად მოდის შესაბამისობაში ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოლოგიასა და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან,“ - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ტრენინგი რეკომენდებულია საჯარო და კერძო სკოლის ინგლისური ენის ყველა მოქმედი მასწავლებლისათვის. რეგისტრაცია ეტაპობრივად გამოცხადდება რეგიონების მიხედვით. ამჯერად ტრენინგზე რეგისტრაცია გამოცხადებულია საჩხერის რაიონის მასწავლებლებისთვის. ტრენინგი ჩატარდება ქალაქ საჩხერეში. ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, ავტომატურად გაითიშება 25 ბენეფიციარის დარეგისტრირებისთანავე.

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ ​სარეგისტრაციო ფორმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ესენი თუ არ იცი, წერა-კითხვა არ იცი!“- ალექსანდრე ჯეჯელავა წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარების შესახებ

ტრენერმა, მენეჯმენტის სპეციალისტმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარების შესახებ ისაუბრა:

„წარმატების მისაღწევად საჭირო უნარების 12 ჯგუფია გამოყოფილი. ეს ჯგუფები სამ კატეგორიად არის და ამ სამ კატეგორიაზე ვისაუბრებ. პირველი არის წერა-კითხვის ცოდნა. ადრე ხომ იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. სამ რამეს მიენიჭა მნიშვნელობა, რომ ესენი თუ არ იცი, წერა-კითხვა არ იცი. ეს არის: ტექონოლოგია, ინფორმაციასთან მუშაობა და მედია წიგნიერება. მედიაში თუ ვერ გაერკვევი, რა ხდება, ცუდად არის საქმე. ეს სამი არის წერა-კითხვის კატეგორიაში. თუ პრიორიტეტებზე ვილაპარაკებთ, პირველი ეგ არის. სკოლამ უნდა მოხერხოს, რომ ეს წერა-კითხვის საფეხური უკვე დალაგებული იყოს.

შემდეგი უნარები არის სწავლის უნარები. 5 ჯგუფია, რომელიც უკავშირდება სწავლას. მათ შორის არის კრიტიკული აზროვნება და ისეთი უნარები, რომელიც საშუალებას გაძლევს ახალი რამ ისწავლო. ვთქვათ, ხარ 35 წლის და დაგჭირდა რაღაცის სწავლა, ადვილი არ არის, მაგრამ რაღაც უნარები გჭირდება, რომ ინფორმაცია დაამუშაო. მიზანდასახულობა გჭირდება, სტრესის დროს მუშაობის უნარები გჭირდება.

მესამე კატეგორია არის სოციალური უნარები, იმიტომ, რომ ჩვენ სოციუმში ვართ. მე ყველაფერი რომ ვიცოდე დედამიწის ზურგზე და არ გამომდიოდეს თქვენთან კომუნიკაცია, ნიჭი და ცოდნები ვერ გამოვლინდება. ამ კატეგორიაში არის კიდევ 4 უნარი. მათ შორის არის: გუნდური მუშაობა, ლიდერობა და პასუხისმგებლობა. ეს შენ საშუალებას გაძლევს, რომ ორგანიზაციაში, გუნდში, სამეზობლოში, ოჯახში იყო წარმატებული,“- მოცემულ საკითხზე ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილის შოუ“

წაიკითხეთ სრულად