Baby Bag

10 საუკეთესო საახალწლო საჩუქარი მასწავლებლებისთვის

10 საუკეთესო საახალწლო საჩუქარი მასწავლებლებისთვის
საახალწლო პერიოდი საკმაოდ დატვირთული და დამღლელია. ადამიანებს ძალიან ბევრი აქტივობის დაგეგმვა და ორგანიზება უწევთ. ისინი გულმოდგინედ არჩევენ საჩუქრებს ახლობლებისა და მეგობრებისთვის. მშობლები ცდილობენ შვილების პედაგოგები საინტერესო და ორიგინალური საახალწლო საჩუქრებით გაანებივრონ. მასწავლებლის ღვაწლი და შრომა ხშირად სათანადოდ ვერ ფასდება. დღესასწაულზე თქვენ საშუალება გეძლევათ თქვენი შვილების აღმზრდელებს ბავშვებზე ყოველდღიური ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადოთ. თუმცა მასწავლებლისთვის საჩუქრის სწორად შერჩევა არც ისე მარტივია.
კვლევებით დგინდება, რომ მასწავლებლებს არაორდინალური საჩუქრების მიღება ხიბლავთ. მათ ძალიან უყვართ ხელნაკეთი ნივთები, რომლებშიც ადამიანები მთელ გულსა და ძალისხმევას დებენ. აუცილებელი სულაც არ არის, რომ მასწავლებლისთვის მომზადებული საჩუქარი ძალიან ძვირადღირებული იყოს. პედაგოგებს უხარიათ, თუ მათთვის საჩუქარს მოსწავლე თავისი ხელით ამზადებს. მასწავლებლების ნაწილს არ უყვარს, როდესაც საჩუქრად საკვებს იღებს. ადამიანებს განსხვავებული გემოვნება აქვთ, ზოგიერთი მათგანი ჯანსაღად იკვებება, ზოგიერთი დიეტაზეა, ზოგს კი სწრაფი კვების პროდუქტები იზიდავს. შესაბამისად, საკვების ჩუქებისას, შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ და მასწავლებელს ისეთი პროდუქტი აჩუქოთ, რომელიც მას არ უყვარს ან არ სჭირდება.
მასწავლებელთა უდიდეს ნაწილს უყვარს პრაქტიკული დანიშნულების საგნების საჩუქრად მიღება. მათ ისეთი ნივთები ახარებთ, რომლებსაც საგაკვეთილო პროცესში წარმატებით გამოიყენებენ. მსგავსი საჩუქრის შეძენაზე მთელმა კლასმა ერთობლივად უნდა იზრუნოს, რადგან მათ უკეთ იციან, რა სახის ნივთი ესაჭიროება ამა თუ იმ მასწავლებელს საკლასო ოთახში.

​ჩვენს სტატიაში იმ საჩუქრების ნუსხას შემოგთავაზებთ, რომელთა მიღება ნებისმიერი პედაგოგისთვის სასიხარულო იქნება. თუმცა, მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ძღვენი მშობლის მიერ ნათქვამი კომპლიმენტია. თუ პედაგოგის გახარება და გაბედნიერება გსურთ, მას აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ის თქვენი შვილისთვის აკეთებს. ამაზე უკეთეს საჩუქარს მასწავლებლისთვის ვერ შეარჩევთ.
• მრავალენოვანი ლექსიკონი
მასწავლებლებს, რომლებსაც მოგზაურობა იზიდავთ, ლექსიკონის საჩუქრად მიღება ძალიან გაუხარდებათ. არსებობს სპეციალური ელექტრონული ლექსიკონები და მოწყობილობები, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისას ძალიან გამოსადეგია. მსგავსი ლექსიკონების დახმარებით მოგზაურებს კომუნიკაცია უადვილდებათ.
• მექანიკური ტაიმერი
კარგი ტაიმერი ნებისმიერ მასწავლებელს სჭირდება. საგაკვეთილო პროცესში დროის სწორად გადანაწილება და მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია. გაკვეთილის ცალკეულ ეტაპებად დაყოფისთვის დროის ათვლა აუცილებლად გჭირდებათ. საჩუქრად ისეთი ტაიმერი შეარჩიეთ, რომელსაც უკანა მხარეს მაგნიტი აქვს მიმაგრებული, რათა მასწავლებლისთვის მისი გამოყენება და ტარება კომფორტული იყოს. გარდა ამისა, უმჯობესია, თუ ტაიმერს შემაწუხებელი ან ძალიან მაღალი ხმა არ ექნება, რათა საგაკვეთილო პროცესი არ ჩაშალოს.
• ხელნაკეთი საახალწლო ორნამენტები
ხელნაკეთი საახალწლო ორნამენტების დამზადება თქვენს შვილთან ერთად თავადაც შეგიძლიათ. ინტერნეტში უამრავი ვიდეომასალაა, რომელიც საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ და ორნამენტების დამზადებასაც გასწავლით.
• ყავის აპარატი
მასწავლებლებს სემესტრის ბოლოს ერთი ჭიქა ღვინის მირთმევის სურვილი ნამდვილად აქვთ, თუმცა ყოველდღიურად ისინი უპირატესობას ყავას ანიჭებენ. ენერგიის მოსამატებლად და დაღლილობასთან გასამკლავებლად პედაგოგები კოფეინს აქტიურად ეტანებიან. თუ იცით, რომ თქვენი შვილის მასწავლებელს ყავა ძალიან უყვარს, სხვა მშობლებიც აიყოლიეთ და მისთვის მცირე ზომის ყავის აპარატი შეიძინეთ. თუ საჩუქრის ჩუქებას დამოუკიდებლად გეგმავთ, შეგიძლიათ, უპირატესობა სხვადასხვა სახეობის ყავით სავსე კალათს მიანიჭოთ. საყვარელ მასწავლებელს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან გააბედნიერებთ.
• თერმოსი ჩაის მოყვარულებისთვის
საჩუქრის გარეშე არც ჩაის მოყვარული მასწავლებელი უნდა დარჩეს. თუ თქვენს ფავორიტ პედაგოგს ჩაი უყვარს, მისთვის ხარისხიანი თერმოსი შეიძინეთ, რომელიც სასმელს ტემპერატურას ხანგრძლივად უნარჩუნებს. აღნიშნული საჩუქარი ყავის მოყვარულ მასწავლებლებსაც ძალიან გაახარებთ.
• ბლოკნოტი
მასწავლებლები საკანცელარიო ნივთებს საჩუქრის სახით ხშირად იღებენ. პედაგოგები ყოველდღიურად გეგმავენ გაკვეთილებს, აკეთებენ ჩანაწერებს, ინიშნავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. მასწავლებლისთვის გამორჩეული დიზაინის ბლოკნოტის ჩუქება ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ეცადეთ, ისეთი ბლოკნოტი შეარჩიოთ, რომელშიც ძალიან ბევრი განყოფილებაა, რათა პედაგოგმა მისთვის სასურველი ინფორმაციის შენახვა და ჩანიშვნა მარტივად შეძლოს.
• მცირე ზომის დინამიკები
მასწავლებლებს დინამიკის საჩუქრად მიღება ძალიან ახარებთ. საგაკვეთილო პროცესში დინამიკის გამოყენებას პედაგოგები ხშირად ვერ ახერხებენ, რადგან მძიმე წონიანი ნივთის ტარება უჭირთ. თანამედროვე, მინიატურული დინამიკები აღნიშნულ პრობლემას მარტივად აგვარებს. Bluetooth-ის დახმარებით მსგავსი ტიპის დინამიკი ნებისმიერი ტიპის ხმოვან შეტყობინებას კლასში მარტივად ავრცელებს, რაც მთავარია, მას მაღალი ჟღერადობა აქვს.
• ორიგინალურად მოხატული წინდები
საჩუქრის ხელმისაწვდომ ფასში შეძენა თუ გსურთ, შეგიძლიათ მასწავლებელს ორიგინალური დიზაინით გაფორმებული წინდები აჩუქოთ. ეცადეთ, საჩუქარმა თქვენი საყვარელი პედაგოგი პოზიტიურ და მხიარულ განწყობაზე დააყენოს.
• სხეულისა და კანის მოვლის საშუალებები
სხეულისა და კანის მოვლის საშუალებების შეძენისას თანხების დაზოგვა არ ღირს. თუ მასწავლებელს მსგავსი ტიპის საჩუქარს ჩუქნით, ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იაფფასიანი პროდუქტი ხშირ შემთხვევაში კანს სერიოზულად აზიანებს ან ალერგიულ რეაქციებს იწვევს. ეცადეთ, ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული თავის მოვლის საშუალებები შეიძინოთ.
• არომატული მარილი

ძვირფასი საჩუქრის საყიდლად თანხა თუ არ გყოფნით, საყვარელი პედაგოგი მარტივი და ჯანსაღი ძღვენით გაანებივრეთ. სხვადასხვა მცენარეული არომატით გამდიდრებული მარილი სახალისო და ამავე დროს სასიამოვნო საჩუქარია. რაც მთავარია, ის ალერგიულ რეაქციებს არ იწვევს და აბსოლუტურად ჯანსაღია.

მომზადებულია ​parents.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

ონლაინ კონსულტაციებზე, რომლებიც გამოცდის 10 კრედიტზე ჩაბარებაში დაგეხმარებათ, რეგისტრაცია სრულდება - მასწავლებელთა გამოცდები 2020

ონლაინ კონსულტაციებზე, რომლებიც გამოცდის 10 კრედიტზე ჩაბარებაში დაგეხმარებათ, რეგისტრაცია სრულდება - მასწავლებელთა გამოცდები 2020
მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც გამოცდაზე 22 ივლისიდან გადიან, პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლის სახლის ტრენერებთან კონსულტაციების გავლას სთავაზობს.

„მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც გამოცდაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის წინასაგამოცდო ონლაინ კონსულტაციები გაიარონ. სწორედ ეს ტრენინგი დაეხმარებათ მასწავლებლებს, გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარონ. ტრენინგს ატარებენ მასწავლებლის სახლის ტრენერები, რომელთა ნაწილიც თავად ასწორებს ამ გამოცდას,“ - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.

მათი ინფორმაციით, ტრენინგი მოიცავს 3 სესიას. თითოეული მათგანის ხანგრძლივობაა 2 საათი. კურსის დასაწყისში მასწავლებლებს ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები მიეწოდებათ.

ტრენინგებზე რეგისტრაცია 15 ივლისს დასრულდება (ადგილები შეზღუდულია), კონსულტაციები ჩატარდება 16, 17 და 18 ივლისს.

კონსულტაციები მიმდინარეობს შემდეგ საგნებში:

  • დაწყებითი I-IV კომბინირებული
  • მათემატიკა I-VI
  • მათემატიკა - VII-XII
სრული კურსის ღირებულებაა 50 ლარი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულ​ს​
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ​პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.

R.

წაიკითხეთ სრულად