Baby Bag

იქნება თუ არა 2020 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე 1, 4, 7 კრედიტქულის მოპოვების შესაძლებლობა

იქნება თუ არა 2020 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე 1, 4, 7 კრედიტქულის მოპოვების შესაძლებლობა

2020 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე 1, 4, 7 კრედიტქულა ისევ რჩება პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ MomsEdu​.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ზაფხულში ჩატარდება. იგი ისეთივე ფორმატისა და შინაარსის იქნება, როგორიც ადრე იყო. 

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ სასწავლო წლის ბოლომდე, ახალი სასწავლო წლის დასაწყისამდე, ყველას, ვისაც აქვს მოტივაცია და შეუძლია კვალიფიკაციის ამაღლება, დავეხმაროთ ამაში. თუ არა და, არის ძალიან დიდი რესურსი და გარე კადრი. როგორც იცით, ახალი პროექტი დავიწყეთ - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა.“ არიან ახალგაზრდა მოტივირებული კადრები. ჩვენი მიზანია, კვალიფიციური, განვითარებზე ორიენტირებული კადრი შევიდეს სკოლებში და მოსწავლეების ხარისხიანი განათლება უზრუნველყონ,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

კითხვაზე, რამდენად სამართლიანია, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს 1, 4, 7 ქულა უღიარდებათ, მაძიებლებს კი 10 კრედიტზე მოეთხოვებათ გამოცდის ჩაბარება, მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა აღნიშნა:

„რაც შეეხება პროფესიაში შესვლის მსურველ პირებს, კანონში წერია, რომ მათ გამოცდა უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული 10 კრედიტქულაზე, ანუ 60%-ზე უნდა დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია. ჩვენ მაძიებლებს გავუმარტივეთ გზა, რომ გარეთ არ დარჩნენ - თან გამოცდა ჩააბარონ, თან გამოცდილება მიიღონ. მაძიებლებს 2 წლის განმავლობაში ჰყავთ ტუტორები, ვინც მათ ამეცადინებს, მეთვალყურეობას უწევს. მაძიებლებს საშუალება აქვთ, საგნის გამოცდა ჩააბარონ, ამასთან, დისტანციურად ვაწვდით პროფესიული უნარების განვითარების კუთხით პრაქტიკულ აქტივობებს. ამის გათვალისწინებით, მათ უნდა შეძლონ 10 კრედიტქულაზე კომპეტენციის დადასტურება. თან ამ ყველაფრის პარალელურად, ისინი ხელფასს იღებენ და მათი სოციალური მდგომარეობაც გათვალისწინებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მაძიებლები არათანაბარ პირობებში არ არიან,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

დღეიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი იწყება. 


ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს - ​grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2021 წლის 18 მარტს დასრულდება.
წაიკითხეთ სრულად