Baby Bag

2515 მასწავლებელს საათობრივი ანაზღაურება ეზრდება

2515 მასწავლებელს საათობრივი ანაზღაურება ეზრდება

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების 2515 მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება.

პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა განათლების ხარისხის გაუმჯობესება. რეფორმის ფარგლებში პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება ჯერ კიდევ 2019 წელს 11 ლარამდე გაეზარდა, ხოლო ამჟამინდელი ცვლილების შედეგად მასწავლებლის ერთი საათის ანაზღაურება (საბაზო) განისაზღვრება 15 ლარის ოდენობით. აღნიშნული ზრდა 2020 წლის იანვრიდან შეეხება ყველა მასწავლებელს, რომელიც დასაქმებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებაში (კოლეჯი, უნივერსიტეტი, სკოლა) ან იმ კერძო სასწავლებელში, სადაც ირიცხებიან პროფესიული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებით. ეს ცვლილება პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორიდან, წარმოებიდან პროფესიონალი კადრების მოზიდვის საშუალებას იძლევა.

მასწავლებელთა თვიური ანაზღაურება დამოკიდებულია საათობრივ დატვირთვაზე. მათი საშუალო თვიური ანაზღაურება, სრული დატვირთვის შემთხვევაში ამჟამად შეადგენს 1300 ლარს, ხოლო ზრდის შემთხვევაში ის მიაღწევს დაახლოებით 1800 ლარს.

აღსანიშნავია ასევე, რომ სამინისტრო, დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ დაფინანსებით, მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობს, „პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ახალი მოდელის“ შექმნაზე, რაც იქნება საფუძველი იმისა, რომ მასწავლებელთა ანაზღაურების შემდგომი ზრდა, განპირობებული იქნება სწორედ აღნიშნული მოდელის ფარგლებში მასწავლებელთა კვალიფიკაციით, გამოცდილებითა და პედაგოგიური მიღწევებით. ახალი მოდელის დანერგვა დაგეგმილია 2020 წლის ბოლოს.

ბოლო წლებში, დამსაქმებლების ჩართულობით, მომზადდა/გადამუშავდა 100-მდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. ახალი პროგრამები ხელს უწყობს კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების უზრუნველყოფას და დაფუძნებულია სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, როგორც კოლეჯში ასევე საწარმოში, რეალურ სამუშაო გარემოში.

აღნიშნული მიდგომის რეალიზაციისათვის, პროფესიული განათლების მასწავლებელი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და განსაკუთრებით მოთხოვნადია სწორედ პრაქტიკოსი სპეციალისტების ჩართულობის სტიმულირება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დაინერგა ახალი მოდულური პროგრამები, რომელიც თავისთავად გულისხმობს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც პროფესიული განათლების მასწავლებელთა მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს.

რეფორმის პარალელურად აქტიურად დაიწყო პროფესიული განათლების მასწავლებელთა შესაძლებლობების გაუმჯობესება სხვადსხვა მიმართულებით. ბოლო წლებში მასწავლებლები გადამზადდნენ პედაგოგიური უნარების, სტუდენტთა შეფასების ახალი მიდგომების, ინკლუზიური სწავლების მიმართულებით; ასევე სპეცილურ ტრენინგები ჩატარდა, რეალურ სამუშაო გარემოში.

2013 წლიდან დღემდე პროფესიული განათლების განვითარებისთვის სახელმწიფომ ჯამში 300 მილიონზე მეტი გამოყო.

შეიძლება დაინტერესდეთ

დღეიდან მანდატურები საქართველოს რეგიონებში კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება

დღეიდან მანდატურები საქართველოს რეგიონებში კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება

დღეიდან მანდატურები 7 რეგიონის: აჭარის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, დამატებით 27 საჯარო სკოლაშიც იქნებიან წარმოდგენილი. ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ​ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სასკოლო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონულ ცენტრებს აძლიერებს.

მანდატურის სამსახურის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახლადდანიშნულმა მანდატურებმა, უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, შსს-ს აკადემიაში ორთვიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ისინი ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებს დაეუფლნენ და ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები შეისწავლეს.

ახალი მანდატურები საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ და მისმა მოადგილეებმა წარადგინეს.

დღეისთვის, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე წარმოდგენილია 485 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 70 პროცენტზე მეტი სწავლობს. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით, 233 საჯარო სკოლა ისარგებლებს.

წაიკითხეთ სრულად