Baby Bag

​„კრედიტქულების დაგროვება ჯერჯერობით არ უქმდება“ - ბერიკა შუკაკიძე „მასწავლებლის რეგულირების წესსა“ და დაგეგმილ სიახლეებზე

​„კრედიტქულების დაგროვება ჯერჯერობით არ უქმდება“ - ბერიკა შუკაკიძე „მასწავლებლის რეგულირების წესსა“ და დაგეგმილ სიახლეებზე

„მასწავლებლის რეგულირების წესი“, რომელიც პედაგოგებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ შესაძლებლობებს მისცემს, შემუშავებულია და განხილვის პროცესს გადის. დოკუმენტი ახალ ფორმატში გააერთიანებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასა და პროფესიაში შესვლის წესს.

როდის ამოქმედდება „მასწავლებლის რეგულირების წესი“, როგორ შეძლებენ პედაგოგები კარიერულ წინსვლას და რა სიახლეებია დაგეგმილი პედაგოგებისათვის 2020 წელს - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ​Moms.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე ესაუბრა.

- ბატონო ბერიკა, როგორც დაანონსეთ, 2020 წლიდან კრედიტქულების დაგროვების არსებულ სისტემას „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ ჩაანაცვლებს. რა იცვლება ამ ახალი წესის მიხედვით და როდის შევა ძალაში?

- კრედიტების სისტემამ რაც დამართა მასწავლებლებს, ყველამ ვნახეთ. მარათონი იყო გამართული და დღემდე გრძელდება. თუმცა, როდესაც რაღაც არ ვარგა, არ ნიშნავს, რომ უნდა გადააგდო. თუ მე 17 კრედიტი უკვე მაქვს დაგროვებული, იმ წესით, რაც აქამდე იყო და ახლა რომ ვთქვათ, ეს წესი არ არის კარგი, არ იქნება სწორი. მასწავლებელს რაც დაავალეს, ის გააკეთა. სქემამ თავისი როლი შეასრულა, უბრალოდ მორალურად გაცვდა. რაღაც პერიოდის შემდეგ „რეგულირების წესიც“ გაცვდება. ახალი იდეები გაჩნდება და ეს არ არის ტრაგედია. „მასწავლებლის რეგულირების წესი“ სქემის სამართალმემკვიდრე იქნება.

რაც შეეხება კრედიტქულების დაგროვებას, ჯერჯერობით არ უქმდება. ახალი რეგულაციებით, აღარ იარსებებს მხოლოდ შიდა მექანიზმებით კრედიტების დაგროვების სისტემა. რას ნიშნავს ეს? - როგორც იცით, სკოლაში არსებობდა შიდა შეფასების ჯგუფი, რომელიც მასწავლებლის მიერ განხორციელებულ შიდა აქტივობებს აფასებდა და ამაში კრედიტებს ანიჭებდა, ეს პროცესი შეწყდება. მასწავლებელს ამ ხნის განმავლობაში დაგროვებული კრედიტქულები შეუნარჩუნდება, არაფერი დაეკარგება. პედაგოგს მიეცემა უფლება, 19 კრედიტქულამდე გარე მექანიზმებით შეივსოს და დაადასტუროს კომპეტენცია. რას ნიშნავს გარე მექანიზმები? - 5 კრედიტის ფარგლებში მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, გაიაროს ტრენინგმოდულები და წარმატებით გავლის შემთხვევაში, დააგროვოს 5 კრედიტი. თუ გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, პარალელურად ჩააბაროს და ამით შეივსოს 19 კრედიტქულამდე. გარე მექანიზმებია ტრენინგები და გამოცდა.

„რეგულირების წესის მიხედვით“, შეიცვლება პროფესიაში შესვლა, შენარჩუნება და დაწინაურება. სტატუსის შეცვლა ცალსახად გამოცდით მოხდება, (ჩატარდება წამყვანი და მენტორი მასწავლებელისთვის საჭირო კომპეტენციების დამადასტურებელი პროფესიული უნარების გამოცდა). გარდა ამისა, დაწინაურებისთვის აუცილებელი იქნება მასწავლებლის საქმიანობის კომპლექსური შეფასება. მასწავლებელმა შეიძლება გამოცდა უმაღლეს ქულაზე ჩააბაროს, თუმცა ეს მაინც არ იყოს საკმარისი დაწინაურებისთვის. სწორედ მასწავლებლის საქმიანობის შეფასება განსაზღვრავს, იმსახურებს თუ არა პედაგოგი მაგალითად, მენტორის სტატუსს. ვფიქრობთ, რომ იქნება 360 გრადუსიანი შეფასება - მასწავლებლის საქმიანობას შევაფასებინებთ მოსწავლეებს, მშობლებს, კოლეგებს... სპექტაკლს ვერავინ დადგამს, ბავშვს შეეტყობა მასწავლებლის შესახებ რომ ისაუბრებს, როგორი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. შეფასდება მასწავლებლის მიერ გაკეთებული პროექტი, ინტეგრირებული გაკვეთილი... შეფასების ბევრი კომპონენტი იქნება.

შენარჩუნების შემთხვევაში, ხარისხის მართვის ჯგუფი დააკვირდება მასწავლებელს, ასრულებს თუ არა თავის მოვალეობას (მოვალეობები ჩამოწერილი იქნება).

დღეს სისტემაში 2 დოკუმენტი არსებობს - ერთი არის მასწავლებლის კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების 241-ე დადგენილება და მეორე - პროფესიაში შესვლის დოკუმენტი, 174/ნ ბრძანება. „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ ამ ორ დოკუმენტს გააერთიანებს. ცვლილებები რაზეც ვისაუბრეთ, არსებულ სქემაში (მასწავლებლის კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების სქემასა და პროფესიაში შესვლის დოკუმენტში) უნდა შევიტანოთ. „მასწავლებლის რეგულირების წესი“ გარდამავალი დებულებაა, რომელიც პედაგოგებს კრედიტების დაგროვების სისტემას ჩაამთავრებინებს. სექტემბერში, როდესაც მასწავლებლებს სტატუსები მიენიჭებათ, აღარ იარსებებს კრედიტები.

„რეგულირების წესი“ შემუშავებულია, პაკეტი უკვე მზადაა, გაგზავნილია სიპებთან განსახილველად. როგორც კი განხილვის ეტაპი დასრულდება, წარვადგენთ მთავრობის სხდომაზე, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევარში.

- მასწავლებლებისთვის ხუთკრედიტიანი ტრენინგები ახსენეთ. ყველა პრაქტიკოსს შეეძლება ტრენინგზე დარეგისტრირება? არის შემთხვევები, როდესაც პედაგოგები ვერ რეგისტრირდებიან მათთვის სასურველ ტრენინგებზე ადგილების შეზღუდულობის გამო. ამ შემთხვევაში რამდენად იქნება გათვალისწინებული ეს ფაქტორი? ასევე საინტერესოა, რა ბედი ელით იმ პედაგოგებს, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, მაგრამ 19 კრედიტი სხვადასხვა აქტივობით აქვთ დაგროვებული?

- როგორც პროფესიული უნარების, ასევე საგნის გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა, რომ მასწავლებელს უფროსის სტატუსი მიენიჭოს. სულ რომ 100 კრედიტქულა ჰქონდეს პედაგოგს, თუ გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, წინსვლას ვერ შეძლებს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სავალდებულოა ორივე გამოცდის ჩაბარება. მინიმუმ 1 კრედიტზე მაინც უნდა დაადასტუროს პედაგოგმა კომპეტენცია.

რაც შეეხება ტრენინგებს, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გვექნება უფასო, ხუთკრედიტიანი სატრენინგო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც კრედიტების შევსებასა და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას შეძლებენ. ადგილების რაოდენობა არ იქნება შეზღუდული.

ტრენინგები განკუთვნილია მათთვის, ვისაც კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ჩაბარებული აქვს და დაგროვებული აქვს 14 კრედიტქულა. ტრენინგზე დარეგისტრირება შეეძლებათ ასევე იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც ჯერ არ გასულან გამოცდაზე.

დღეს სისტემაში 14 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია, მათგან დაახლოებით 7 000-მდე პედაგოგს არც ერთი გამოცდა არა აქვს ჩაბარებული და შესაბამისად, კომპეტენცია არ აქვს დადასტურებული. 2 000-მდე მასწავლებელს ორივე საგანი ჩაბარებული აქვს, 2 700 მასწავლებელს საგნის გამოცდა აქვს ჩაბარებული, 2 300-ს კი პროფესიული უნარების გამოცდა.

ხუთკრედიტიან ტრენინგზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყება. პედაგოგებს 3 კრედიტის მოპოვება შეეძლებათ საგნობრივი კომპეტენციის ტრენინგებიდან, 2 კრედიტის - პროფესიული უნარების ტრენინგებიდან. მასწავლებლებს ტრენინგ მოდულების წარმატებით გავლის შემთხვევაში,  1-დან 5-მდე კრედიტის დაგროვების შესაძლებლობა ექნებათ. პედაგოგები მათთვის სასურველი და საჭირო კრედიტქულის შესაბამისი ტრენინგმოდულის შერჩევას შეძლებენ.

- რაც შეეხება პრაქტიკოსი და პროფესიაში შემსვლელი პედაგოგებისთვის განკუთვნილ კომპეტენციის დადასტურების გამოცდას, რაიმე სიახლე თუ იგეგმება და როდის ჩატარდება?

- უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებელი გამოცდა ზაფხულში ჩატარდება. იგი ისეთივე ფორმატისა და შინაარსის იქნება, როგორიც ადრე იყო. ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდაზე ქულის შენარჩუნებას. წინა სქემის მიხედვით, თუ მასწავლებელი ერთი და იმავე საგანში ორჯერ გავიდოდა გამოცდაზე, ადრინდელი შედეგი უქმდებოდა. ახალი რეგულაციით, თუ მასწავლებელმა მეორედ ჩააბარა გამოცდა, წინა გამოცდის ქულა არ დაეკარგება. პედაგოგს არჩევანის საშუალება მივეცით, რომელ გამოცდაზეც უკეთესი შედეგი ექნება, ის დარჩება.

- საინტერესოა ასევე, ზაფხულში დაგეგმილ გამოცდაზე კვლავ იქნება 1, 4, 7 კრედიტი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის თუ მხოლოდ 10 კრედიტის აღება მოუწევთ როგორც პროფესიაში შესვლის მსურველ პირებს, ისე პრაქტიკოს მასწავლებლებს? მაძიებლები უსამართლობად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს 1, 4, 7 ქულა უღიარდებათ, მათ კი 10 კრედიტზე უნდა ჩააბრონ გამოცდა. თანაბარ პირობებს ითხოვენ. რა პასუხი აქვს ცენტრს მათთვის?

- დავიწყოთ იმით, რომ ზაფხულის გამოცდებზე 1, 4, 7 კრედიტქულა ისევ რჩება პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ სასწავლო წლის ბოლომდე, ახალი სასწავლო წლის დასაწყისამდე, ყველას, ვისაც აქვს მოტივაცია და შეუძლია კვალიფიიკაციის ამაღლება, დავეხმაროთ ამაში. თუ არა და, არის ძალიან დიდი რესურსი და გარე კადრი. როგორც იცით, ახალი პროექტი დავიწყეთ - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა.“ არიან ახალგაზრდა მოტივირებული კადრები. ჩვენი მიზანია, კვალიფიციური, განვითარებზე ორიენტირებული კადრი შევიდეს სკოლებში და მოსწავლეების ხარისხიანი განათლება უზრუნველყონ.

რაც შეეხება პროფესიაში შესვლის მსურველ პირებს, კანონში წერია, რომ მათ გამოცდა უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული 10 კრედიტქულაზე, ანუ 60%-ზე უნდა დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია. ჩვენ მაძიებლებს გავუმარტივეთ გზა, რომ გარეთ არ დარჩნენ - თან გამოცდა ჩააბარონ, თან გამოცდილება მიიღონ. მაძიებლებს 2 წლის განმავლობაში ჰყავთ ტუტორები, ვინც მათ ამეცადინებს, მეთვალყურეობას უწევს. მაძიებლებს საშუალება აქვთ, საგნის გამოცდა ჩააბარონ, ამასთან, დისტანციურად ვაწვდით პროფესიული უნარების განვითარების კუთხით პრაქტიკულ აქტივობებს. ამის გათვალისწინებით, მათ უნდა შეძლონ 10 კრედიტქულაზე კომპეტენციის დადასტურება. თან ამ ყველაფრის პარალელურად, ისინი ხელფასს იღებენ და მათი სოციალური მდგომარეობაც გათვალისწინებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მაძიებლები არათანაბარ პირობებში არ არიან.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლე​ბლების სანდო წყარო“.

- უფროსი და წამყვანი პედაგოგების სტატუსის ცვლილებაზეც რომ ვისაუბროთ. ჩატარდება თუ არა 2020 წელს წამყვანი და მენტორი პედაგოგებისთვის საჭირო კომპეტენციების დამადასტურებელი პროფესიული უნარების გამოცდა?

- გამოცდა, რომელიც განკუთვნილი იქნება წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, წელს ვერ მოესწრება, რადგან უნდა შეიცვალოს მასწავლებლის სტანდარტი. ახალი სტანდარტი შემუშავებულია და განხილვის პროცესშია.

წელს იმ პედაგოგებისთვის, ვისაც წამყვანის სტატუსის მოპოვება სურს, მთელი რიგი პროცესები გვაქვს შემუშავებული. მასწავლებლებს, რომლებსაც 15 კრედიტქულა აქვთ დაგროვებული, მათ შორის, სავალდებულო აქტივობები სრულად აქვთ განხორციელებული (2 სამოდელო გაკვეთილი და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა) და ყველაფერი წარმატებით დაუდასტურათ, გამონაკლისის სახით, სექტემბერიდან დეკემბრის ჩათვლით ეძლევათ გარე დაკვირვების გავლის უფლება, რის შედეგადაც წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ.

რაც შეეხება იმ მასწავლებლებს, ვისაც წელს მიენიჭა უფროსის სტატუსი, მათ ახალი რეგულაციებით მოუწევთ სტატუსის შეცვლა. ჩვენ ვცდილობთ, არც ერთ მასწავლებელს არ დავუკარგოთ შრომა.

- უფროსის სტატუსის მქონე იმ მასწავლებლებს, რომლებიც გარე დაკვირვებაზე დახარვეზებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევების გამო ვერ დარეგისტრირდნენ, გამოსწორების ვადა როდის მიეცემათ და როდის შეძლებენ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციას?

- იმ უფროს მასწავლებლებს, ვისაც პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა დაუხარვეზდათ, (800-მდე კვლევა დახარვეზდა) უკვე შეუძლიათ ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობის დაწყება. გამოიცემა შესაბამისი ბრძანება, სადაც პერიოდი განისაზღვრება, როდის უნდა ატვირთონ კვლევები. ეს იქნება, სავარაუდოდ, აპრილის თვეში (აპრილის თვეში შეეძლებათ ატვირთვა). ვისაც კვლევა დადებითად შეუფასდება, სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ექნება შესაძლებლობა, გაიაროს გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია. ასე, რომ ამ წლის ბოლოს დასრულდება ეს ეტაპი. ჩვენი ამოცანა მასწავლებლების გამოჭერა არ არის. ჩვენ მათ ხარვეზების გამოსწორების შანსი უნდა მივცეთ.

- „მასწავლებლის რეგულირების წესის“ მიხედვით, თუ განიხილება, რომ უფროს მასწავლებელს პირდაპირ მენტორის სტატუსის მოპოვება შეეძლოს?

- ამაზე იყო ადრე საუბარი. თუმცა გამოცდილება, კვლევები, ანალიზი გვაჩვენებს, რომ იერარქიული ზრდა ნამდვილად მნიშვნელოვანია. საფეხურის ჩაგდება არ არის მიზანშეწონილი. მენტორი ისეთი სტატუსი უნდა იყოს, რომ სხვას ასწავლიდეს, მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში ეხმარობოდეს, სკოლის განვითარებაზე ზრუნავდეს… ჩვენი პოზიციაა, რომ მასწავლებლებმა საფეხური არ ჩააგდონ და ეტაპობრივად გადავიდნენ სტატუსიდან სტატუსზე.

- მასწავლებლების ნაწილი, ვისაც კომპეტენცია მაღალ ქულაზე აქვს დადასტურებული, უკმაყოფილებას გამოხატავს იმ პედაგოგების ანაზღაურების მიმართ, ვისაც გამოცდა 1 კრედიტზე აქვს ჩაბარებული. რას ეტყვით ასეთ მასწავლებლებს - რატომ არ არის განსხვავება 10 და 1 კრედიტქულიან მასწავლებელთა ანაზღაურებას შორის?

- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ პედაგოგს, ვინც 1 კრედიტზე აბარებს გამოცდას, ეგრევე არ ენიჭება სტატუსი. მას კრედიტების დასაგროვებლად და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად სხვადასხვა აქტივობის განხორციელება უწევს. ასე რომ, არ არის უსამართლო, როდესაც 1 და 10 კრედიტზე ჩაბარებულ მასწავლებლებს ერთნაირი ანაზღაურება აქვთ.

გარდა ამისა, გეტყვით, რომ „მასწავლებლის რეგულირების წესის“ მიხედვით, 1 და 4 კრედიტზე გამოცდაჩაბარებულ მასწავლებლებს წინსვლის უფლება პირდაპირ არ ენიჭებათ. წამყვანის ან მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად უფროსმა მასწავლებელმა საგნობრივი კომპეტენცია მინიმუმ 7 კრედიტზე უნდა დაადასტუროს (50%-იანი საგნობრივი კომპეტენცია არის წინაპირობა იმისა, რომ მასწავლებელმა დაიწყოს წინსვლაზე ზრუნვა). თუ გამოცდა 1 ან 4 კრედიტზე ჰქონდა ჩაბარებული, გადაბარება მოუწევს. ეს არის წინაპირობა. ამის შემდეგ მან კომპლექსური შეფასება უნდა გაიაროს, რაც გულისხმობს როგორც წამყვანი მასწავლებლისთვის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. სკოლაში მივლენ პირები, რომლებიც დააკვირდებიან მასწავლებლის საგაკვეთილო პროცესს, შეაფასებენ პედაგოგის განხორციელებულ პროექტებს, მის ურთიერთობას კოლეგებთან, მოსწავლეებთან... კმაყოფილების დონე ინტერვიუებისა და გაკვეთილზე დაკვირვების გზით განისაზღვერება. სწორედ ამ გზით გახდება უფროსი მასწავლებელი წამყვანი.

- კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას რომ შევეხოთ. რამდენად სამართლიანია, რომ პრაქტიკოსს მეტი საათი ჰქონდეს და უფროსს ნაკლები, ვისი პრეროგატივაა ამ საკითხის მოწესრიგება?

- ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს. ჩვენ ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა დავიცვათ. როდესაც სკოლაში არსებობს მაღალკვალიფიციური კადრი, რატომ უნდა ჰქონდეს ასეთ მასწავლებელს ნაკლები დატვირთვა და შესაბამისად, ნაკლები ხელფასი?! ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, მასწავლებლის სახლი ვერ გადაუწყვეტს ამა თუ იმ სკოლას საშინაო საკითხს. ჩვენ სკოლებს უნდა დავეხმაროთ მეთოდოლოგიურად, დანარჩენი თვითონ უნდა ისწავლონ. დირექტორმა და მასწავლებელმა ერთად უნდა მოილაპარაკონ მსგავს თემებზე. ნუ ველოდებით, რომ სახელმწიფო გადაგვიწყვეტს, რომელიმე კონკრეტულ სკოლაში დირექტორს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთობას. ამას განათლების სამინისტრო ვერ მოაგვარებს. მშობელმა უნდა მოსთხოვოს მასწავლებელს, დაუსვას მას კითხვა - რატომ სჭირდება მის შვილს დამატებით მომზადება. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ერთმანეთთან თანაცხოვრება. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალ ანაზღაურებს, მშობლებმა კი უნდა მოსთხოვონ მასწავლებლებს, თავიანთ შვილებს შესაბამისი განათლება მისცენ. ეს გამოცდაც და კატეგორიებიც ხომ იმის დადასტურებაა, რომ მასწავლებელი უფრო მეტად ზრუნავს მოსწავლებზე, უფრო მეტი გამოცდილება და კომპეტენცია აქვს. ჩვენ მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა და ინტერესები უნდა დავიცვათ. შეიძლება მენტორზე უკეთესს გაკვეთიილს პრაქტიკოსი ატარებდეს, მაგრამ ეს არის გამონაკლისები.

- დირექტორთა სერტიფიცირების საკითხსაც რომ შევეხოთ. როგორ მოხდება მათი სერტიფიცირება, გამოცდის ჩაბარება მოუწევთ?

- დირექტორების სერტიფიცირება დაეფუძნება ახალ სტანდარტს, რომელიც უკვე მზად არის. სტანდარტი თავად დირექტორებს დავაწერინეთ მათი საჭიროებების გათვალისწინებით.

არსებობენ სერტიფიცირებული დირექტორები, მაგრამ ახლა სტანდარტი შეიცვალა. მათ ძველი დოკუმენტის მიხედვით აქვთ გამოცდა ჩაბარებული და დადასტურებული კომპეტენცია. რადგან სტანდარტი იცვლება, მიდგომაც იცვლება - დირექტორი არამხოლოდ მენეჯერი, არამედ საგანმანათლებლო ლიდერი ხდება. მას სასწავლო პროცესი კარგად უნდა ესმოდეს, გაკვეთილზე მასწავლებელს შესაბამისი რეკომენდაცია უნდა მისცეს, როგორ განავითაროს თავისი საქმიანობა და სამოქმედო გეგმა. ამიტომ მას ახალი ხედვა სჭირდება - რამდენად ესმის სასწავლო პროცესი, რამდენად ჩართულია საქმეში. დირექტორი მასწავლებლის მხარდამჭერი უნდა იყოს და დაეხმაროს პედაგოგს პროფესიულ განვითარებაში. მას ექსპერტის ძალაუფლება უნდა ჰქონდეს. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ყველა დირექტორი გაივლის სერტიფიცირებას. თუ გვინდა ხარისხიანი განათლება, დირექტორი აუცილებლად უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერი. რა თქმა უნდა, ეს მენეჯერის მიმართულების დაკნინებას არ გულისხმობს.

არსებული დირექტორების უმრავლესობას ვადა გასდის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში. გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდება, ერთი იქნება გაზაფხულზე - მარტი-აპრილში, მეორე კი შემოდგომაზე - ოქტომბერი-ნოემბერში. გამოცდის ჩაბარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

დირექტორებს კომპეტენციის დადასტურება სამი მიმართულებით მოუწევთ - კანონმდებლობა, ზოგადი უნარები და პროფესიული ცოდნა (დიდაქტიკა). ვისაც, სურვილი ექნება, მათ მასწავლებლის სახლი ამ საკითხებში გადაამზადებს. გამოცდის შემდეგ დირექტორები გაივლიან გასაუბრებას, რომელსაც განათლების სამინისტრო ჩაატარებს. ეს არ იქნება სტანდარტული გასაუბრება. დირექტორების კომპეტენციების დასადგენად შემუშავდება კონკრეტული ქეისები, რომელთა განხილვაც მოუწევთ დირექტორობის მსურველებს. გასაუბრებაზე არ იქნება ტრაფარეტული კითხვები.

იმ დირექტორების გადამზადებას, ვინც საბოლოოდ სკოლებში წავა, მერეც ვაპირებთ, რომ სისტემა შეიკრას, მჭიდრო კავშირი რომ გვქონდეს მათთან.

სერტიფიცირების პროცესის დაწყება არ ნიშნავს, რომ დირექტორების შეცვლა ეგრევე მოხდება. სერტიფიცირება არის ერთგვარი ბილეთი დირექტორების კონკურსში მონაწილეობისათვის. თუ დირექტორს სერტიფიკატი არ ექნება, ის კონკურსში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

- მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ საჯარო სკოლებში გამოცხადებული ვაკანსიები თვალის ახვევაა, რომ დირექტორებს წინასწარ, ნაცნობობით ჰყავთ არჩეული კადრები…

- როდესაც ვაკანსია ცხადდება, ჩვენ ვხედავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დარეგისტრირდა. ადრე არ იყო ასე. როდესაც სკოლა აცხადებდა ვაკანსიას, ვერ ვგებულობდით, ვინ შეიტანა განცხადება. დირექტორი იტყოდა, რომ მხოლოდ ერთი გამოცხადდა და ის აიყვანა.

​შარშან ვაკანსიების ჩამონათვალში დავამატეთ ახალი ფუნქცია და უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ სკოლაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე დარეგისტრირებული ადამიანები ვნახოთ. ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა არის ის, რომ ადამიანი, ვისაც ეკუთვნის ესა თუ ის სამსახური, დამსახურებულად მიიღოს და არა ნაცნობობით.

ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ ეს არის მერიტოკრატიული საზოგადოება. ბანალურ რამეს ვიტყვი - ყველაფერს აიტანს ადამიანი ჩაგვრის გარდა. მე შეიძლება დაბალი ხელფასი მქონდეს, მაგრამ ჩაგვრას არ გაპატიებ.

როგორც იცით, ზაფხულში ვაკანსიის შესარჩევი გასაუბრება ჩატარდა. მასწავლებლის სახლი მაქსიმალურად იყო ჩართული, რომ სკოლებს ოპტიმალური გადაწყვეტილება მიეღოთ. ჩვენი თანამშრომლები რეგიონებში ვიყავით და ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობდით. ასე იქნება ამ წლის ზაფხულშიც.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „​მასწავლებლე​ბის სანდო წყარო​“.

ავტორები: თამარ შამათავა

ანა ჯოჯუა

შეიძლება დაინტერესდეთ

​კინო სასკოლო რესურსისთვის - რჩევები მასწავლებლებს

​კინო სასკოლო რესურსისთვის - რჩევები მასწავლებლებს

მასწავლებლებს, უპირველესად კი სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გიზიარებთ ფილმებს, რომლებშიც არსებითადაა მოხაზული მოზარდების პრობლემატიკასა და მასთან მჭიდროდ გადაჯაჭვული საყოველთაო მნიშვნელობის მქონე თემების რეფლექსიები. ყველა დასახელებული კინოსურათის პროტაგონისტი ბავშვი ან მოზარდია, შესაბამისად, წინამდებარე ფილმები მასწავლებლებს, როგორც კლასგარეშე დავალებებისთვის გამოგვადგება, ასევე, საკუთრივ საგაკვეთილო პროცესში შეგვიძლია ამა თუ იმ ფილმიდან, განსახილველ თემასთან შესაბამისი მონაკვეთების ჩვენება. გამართული ორიენტირებისთვის ყველა მათგანს მცირე სინოფსისი წავუმძღვარე. ჩამონათვალი ქრონოლოგიური სიზუსტითაა დალაგებული. ამავდროულად, ყველა დასახელებული ფილმი ცალსახად მაღალმხატვრული ღირებულებისაა და თითოეული მათგანი, საკვლევ თემატიკას გამორჩეული შემოქმედებითი პასუხისმგებლობითა და აკადემიური ინტერესით მიემართება.

ჩარლი ჩაპლინი: The Kid - ბავშვი. 1921. ჩარლი ჩაპლინის თვითმყოფადი ენა, რომელიც კომედიის მხატვრული ხერხებით ჟონგლიორობს და მაყურებლის თვალსა და გულს უმცირესს დროში ატყვევებს, კომედიური სიმსუბუქის მიღმა, ამავდროულად უაღრესად პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია და მუდმივად რეფლექსირებს უმნიშვნელოვანეს სოციალურსა და კულტურულ პრობლემატიკაზე. ხსენებული ფილმი, ამერიკაში, დიდი დეპრესიის ჟამს უსახლკარო კაცისა და მიუსაფარი ბავშვის დრამატულ ურთიერთობაზე, სიყვარულის, ემპათიისა და ერთადობის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე მოგვითხრობს (კინემატოგრაფში ასახულ ბავშვ პერსონაჟებზე ნინი შველიძის შესანიშნავ ​ესეს გიზიარებთ). 

ჟან ვიგო: Zero for Conduct - ნული ყოფაქცევისათვის. 1933. კინოსურათი სკოლა-პანსიონის ტიპის დაწესებულებაზე მოგვითხრობს, რომელშიც უმკაცრესი, ავტორიტარული ტიპის დისციპლინა სუფევს. დაუმორჩილებლობის სურვილს ატანილი ბავშვები, გადაწყვეტენ მჩაგვრელ დღის წესრიგს აუჯანყდნენ და ამისთვის, სხვადასხვა ექსპრესიულ წინააღმდეგობის ხერხებს მიმართავენ. ფილმის კინოეკრანებზე გამოსვლამ, კონსერვატიულად განწყობილ გაბატონებულ კლასში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ვიტორიო დე სიკა: Bicycle Thieves - ველოსიპედის ქურდები. 1948. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ველოსიპედის ქურდები ხელოვნების ყველა მოყვარულისათვის აუცილებლად სანახავი ფილმია. ნამუშევარში პროტაგონისტებად იტალიელი მამა-შვილი გვევლინებიან, რომლებზეც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დეპრესიის სიმძიმე, მთელი თავისი სისავსით აღბეჭდილა. ფილმი მრავალშრიანი დრამატურგიული წიაღსვლებით წარმოგვიდგება, ერთი მხრივ, კინოსურათი თვითგადარჩენის გზაზე წამოჭრილ მორალურ დილემებს აღწერს, მეორე მხრივ, ამგვარი მძიმე სოციალური ვითარების ფონზე, მამა-შვილის ამაღელვებელ და სამუდამოდ დასამახსოვრებელ ისტორიაზე მოგვითხრობს.

რობერტო როსელინი: Germany, Year Zero - გერმანია, ნულოვანი წელი. 1948. რობერტო როსელინი, ვიტორიო დე სიკასთან ერთად იტალიური ნეორეალიზმის სულისჩამდგმელია, იტალიელი რეჟისორები გამორჩეული ოსტატობით აღწერენ, ევროპაში, (უმეტესად იტალიაში), მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოვარდნილ უკიდურეს ძნელბედობას, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და მომეტებულ კრიმინოგენურ სიტუაციას. ფილმის 'გერმანია, ნულოვანი წელი' სიუჟეტი გერმანიაში, 12 წლის ედმუნდის გარშემო ტრიალებს, სიდუხჭირეში ჩავარდნილი ოჯახის გამოსაკვებად ბიჭი ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს. ედმუნდის მძიმე ფსიქოსოციალური მდგომარეობა, მორალური დილემები, ბურუსით მოცული მომავალი, თანადროული გერმანული საზოგადოების კოლექტიური განწყობების შუქზე ვლინდება და ნათლად ჩანს, რომ ნაციზმის, უკიდურესი ბოროტების მემკვიდრეობისგან განთავისუფლება მსხვერპლად ახალი თაობის სიცოცხლეს მოითხოვს.

სატიაჯიტ რაი: Pather Panchali - გზის სიმღერა. 1955. 'გზის სიმღერა' დიდი ინდოელი რეჟისორის შესანიშნავი ტრილოგიის პირველი ფილმია. ტრილოგია, ინდოელ ბიჭ, აპუს შესახებ მოგვითხრობს. ხსენებული ფილმი, ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში აპუსა და მისი ოჯახის გარშემო ტრიალებს. კინოსურათში ნათლადაა აღწერილი ინდოეთის მძიმე ეკონომიკური ყოფა, გაუსაძლისი სიღარიბე და უპერსპექტივობა. ამგვარი მძიმე ვითარებისგან გადარჩენის ერთადერთ გზად, თანაგანცდა, ნების ოპტიმიზმი და ბავშვური, უშუალო სიხალასეა წარმოდგენილი. 'გზის სიმღერა' ვიზუალურად მომნუსხველი და ემოციურად ამაღელვებელი ისტორიაა პატარა ბიჭზე, რომელიც დიდ პრობლემებს შესჭიდებია.

ნიკოლას რეი: Rebel Without a Cause - მეამბოხე მიზეზის გარეშე. 1955. შესანიშნავი ფილმი მოზარდების წინააღმდეგობასა და დაბეტონებული კულტურისა თუ გაქვავებული ბურჟუაზიული ეთოსის დამთრგუნველი ბუნების შესახებ. ამასთან, ნამუშევარი კრიტიკულად რეფლექსირებს: მომეტებული მასკულინობისა და თინეიჯერებში მზა სააზროვნო თუ სამოქმედო კოდების შესახებ.

ფრანსუა ტრიუფო: The 400 Blows - 400 დარტყმა. 1959. „400 დარტყმა“ ფრანგული „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ფილმია, რომელიც მოზარდობის სირთულეებზე რეფლექსირებადი უმნიშვნელოვანესი კინოდოკუმენტია. ფილმი, მძაფრი ვიზუალური ექსპრესიულობით მოგვითხრობს მოზარდზე, რომელიც უყურადღებო მშობლებისა და ცივი, გახევებული გარემოს ფონზე, ნაადრევ ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის, მძიმე გარემოული ფაქტორების ნიადაგზე ტოვებს ოჯახს, გარბის სახლიდან, რაც კინემატოგრაფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასასრულის მომასწავებელი ხდება.

მილოშ ფორმანი: Black Peter (Černý Petr) - შავი პიტერი. 1964. ისტორია პიტერზე, რომელიც საცხოვრებელ გარემოში ორმაგი ზეწოლის ქვეშაა მოქცეული; ერთი მხრივ, მას ავტორიტარული მისწრაფებების მქონე მამის ბორკილქვეშ ცხოვრება უწევს, მეორე მხრივ, შემოსაზღვრული ავტონომიურობის პირობებში ცდილობს თვითრეფლექსიას. ფინალურ სცენაში, პეტრეს, ეუბნება მამა, რომ სანამ მას არ ეცოდინება როგორ მოიქცეს, იქამდე იგი გადაწყვეტს მის ნაცვლად, ეს ფრაზა ტოტალიტარიზმის მანიფესტაციას, ცალკეულის ზოგადით, 'დიდი მამის' წესით განკარგვის სურვილს გამოხატავს.

კენ ლოუჩი: Kes - კესი. 1969. კენ ლოუჩის უხვსა და მნიშვნელოვან შემოქმედებაში „კესი“ ალბათ საუკეთესო ფილმია. ნარატივი მოზარდი ბიჭის გარშემო ვითარდება. რომელიც დროდადრო პერიფერიაში არსებულ სრულ უპერსპექტივობასა და ემოციურ გამოთიშულობაში გადაიზრდება. აპათიისაგან ერთადერთ ხსნად, ბიჭს შევარდენის გაწვრთნა ესახება. მოზარდისთვის ფრინველთან ურთიერთობა და ზრუნვა, სულგამყინავი გარმოსგან თვითდაღწევის გარდა, მნიშვნელოვანი ემოციური დატვირთვის მატარებელია.

მიქელანჯელო ანტონიონი: Zabriskie Point - ზაბრისკი პოინტი. 1970. ფილმი მოსწავლეების არა, თუმცა სტუდენტების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 1968 წლის სექსუალური რევოლუციისა და სტუდენტური ჯანყების შესახებ მნიშვნელოვანი კინოდოკუმენტია და ამ კონტექსტში ნამდვილად გამოდგება. გასათვალისწინებელია, რომ ფილმის შუაში დაახლოებით 10 წუთი საკმაოდ ღია სექსუალურ სცენებს ეთმობა, თუმცა, ვფიქრობ, მეათე კლასიდან ამ ფილმის ჩვენება პრობლემას არ წარმოადგენს. ამავდროულად ფილმი რეფლექსირებს ბუნებისა და კულტურის გახლეჩილობაზე, ბატონობის მიერ ინსტრუმენტალიზებულ პოლიციაზე, რომელიც ძალადობრივ, სადამსჯელო მანქანადაა გადაქცეული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფილმის დასასრული (რომელიც ნაწილობრივ გოდართანაცაა გადაძახილი), რომელშიც წინააღმდეგობის უწყვეტობის გამომხატველი, ამქვეყნიური უკეთურების სიმბოლური ნგრევის დასამახსოვრებელი მიზანსცენა თამაშდება.

პიტერ ბოგდანოვიჩი: The Last Picture Show - უკანასკნელი კინოსეანსი. 1971. 'უკანასკნელი კინოსეანსი' ამერიკელი თინეიჯერებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების ამაღელვებელი კინორეფლექსიაა, ფილმი სიღრმისეულ დონეზე იკვლევს ჰუბერტატის პერიოდისთვის ნიშანდობლივ საკითხებსა და მის შიდაარსზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე გარემოულ ფაქტორებს.

პიტერ ბოგდანოვიჩი: Mask – ნიღაბი. 1985. ფილმის ცენტრალური ფიგურა 16 წლის რონი დენისია. ბიჭს უიშვიათესი სასიკვდილო დაავადება სჭირს, რომელიც თავის ძვლების გაუჩერებელ ზრდასა და სახის ძვლების დეფორმაციას იწვევს. კარგი ფილმია, სწორ აქცენტებზე აგებული, ყოველგვარი უტრირებისა და ზედმეტი მოჩუქურთმებების გარეშეა ნაჩვენები; პროტაგონისტის, ოჯახის წევრებსა თუ უცხო ადამიანებთან ურთიერთობა. აქცენტირებულია მშობლებისა და ოჯახის (ამ შემთხვევაში, დედა, ბაბუა, ბებია და დედის მეგობარი 'ბაიკერები') მნიშვნელობა - დაავადების თანმხვედრ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებისას.

ვიმ ვენდერსი: Alice in the Cities - ალისეა ქალაქებში. 1974. ჟურნალისტისა და მასთან შემთხვევით შემხვედრი ბავშვის მოგზაურობა, ფილმი, ყოველგვარი ზედმეტი ემოციური და ვიზუალური ხრიკების გარეშე, მინიმალისტური გამოსახვის ფორმებით გვიყვება ძალიან საინტერესო ამბავს, ჟურნალისტზე, ვისთვისაც უცხო ბავშვთან თანყოფნა და ურთიერთზრუნვა, თვითრეფლექსიის მნიშვნელოვან ფუნქციას კისრულობს და ალისეაზე, რომლისთვისაც უფროსი მეგობრის შეძენა ეგზისტენციალური მნიშვნელობის მატარებელია. დაბოლოს, ფილმი ეჭვქვეშ აყენებს ურთიერთობებზე 'ეიჯისტურ' მზერას, რის მიხედვითაც მეგობრობის დროს გარკვეული ასაკობრივი სხვაობა სოციალურ დევიაციად განიხილება.

ჯონ ჰიუზი The Breakfast Club - კლუბი საუზმე. 1985. ძალიან სახალისო ისტორია ხუთ განსხვავებულ, სკოლაში არასასწავლო საათებში დასჯილ მოზარდზე. კომედიური ელემენტებით ნაკვები კინოსურათი განსხვავებების მიღმა მყოფ მსგავსებებს აღწერს და მეგობრობისას ვიზუალური სხვაობების მეასეხარისხოვნებაზე მიუთითებს. ამავდროულად, ფილმი 80-იანი წლების ამერიკელ თინეიჯერებზე დაკვირვებისა და შესწავლის კარგი საშუალებაა. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ამავე ავტორის ნამუშევარი: Sixteen Candles.

რობ რაინერი Stand by Me - დარჩი ჩემთან. 1986. მოზარდების მეგობრობის შესახებ: ძალიან სასიამოვნო და ჩამთრევი სათავგადასავლო ფილმია. კინოსურათში, გარდაცვლილი მეგობრის საძებნელად პროტაგონისტთან ერთად ორი მეგობარი მიემართება. სტივენ კინგის ნოველაზე დაფუძნებული ამბავი ბავშვობის სირთულეებზე, მშობლებთან დაპირისპირებულობასა და ბავშვობაში განცდილი საფუძველმდებარე განცდების მნიშვნელობაზე მოგვითხრობს.

ლუი მალი: Au revoir les enfants - მშვიდობით ბავშვებო. 1987. კინონამუშევარი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ერთ-ერთ კათოლიკურ კოლეჯში ებრაელი და ფრანგი ბავშვის მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი მორალური დილემების, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ემპათიის მნიშვნელობაზე გადაღებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინოსურათია.

ტეო ანგელოპულოსი Landscape in the Mist - პეიზაჟი ნისლში. 1988. დიდებული ფილმი მოზარდი გოგონასა და მისი პატარა ძმის შესახებ. ემოციურად ძალიან მძიმე ელემენტების შემცველი კინოსურათი, რომელიც კინემატოგრაფიული ესთეტიკის მწვერვალზე იმყოფება და სოციალური მნიშვნელობის მხრივ, განუმეორებელი ნამუშევარია. „ერთგვარი ბავშვური ოდისეა, სადაც ბერძენი ავტორის პოეტური შესაძლებლობები ჰომეროსის შესაძლებლობებს უტოლდება“ (გიორგი ჯავახიშვილი). ძალიან ამაღელვებელია ობოლი და-ძმის ისტორია, რომლებიც დაკარგულ მამას ეძებენ, გზად კი უამრავ ხიფათს აწყდებიან. გარდა ბიოგრაფიული განზომილებისა, ამავდროულად, დაკარგული მამის ძიება ზედმიწევნით სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია.

ისაო ტაკაჰატა: Grave of the Fireflies - ციცინათელების სასაფლაო, 1988. ანიმე მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში მიმდინარე მძიმე სოციალურ ვითარებაზე მოგვითხრობს, სიუჟეტი ობლად დარჩენილი და-ძმის გარშემო ტრიალებს. ძალიან მძიმე ისტორიაა, რომელიც მუდმივად აქცენტირებს თანაგრძნობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ამგვარი ძნელბედობის ჟამს.

პიტერ უირი: Dead Poets Society - მკვდარი პოეტების საზოგადოება. 1989. შეუძლებელია ფილმს 'მკვდარი პოეტების საზოგადოება' უყურო და სამუდამოდ არ დაგამახსოვრდეს ჯონ კიტინგი, პურიტანული კოლეჯის გამორჩეულად ქარიზმატული მასწავლებელი. სიუჟეტური ქარგა ბიჭებისთვის განკუთვნილ კონსერვატიული ტიპის სასწავლებელში მიმდინარეობს, რომელშიც ქცევისა და სწავლის სემანტიკა მკაცრად იერარქიულსა და ეჭვშეუვალ დოგმატიკაზე ფუძნდება. კიტინგი, მოსწავლეებს: დაბეტონებული, ინდოქტრინაციის ელფერგადაკრული განათლების მიცემის ნაცვლად, აქ და ახლა, შემოქმედებითი აზროვნებისა და ძირეული სურვილების ერთგულებისაკენ უბიძგებს. ლათინური აფორიზმი 'Carpe diem' ფილმის ლაიტმოტივია და კაპიტალისტურ, ავტომატიზებულ სიცოცხლეში 'თამაშის ხელოვნების' გადამრჩენელ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

რიჩარდ ლინქლეიტერი: Dazed and Confსused. 1993. საკმაოდ კარგი ფილმია, რომელიც 70-80იანი წლების ამერიკელ მაღალკლასელებზე მოგვითხრობს, ჰიპებსა და მსგავს თემატიკაზე მიმართულ გაკვეთილებში გამოსადეგი კინოსურათია.

რიჩარდ ლინქლეიტერი: Boyhood – ბავშვობა. 2014. ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა (ფილმს 12 წელი იღებდნენ და მსახიობიც მისსავე განსახიერებულ პერსონაჟთან ერთად იზრდებოდა) და პროტაგონისტთა ასაკობრივ ზრდას კინემატოგრაფზე ასახავდა. ფილმი ორგანულად იკვლევს თინეიჯერულ გამოწვევებსა და ბავშვების ცხოვრებაზე ემოციური თუ ფიზიკური ფაქტორების ცვალებადობის გარდამტეხ მნიშვნელობას.

ძმები დარდენები: Rosetta – როზეტა. 1999. სოციალური კინოს მნიშვნელოვანი ნიმუში 17 წლის მოზარდ გოგოზე, რომელიც მძიმე სოციალურ წნეხს სხვადასხვა გზებით ებრძვის. პროტაგონისტზე მუდმივად მიპყრობილი კამერა, მაყურებლებს ამაღელვებელი ისტორიის თანაზიარად გვამყოფებს.

ძმები დარდენები: The Kid with a Bike - ბიჭი ველოსიპედით. 2011. მოკლედ რომ ვთქვათ, ულამაზესი და ემოციურად დახუნძლული ფილმი, უსახლკარო მოზარდ ბიჭსა და მასზე მზრუნველი, უცნობი ზრდასრული ქალის შესახებ. მნიშვნელოვანი სოციალური ხაზგასმებით; მამისაგან მიტოვებული ბავშვისა და ქურდობის, როგორც ტოტალური უპერსპექტივობის ალტერნატივის შესახებ.

ჰაიაო მიაძაკი: Nausicaä of the Valley of the Wind - ნაუსიკა ქარების ველიდან. 1984. ძალიან კარგი, მაგიური ნამუშევარი, გლობალურ დათბობაზე, მის თანმდევ ეკოლოგიურ კატასტროფებსა და ცხოველებთან მის თანადროულ მოპყრობაზე. თანაც, ბავშვებისთვის მარტივი და სასიამოვნო საყურებელია.

ჰაიაო მიაძაკი: Princess Mononoke - პრინცესა მონონოკე. 1997. ფილმი მოხერხებული და სიღრმისეული მეტაფორაა - ბუნების უკიდეგანო დამორჩილებასა და მის თანხმლებ მანკიერ გამოცდილებებზე. ერთი მხრივ, რეჟისორი გვატყობინებს, რომ ბუნების რესურსების გამოყენება სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობაა, მეორე მხრივ კი, ბუნების აღრიცხვა–დამორჩილებისას მასთან ზომიერი მოპყრობის აუცილებლობაზე მიგვითითებს.

ჰაიაო მიაძაკი: Spirited Away. 2001. სულ ცოტა ხნის წინ დავრწმუნდი, რომ კარგი ანიმე სრულყოფილი კინემატოგრაფიული ღირსების მატარებელია. ჰაიაო მიაძაკი კი ნამდვილი ოსტატი და ჟანრის ავანგარდში მყოფი ფიგურაა. ეს მართლაც ლეგენდარული ფილმი სიღრმისეულად იკვლევს ყოფიერების უმნიშვნელოვანესს შრეებს. კინოსურათში მომხმარებლობის, სამყაროსა და ბუნებასთან მიმართების საკითხები, ბავშვების თვალთახედვითა და მათთან ძირეულ მიმართებაშია განხილული.

გას ვან სენტი: Elephant – სპილო. 2003. გას ვან სენტის სპილო მნიშვნელოვანი ფილმია, სკოლებში ე.წ. 'შუთინგის' პრობლემის ანალიზისათვის (გას ვან სენტის სპილოზე იხილეთ ლევან აბდუშელიშვილის საინტერესო ​რეცენზია)

შონ ბეიკერი: The Florida Project - პროექტი ფლორიდა. 2017. საკმაოდ ძლიერი ფილმია ამერიკაში ჩაგრული სოციალური კლასისა და მის გარშემო მიმდინარე მძიმე სოციო-ეკონომიკური პერიპეტიების შესახებ. მოქმედება მცირეწლოვანი ბავშვების გარშემო ტრიალებს, მათი საკმაოდ მძიმე ყოველდღიურობა; გართობის, ნაყინის ბავშვური რიტუალურობით მირთმევისა და სხვა ვიზუალურად დასამახსოვრებელი დეტალების მეშვეობით მსუბუქდება. იაფფასიანი მოტელის გარშემო განვითარებული ისტორია სადა და უტყუარი სახითაა აღწერილი. 'პროექტი ფლორიდა' ბავშვების ოცნებებისა და მასთან დაპირისპირებული მტკივნეული რეალობის შესანიშნავი კინორეფლექსიაა. ბავშვების პერსპექტივით დანახული რეალობის ფონზე, ხელის გულზე იშლება ამერიკული სახელმწიფოსაგან მივიწყებული, მარგინალიზებული კლასი, რომელიც გადარჩენის ყოველწამიერ ჯაფაშია ჩართული. დასასრულიც სიმბოლური და ორაზროვანია, ერთი მხრივ, ეკლიანი რეალობისგან გაქცევა წრფელი მეგობრობის შუქზე ილანდება, მეორე მხრივ, გაქცევის ვექტორები დისნეილენდის, როგორც 'ამერიკული ოცნების' – იდეოლოგიური ხაფანგის გამომსახველ, ფაქტობრივი ძეგლისკენაა მიმართული.

და ბოლოს, მოსწავლეებთან საკომუნიკაციო ენის გაშუალება-გაბუნებრივებისთვის, ყველას გამოგვადგება ის ფილმები თუ სერიალები, რომლებსაც მოზარდები ხშირად უყურებენ. მაგ: Toy Story, Harry Potter, E.T. the Extra-Terrestri (თუმცა, ეს აღარც იმდენად). სერიალები: Stranger Things, Sex Education, The End of the F***ing World. ასევე, მარველისა და დისის კომიქსების კინოეკრანიზაციები. ხსენებული პოპულარული პროექტების ყურებით, გარდა მისი მაყურებელი ბავშვების ინტერესებისა და გემოვნების გაცნობისა, ამავდროულად ვეცნობით: იმ სააზროვნო და კულტურულ კოდებს, რომლებიც ახალი (მილენიალების შემდგომი თაობების) თაობის რაღაცაგვარ ფორმირებაში მონაწილეობენ. 

ავტორი: ავთანდილ ძამაშვილი 
წაიკითხეთ სრულად