Baby Bag

5-კრედიტიან ტრენინგებზე რეგისტრაცია დღესაც არ გამოცხადდება

5-კრედიტიან ტრენინგებზე რეგისტრაცია დღესაც არ გამოცხადდება

„5-კრედიტიან ტრენინგებზე რეგისტრაცია დღესაც არ გამოცხადდება,“ - აღნიშნულის შესახებ ​Momsedu.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. მათივე თქმით, ტრენინგებზე რეგისტრაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. თუმცა მასწავლებლის სახლში ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ ჩვენთან ინტერვიუში დააანონსა, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ჩატარდება ხუთკრედიტიანი ტრენინგები, რომლის მეშვეობითაც კრედიტების შევსებასა და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას შეძლებენ.

„პრაქტიკოს პედაგოგს მიეცემა უფლება, 19 კრედიტქულამდე გარე მექანიზმებით შეივსოს და დაადასტუროს კომპეტენცია. რას ნიშნავს გარე მექანიზმები? - 5 კრედიტის ფარგლებში მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, გაიაროს ტრენინგმოდულები და წარმატებით გავლის შემთხვევაში, დააგროვოს 5 კრედიტი. თუ გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, პარალელურად ჩააბაროს და ამით შეივსოს 19 კრედიტქულამდე. გარე მექანიზმებია ტრენინგები და გამოცდა.

დღეს სისტემაში 14 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია, მათგან დაახლოებით 7 000-მდე პედაგოგს არც ერთი გამოცდა არა აქვს ჩაბარებული და შესაბამისად, კომპეტენცია არ აქვს დადასტურებული. 2 000-მდე მასწავლებელს ორივე საგანი ჩაბარებული აქვს, 2 700 მასწავლებელს საგნის გამოცდა აქვს ჩაბარებული, 2 300-ს კი პროფესიული უნარების გამოცდა.

ტრენინგებზე ადგილების რაოდენობა არ იქნება შეზღუდული. პედაგოგებს 3 კრედიტის მოპოვება შეეძლებათ საგნობრივი კომპეტენციის ტრენინგებიდან, 2 კრედიტის - პროფესიული უნარების ტრენინგებიდან. მასწავლებლებს ტრენინგ მოდულების წარმატებით გავლის შემთხვევაში, 1-დან 5-მდე კრედიტის დაგროვების შესაძლებლობა ექნებათ. პედაგოგები მათთვის სასურველი და საჭირო კრედიტქულის შესაბამისი ტრენინგმოდულის შერჩევას შეძლებენ,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით და ზოგადი პროფესიული უნარების ტრენინგებზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.

ტრენინგები განკუთვნილია საჯარო სკოლის მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწენ ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.

ტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის;

რეგისტრაციის ვადა: 2 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

წაიკითხეთ სრულად