Baby Bag

ქართველი პედაგოგებისათვის ტრენერთა ტრენინგები ჩატარდა

ქართველი პედაგოგებისათვის ტრენერთა ტრენინგები ჩატარდა

13-17 იანვარს ბრიტანელმა ექსპერტმა და ტრენერმა, ქრის ქელიმ, ქართველი პედაგოგებისათვის ჩაატარა ტრენერთა ტრენინგები, რომელიც სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დასრულდა.

პროექტი სახელწოდებით „სწავლება წარმატებისთვის, პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა“ ბრიტანეთის საბჭოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით 2019 წლის სექტემბერიდან ხორციელდება.

პროექტის მიზანია თემატური სწავლებისა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა ზოგად განათლებაში შინაარსისა და ენის ინტეგრირებული სწავლების (CLIL) მეთოდოლოგიის გამოყენებით.

პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების ინგლისური ენის კომპეტენციების გაუმჯობესებას, მათ ინფორმირებულობას გლობალურ საკითხებზე და ახალგაზრდებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. მასწავლებლებს კი ექნებათ წვდომა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე და შეძლებენ გააუმჯობესონ ინგლისურის სწავლა-სწავლების ხარისხი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,სკოლა ვალდებული იქნება, შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები''

,,სკოლა ვალდებული იქნება, შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები''

სკოლა ვალდებული იქნება, სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები. კანონში შესატანი ცვლილების ინიცირება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხორციელდა.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს.

„კოვიდ19-მა დაგვანახა, რომ ეს აქტუალური საკითხია და სწორად, კომპლექსურად უნდა იყოს გადაჭრილი. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის სტანდარტის შემუშავების პროცესი“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

ცვლილება შედის მოქმედი კანონის თვითონ 26-ე მუხლში, როლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესს.

„კანონპროექტით, 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება“, - აღნიშნა გენადი მარგველაშვილმა.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

წაიკითხეთ სრულად