Baby Bag

რატომ უნდა გახდე მასწავლებელი – 13 მიზეზი გიორგი ჭაუჭიძისგან

რატომ უნდა გახდე მასწავლებელი – 13 მიზეზი გიორგი ჭაუჭიძისგან

განათლების კოალიციის ორგანიზებით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულმა, გიორგი ჭაუჭიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ​„რატომ უნდა გახდე მასწავლებელი”. გიორგიმ მსმენელს 13 მიზეზი დაუსახელა, რატომ უნდა გახდე მასწავლებელი და თან განმარტა, რომ მის მიერ შემოთავაზებული მიზეზები პრიორიტეტულობის მიხედვით არ არის დალაგებული, თუმცა, გარკვეული ლოგიკური თანმიმდევრობის დანახვა მაინც შესაძლებელია.



მიზეზი 1 – დღეს მეტად დაფასებულია და კიდევ უფრო დაფასდება!

როდესაც ახალგაზრდა პროფესიის არჩევანს აკეთებს, პირველ რიგში, იმაზე ფიქრობს, თუ რამდენად აინტერესებს, უყვარს, მოსწონს და სურს ამ მიმართულებით მუშაობა. თუმცა, ინტერესის გარდა, აქვე არის ჩასაფრებული კიდევ ერთი კრიტერიუმი – რამდენად სასარგებლო იქნება ეს პროფესია მისთვის, მაგალითად, მატერიალური თვალსაზრისით, მოუტანს თუ არა ისეთ შემოსავალს, რომლის გამოც, ღირს ისწავლოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ან რამდენად პერსპექტიულია დასაქმების თვალსაზრისით, მოუტანს თუ არა გარკვეულ წარმატებას.

ჩემი აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ იძლევა ბევრი მაღალანაზღაურებადი ადგილის შექმნის შესაძლებლობას, ამის ფონზე, გარკვეულწილად, მასწავლებლის პროფესია, დღეს, აღარ არის ხელწამოსაკრავი პროფესია, ანაზღაურების თვალსაზრისით. მასწავლებლის პროფესია რამდენიმე კატეგორიად იყოფა – უფროსი, წამყვანი და მენტორი. სისტემაში, პედაგოგთა ძირითადი რაოდენობა უფროსი მასწავლებელია, შემდეგ მოდის წამყვანი და ბოლოს – მენტორი. მასწავლებელი, დაახლოებით, 1000 ლარის ფარგლებში იღებს ანაზღაურებას, თუ სტატუსის მქონე მასწავლებლია. რაც უფრო მაღალ საფეხურზეა, მით უფრო იზრდება ხელფასიც. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანისთვის, რომელიც ყოველდღიურად (ხშირად კვირაში ოთხი დღე) მუშაობს 9 საათიდან 13 საათამდე, ეს ცუდი ანაზღაურება არ არის. სხვა პროფესიებში დასაქმებული ადამიანებისგან განსხვავებით, ჩვენ შედარებით მეტი თავისუფალი დრო გვაქვს, როგორც გითხარით, პირველი საათის მერე მასწავლებელი თავისუფალია (თუმცა, მუდმივად ფიქრობს სკოლაზე, მოსწავლეზე და საგაკვეთილო პროცესზე), ამას ემატება ჩვენი, ასევე, განსხვავებული, ხანგრძლივი არდადეგებიც.

ასე რომ, ეს სფერო არ არის ისეთი ცუდი, როგორც წარმოადგენენ ხოლმე. მე რომ მკითხოს კაცმა, საკმაოდ ნორმალური მდგომარეობაა ამ მიმართულებით. ოღონდ ვგულისხმობ კვალიფიციურ და გარკვეული სტატუსის მატარებელ მასწავლებლებს, რომლებსაც გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვთ, უსტატუსო მასწავლებლებთან შედარებით.

მიზეზი 2 – სიმამაცეს მოითხოვს

სიმამაცე ხომ არ გვაშინებს ადამიანებს? მგონი პირიქით და რატომ, მოგახსენებთ. სხვადასხვა სამსახურში სხვადასხვა გამოცდილება დამიგროვდა, თუმცა, ახლა ერთ გამოცდილებას ვახსენებ, რომელიც ჯარში მსახურობის დროს მივიღე. იქ, ბევრ სხვა თავგადასავლებს შორის, ერთი კონფლიქტურ სიტუაციას უკავშირდება, სადაც ყველაზე მეტად დამჭირდა ეს თვისება – სიმამაცე. აი, როგორც ჯარისკაცს უხდება რაღაც ბარიერების გადალახვა, გულის გამაგრება და მამაცობა, ისე დამჭირდა ეს ყველაფერი მასწავლებლობის დროსაც. ხშირად დამიჭერია ჩემი თავი, როგორც მასწავლებელს, როგორ მიკანკალებდა მუხლები და მიჩქარდებოდა გული მაშინ, როცა კონკრეტული მომენტი უნდა გადამელახა. პირდაპირი გაგებით განმიცდია სიმამაცით სიტუაციების დაძლევა. ვისაც ამ მხრივაც სურს თავის გამოცდა, გამოჩენა ან თავგადასავლების ძიება და საინტერესო საქმეების კეთება, ჩემი აზრით, ეს სფერო საუკეთო ასპარეზია. თავისთავად, ამაში არ ვგულისხმობ ფიზიკურ წინააღმდეგობასა და დაბრკოლებებს. აქ საუბარია ურთიერთობებზე მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, რომელიც ყოველთვის შეიძლება დამაკმაყოფილებელი არ იყოს. ამიტომ, გვჭირდება მეტი სიმამაცე და ძალისხმევა ამ ურთიერთობის სწორად დასარეგულირებლად.

მიზეზი 3 – ყველა სფეროს მოიცავს

პრაქტიკულად, სკოლა არის ადგილი, რომელიც უნდა მოიცავდეს ადამიანის ინტერესების ყველა სფეროს. შესაბამისად, თუ ამ სფეროს აირჩევს ადამიანი თავისი საქმიანობის გასაგრძელებლად, მას შეუძლია სკოლაში, ნებისმიერი მიმართულებით, დაიკმაყოფილოს თავისი წადილი, ინტერესები და სურვილები – დაწყებული ლიტერატურით, უცხოური ენებით, საინჟინრო მიმართულებებით თუ სხვა, დამთავრებული მუსიკითა და სპორტით. შესაბამისად, ადამიანს მასწავლებლის პროფესიაში ეძლევა საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, თან, რაც მთავარია, მას ჰყავს ისეთი აუდიტორია/მოსწავლეები, რომლებიც ყოველთვის სწორად აფასებენ მის თავის გამოჩენას.

მიზეზი 4 – შემოქმედებითი პროცესია

მასწავლებელი, თავისი არსით, შემოქმედებითი ადამიანია, მისი საქმიანობა კი – შემოქმედებითი პროცესი (იგულისხმება სხვადასხვა მიმართულებით შემოქმედებითობა). თვითონ სასწავლო პროცესი, როგორც აკადემიური მიმართულება, მასწავლებლისგან ბევრი ისეთი რამის გამოგონებას და შექმნას მოითხოვს, რომელიც სხვა პროფესიაში იშვიათია. არ ვგულისხმობ, მაგალითად, წმინდა ხელოვნების დარგებს. თვითონ სწავლების პროცესი – გაკვეთილის ჩატარების, აქტივობის მოფიქრებისა და დაგეგმვის პროცესებია ისეთი, რომ შემდგომ, ზუსტადაც რომ, შემოქმედებითობით მიღებულ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანებს. ოღონდ, ხაზს ვუსვამ, რომ ვგულისხმობ და მოვიაზრებ ნიჭიერ ადამიანებს, გარკვეული უნარების მქონე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, გამოავლინონ ასეთი უნარები და, მეორე მხრივ, სიამოვნება მიიღონ ამ პროცესით.

წინა მიზეზს რომ დავუბრუნდეთ, ეს შემოქმედებითობა, რომელიც ადამიანს შეუძლია გამოავლინოს და წარმოაჩინოს, მრავალმხრივია სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ამ პროცესში ყველაზე უფრო მგრძნობიარე და გულწრფელი აუდუტორიაა, რომლის წინაშეც გიწევს ყველაფრის კეთება – სიმღერის დაწერიდან დაწყებული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვით დამთავრებული. არ გეგონოთ, რომ ბავშვებს უგემოვნობას ვაჩვევდეთ, როცა ჩვენ მიერ დაწერილ სიმღერას ვთავაზობთ, რომელიც შესაძლოა სრულყოფილი არ არის (მუსიკის თვალსაზრისით), მაგრამ, კონკრეტული სასწავლო სიტუაციებისთვის ასეთი შემოქმედებითობა ძალიან სასარგებლოა ხოლმე.

​მიზეზი 5 – ნიჭიერება დაფასებულია

მასწავლებელს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გარკვეული გონივრული უნარები უნდა ჰქონდეს. მე რომ მკითხოთ, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანი უნდა იყოს ყველა პროფესიის ადამიანებს შორის. თქვენ შეიძლება პირიქით გაგიგონიათ ხოლმე – შენ ხომ ასეთი ნიჭიერი იყავი და სკოლაში იწყებ მუშაობას? ჩემი აზრით კი, სკოლა არის სწორედ ის ადგილი, სადაც ნიჭიერმა ადამიანებმა უნდა დაიწყონ მუშაობა. თავისთავად, ყველა ადამიანი თავისებურად ნიჭიერია, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ წარმატებული აკადემიური უნარების მქონე ადამიანებს, რომლებიც სკოლაშიც გამოირჩეოდნენ წარმატებებით. სწორედ ასეთი წარმატებულების ადგილია სკოლაში. რაც შეეხება დაფასებას – ნიჭიერი ადამიანი ყველა სფეროში დაფასებულია, მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, რომელიც ნიჭიერებას ახლავს ხოლმე. თუმცა, როგორც წესი, საბოლოო ჯამში, ყველა აღიარებს და ხედავს, დიდიც და პატარაც – კოლეგებიც და მოსწავლეებიც. მათი მხრიდან აღიარება ძალიან ფასეულია. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერია ხოლმე მასწავლებელი, როცა მოსწავლე შენს ნიჭს აფასებს.

მიზეზი 6 – მრავალმხრივი განვითარებისა და სწავლის საშუალება

ნებისმიერ სფეროში მყოფმა ადამიანმა უნდა გადახედოს საკუთარ საქმიანობას და ჰკითხოს საკუთარ თავს – რა ვისწავლე ახალი ამ სფეროში და რას ვსწავლობ ახლა. მით უფრო მასწავლებელმა, რადგან სკოლაში, მუდმივი განვითარების გარეშე, პროფესიაში წარმატებული ვერ იქნები.

ჩემს მოსწავლეებს 30 წელი მაშორებს, ანუ მათზე მთელი 30 წლით უფროსი ვარ. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა განვვითარდე და ვივარჯიშო კონკრეტული მიმართულებებით, მაგალითად, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, გაცნობიერებული მაქვს, რომ მათ ვერასდროს დავეწევი ამ კომპონენტში. ვერ დავეწევი იმ თაობის მოსწავლეებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიებთან ერთად დაიბადნენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შემიძლია გარკვეული ოპერაციების შესრულება.

ზოგიერთ მასწავლებელს სირცხვილის გრძნობა აქვს ხოლმე, როცა არ გამოსდის ისე, როგორც საჭიროა ან არ იცის. მეც მქონდა, გარკვეულწილად, ასეთი დამოკიდებულება – როგორ შეიძლება ბავშვმა შეგამჩნიოს, რომ რაღაც არ იცი. უნდა შევთანხმდეთ, რომ ბავშვებიც მშვენივრად ხვდებიან და ჩვენც კარგად ვიცით, რომ შეუძლებელია ადამიანმა ყველაფერი იცოდე. ახალგაზრდებს რომ შევეჯიბრო ახლა ციფრულ ტექნოლოგიებში, ხომ აღმოვჩნდები სასაცილო მდგომარეობაში? მაგრამ შევთანხმდეთ იმაშიც, რომ როცა დამჭირდება, უნდა დამეხმაროთ, მასწავლოთ, გამაკეთებინოთ. ქართულის სწავლებისას უმარავი რამის კეთება შეიძლება ციფრულად, მაგალითად, „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების ანიმაციების დახატვა და შემდეგ გაციფრება, მათი შემოსვა. ამას ბავშვები გააკეთებენ, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მე ვიქნები პროცესის მონაწილე ადამიანი, რომელიც მათთან ითანამშრომლებს და ეტყვის: ეს რატომ ჩააცვი მარჯვენა ფეხზე, ტექსტი გეუბნება, რომ მარცხენაზე უნდა ეცვას… აი, ასეთი კოლაბორაციით, მშვენიერ შედეგებს მივიღებთ. ეს არის ამ პროფესიაში მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა. მეც მუდმივად ვცდილობ ხოლმე, მოვძებნო რამე ახალი და ვისწავლო. ახლა სწორედ ანიმაციის შესწავლა მინდა. ერთხელ რომ გემოს გაუსინჯავ სწავლების პროცესით მიღებულ სიამოვნებას, მერე ვეღარ გაჩერდები. ჰოდა, სწავლებით მიღებული სიამოვნება ჩვენს პროფესიაში ძალიან სასარგებლოცაა.

მიზეზი 7 – თავისუფალი პროფესიაა

ერთი მხრივ, მასწავლებლობა, თავისი არსით, თავისუფალი პროფესიაა, მეორე მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ არა, რადგან, სამწუხაროდ, დღეს, ქართული საგანმანათლებლო სისტემა და სახელმწიფო მუდმივად რეგულაციების ტყვეობაშია – ყველგან და ყელაფერში მომეტებული რეგულაციებია. თუ რამე ისე არ გამოვა, როგორც საჭიროა, საზოგადოებაც და სახელმწიფოც იმისკენაა მიმართული, როგორ მოიფიქროს და დააწესოს კიდევ ახალი რეგულაცია. ერთ-ერთი ასეთი სფეროა სწორედ განათლების სისტემაც. იცით როგორ არის განათლების სისტემა რეგულირებული? მაგალითად, მასწავლებლებს გვითვლიან რამდენი ნიშანი უნდა დავწეროთ დღეში. ნიშნის დაწერის თემა, საერთოდ, ცალკე საკითხია, რომელიც ამოვარდნილია ყველა საღი მიდგომიდან, თუმცა, ახლა ამაზე არ ვისაუბრებ. უბრალოდ, წარმოდგენის შესაქმნელად მოვიტანე ეს მაგალითი. მიუხედავად ყველაფრისა, ერთ-ერთ მიზეზად მაინც გამოვიტანე, რომ თავისუფალი პროფესიაა. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, თუ მასწავლებელი მოინდომებს და გადაწყვეტს, რომ იყოს თავისუფალი, ის ამ მოცემულობაშიც იპოვის სივრცეს თავისუფლებისთვის. მერე მისთვის აღარც ამ რეგულაციების შესრულება იქნება მომაბეზრებელი და წარმოუდგენლად რთული. გაკვეთილზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მასწავლებელზეა დამოკიდებული, ის თავად არის დირიჟორი იმ პროცესის, რომელიც მის საკლასო ოთახში ხდება.

არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, თითქოს, თავისუფლება მოსწავლეს და სასწავლო პროცესს დააზარალებს, რადგან, თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებისას, კეთილსინდისიერი მასწავლებელი სწორედ მოსწავლეთა ინტერესებს ითვალისწინებს. ამ შემთხვევაშიც, კეთილსინდისიერ პროფესიონალებს, პატიოსან და მართალ ადამიანებს ვგულისხმობს. შესაბამისად, ასეთი ადამიანების ხარჯზე, ჩვენი დღევანდელი სისტემაც კი იძლევა თავისუფლების მაღალი ხარისხის შენარჩუნების შესაძლებლობას როგორც სასწავლო ფორმატის, ისე მისი შინაარსის კუთხით. აქედან გამომდინარე, მხოლოდ პროფესია კი არა, პიროვნებაც უნდა იყოს მიდრეკილი თავისუფლებისკენ. ეს, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან, ხშირ შემთხვევაში, პედაგოგი მოსწავლეებისთვის გარკვეული მოდელია. თავისუფალი მასწავლებელი, თავისი ქცევით, გაცილებით უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს მოსწავლეზე, ვიდრე დასწავლილი ტექსტი ან ფორმულა. იგი მიზანს მაშინ აღწევს, როცა საკუთარი აზრის თამამად გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს. თუ ბავშვი გააჩუმეთ, სკოლიდან კარგს ვერაფერს წაიღებს.

მიზეზი 8 – საინტერესო პიროვნებები და თავგადასავლებია

ადამიანი მიდრეკილია ამბების გაგებისკენ, მუდმივად გვაინტერესებს მოვუსმინოთ სხვას, გავიგოთ რა მოხდა გუშინ. თავისთავად, მით უფრო ვინტერესდებით, როცა რამეს, ჩვენი გაგებით, საინტერესო ადამიანისგენ ვისმენთ. თუმცა, გააჩნია როგორ შევხედავთ მას? შეიძლება მართლა საინტერესო ადამიანი, ჩვენივე მზერით, უინტერესოდ ვაქციოთ. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ჩვენს მოსწავლეებს, თითოეული მოსწავლე არის პიროვნება, რომელსაც თავისი ამბავი და თავგადასავალი აქვს, რომელიც ძვირფასია, პირველ რიგში, მისთვის და ძვირფასი უნდა გახდეს ჩვენთვისაც. ასევე არიან ჩვენი კოლეგებიც, რომლებსაც საინტერესო თავგადასავლები გადახდებათ ხოლმე. ჩვენ კი, მუდმივად ვტრიალებთ ამ საინტერესო პიროვნებების ეპიცენტრში, მაგრამ ამ ამბებშიც, აუცილებლად, უნდა გავითვალისწინოთ ეთიკური მხარე.

მიზეზი 9 – აგროვებს კაპიტალს

თქვენ იცნობთ ალბათ ბევრ ადამიანს, თქვენს მასწავლებლებს, რომლებისგანაც ხშირად გსმენიათ – ეს ჩემი მოსწავლე იყო. თუ ვინმეს წარმატებას გაიგებენ, განსაკუთრებით მაშინ ამბობენ ხოლმე, იცით, მე მისი მასწავლებელი ვიყავი. ჩვენც, როცა ვიხსენებთ საკუთარ მასწავლებლებს, მიუხედავად იმისა, როგორ ვიქცეოდით მათ გაკვეთილებზე ან რამდენად წარმატებული ვიყავით მათ საგნებში, გარკვეული მოკრძალება გვიჩნდება მათ მიმართ. მასწავლებელი, თავისი კარიერის განმავლობაში, აგროვებს სოციალურ ურთიერთობებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამაა დღევანდელ საზოგადოებაში.

მიზეზი 10 – დახმარებისა და რჩევის ყოველწუთიერი შესაძლებლობა

​ამ პროფესიაში მყისიერი და დროული რჩევა/დახმარება ძალიან ძვირფასია, ალბათ, სხვა ნებისმიერ პროფესიაშიც. სხვათა შორის, შეიძლება გავიხსენოთ პროფესიები, სადაც არც თუ გულუხვად გასცემენ ხოლმე რჩევებს, რასაც ვერ ვიტყოდი მასწავლებლებზე, რადგან მასწავლებლები მიმართული ვართ იმისკენ, რომ მუდმივად ვასწავლოთ. შესაბამისად, თუ ჩვენ გამოვავლენთ იმის მზაობას, რომ ვინმეს რამე ვკითხოთ, აუცილებლად გამოჩნდება მაშინვე რამდენიმე ადამიანი, რომელიც იმ მომენტისთვის საკმაოდ კვალიფიციურ რჩევას, სასარგებლო რეკომენდაციას მოგცემს. ეს განსაკუთრებით საჭიროა ხოლმე ახალბედა კადრებისთვის. თუმცა, მარტო ახალბედას არა, ჩვენც ხშირად გვჭირდება დახმარება. მეც მქონია ხშირად ამის საჭიროება. მთავარია, არ მოგვერიდოს და უკან არ დავიხიოთ. რჩევის თხოვნას კიდევ ერთი სარგებელი აქვს ხოლმე – ადამიანებს შორის ურთიერთობასაც ათბობს. მაგალითად, როდესაც ორი კოლეგა ერთმანეთის მიმართ მაინცდამაინც კარგად არ არის განწყობილი, ცივი ურთიერთობა აქვთ, საკმარისია, ერთმა მეორეს რჩევა სთხოვოს, ეს ურთიერთობა მაშინვე თბება – ყინული ლღვება, მათ შორის ერთგვარი თანამშრომლობის ხიდი იდება. დახმარების ხელი ყოველთვის მზად არის, თუკი ჩვენ ამას ვითხოვთ.

მიზეზი 11 – სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, ეროვნული საქმეა

დიახ, ვთქვათ ეს სიტყვა, რომ მასწავლებლობა ეროვნული საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, სახელმწიფომ თანდათან უკან უნდა დაიხიოს ამ სისტემაში (ვგულისხმობ უფრო მეტი თავისუფლების მიცემას კერძო ინიციატივებისთვის და ა.შ.), ერთ-ერთი მთავარი საკეთებელი (ვფიქრობ, ამას ყველა ვაცნობიერებთ), ახალი ქართული სახელმწიფოს ფორმირების პროცესში, ჩვენი წვლილის შეტანაა. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ევროპელ ერად, რომელიც ღირსეული წევრი იქნება სხვა ერებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალსაუკუნოვანი ერი ვართ და ბევრი რამ გვახსოვს მსოფლიო ისტორიის თავგადასავალში, დღევანდელი მოცემულობით, ახლა ვყალიბდებით, როგორც 21-ე საუკუნის მულტიეთნიკური ქართველი ერი, რაც ჩვენს თანამოქალაქე არაქართული ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეების სრულად ინტეგრირებას მოიაზრებს. და თუ ეს ვერ მოვახერხეთ, რა თქმა უნდა, ვერ გადავდგამთ ძლიერ ნაბიჯებს დასავლური ცივილიზაციისკენ, თორემ, სადაც ვიყავით და ვართ, იქ, პირიქით, გვეხვეწებიან, რომ ვიყოთ დეზინტეგრირებულები, უფრო მეტი განსხვავებები ვეძებოთ ერთმანეთში, ვიდრე ვიყოთ ერთიანები.

ამ მიმართულებით, საუკეთესო ინსტრუმენტი სწორედ სკოლაა. ეს ფუფუნება, მაგალითად მე-19 საუკუნეში, 60-იანი წლების დიდ განმანათლებლებს არ ჰქონდათ. დღეს, ჩვენ შემთხვევაში, სკოლა ძლიერი ინსტრუმენტია და, შესაბამისად, სწორედ მასწავლებელია ის ადამიანი, რომელიც თავის მოსწავლეებს ამ პრინციპებითა და სულისკვეთებით აღზრდის და არა ისე, როგორც, მაგალითად, ვიზრდებოდი მე და ჩემი თაობა, შორს რომ არ წავიდე. მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, უნდა ვყოფილიყავი სოლიდარული, მაგალითად, კონგოელი მუშების მიმართ, მაგრამ ჩემი ქვეყნის სხვა რაიონის მოქალაქეების მიმართ გაუცხოებული დამოკიდებულება მქონდა, არ მქონდა ურთიერთობები, არც ინფორმაცია და ა.შ. მოკლედ, დეზინტეგრირებული რომ ვახსენე, ეს იმის მაგალიათია. შესაბამისად, ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანი ადამიანები ვართ თანამედროვე ქართველი ერის ფორმირებაში.

მიზეზი 12 – სიყვარულის ადგილი

მუშაობა დავიწყე 1997 წელს, ურთულეს პერიოდში. ხელფასი, ფაქტობრივად, არ მქონდა, დაახლოებით, 20 ლარს ვიღებდი, ისიც წელიწადში სამჯერ, დანარჩენი თვეების იყინებოდა. ბავშვებს არ ჰქონდათ წიგნები, მცირე ნაწილს ჰქონდა რვეულები. სკოლები არ თბებოდა, ჭირდა საკვები. თან მე ახალი მასწავლებელი ვიყავი და ამას ისიც ემატებოდა, რომ ვასწავლიდი იმ საგანს, რომელიც წესით არ უნდა მესწავლებინა, ისტორიკოსი ვარ და გეოგრაფიას ვასწავლიდი. ალბათ, არ გაგიკვიდებათ, რომ რამდენიმეჯერ დავფიქრდი – არის სკოლა ის ადგილი, სადაც უნდა ვიმუშაო? მაგრამ ბავშვებთან რაღაცნაირი, გამორჩეული ურთიერთობა მქონდა, მათგანაც დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. რასაკვირველია, მეც ძალიან მიყვარდა ჩემი მოსწავლეები, ეს იყო იმ დროს ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი. თუმცა, ბუნებრივია, სკოლაში სიყვარულისთვის კი არ მივსულვარ, პირველ რიგში, რაღაც უნდა მესწავლებინა მათთვის და მიმეღწია გარკვეული აკადემიური წარმატებებისთვის. ეს არ გამომდიოდა ხოლმე. კი, ბატონო, დავაბრალოთ ჩემს გამოუცდელობასა და არაპროფესიონალიზმს, მაგრამ იმ მოცემულობაში, ფაქტობრივად, მართლა ძალიან რთული იყო ამის მიღწევა. ეს მძიმე პერიოდი და მძიმე სოციალური ფონი, თამამად გეტყვით, ამ ბავშვების სიყვარულმა დამაძლევინა, ეს იყო ენით გამოუთქმელი ძალა, რომელიც ერთი სოფლიდან მეორე სოფელში, ყოველ დილით, ფეხით მიმარბენინებდა სიხარულით.

მე მინახავს ადამიანი, რომელიც ამრეზით მოსულა სკოლაში, განწყობით, რომ სკოლა არ არის მისი ადგილი – ცოტა ხანს გავჩერდები, ვიდრე სხვა კარგ სამსახურს ვიშოვიო. მახსოვს, ერთს ვუთხარი, ისე შეგიყვარდება ბავშვები, რომ მერე წასვლას ვეღარ შეძლებ-თქო. ასეც მოხდა. ერთ დღეს შევამჩნიე, ხელში ეჭირა რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე მოსწავლის მიერ დაწერილი სიტყვა – მიყვარხარ! ძალიან უხაროდა, მგონი, ეს კარგის ნიშანია.

კი, ბატონო, სკოლა სიყვარულის ადგილია, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ადრე გამოქვეყნებული მქონდა რჩევები და პირველ რჩევად მეწერა – ნუ შეიყვარებ მოსწავლეს! იცით, ამაში რას ვგულისხმობდი? არ შეიძლება, ბავშვები ისე მივიჯაჭვოთ, რომ მერე ჩვენთან დაშორება მტკივნეულ განცდებად ვუქციოთ. შუალედია საჭირო, გნებავთ დისტანცია. გიყვარდეთ გულში ძლიერად, მაგრამ გამოხატვის ფორმებში შეინარჩუნეთ ზომიერება.

მიზეზი 13 – აზარტულია

როდესაც მიყოლებით, მუდმივად კარგად გამოგდის რამე, მერე მის მიმართ ინტერესი, აზარტი იკარგება. სკოლა არ არის ის ადგილი, სადაც ყველაფერი მუდმივად გამოგივა. ხშირია მომენტები, როცა რაღაც არ გამომდის, სწორედ ეს იწვევს აზარტს ჩვენს პროფესიაში. არ გაძლევს დანებების საშუალებას, პირიქით, გაიძულებს, უფრო უკეთ მოემზადო და კიდევ სცადო. ერთმა ქალბატონმა, რომელიც საკმაოდ კარგი გამოცდილების მქონე პედაგოგია, ერთხელ გვითხრა, სულ მახსენდება ის ორი მოსწავლე, რომელთა გულებამდეც მე ვერ მივედიო. ეს ფრაზა სამუდამოდ დამამახსოვრდა, მეც ხშირად ვფიქრობ იმ მოსწავლეებზე, რომლებთანაც ვერ მოვახერხე გარკვეული წარმატების მიღწევა, ეს არ მასვენებს. ახლა რომ მქონდეს მათთან მუშაობის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვეცდებოდი, კიდევ ბევრი რამის გაკეთებას და აუცილებლად მივაღწევდი წარმატებას. აი, ასეთი აზარტულია მასწავლებლობა.

შეიძლება დაინტერესდეთ

​კინო სასკოლო რესურსისთვის - რჩევები მასწავლებლებს

​კინო სასკოლო რესურსისთვის - რჩევები მასწავლებლებს

მასწავლებლებს, უპირველესად კი სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გიზიარებთ ფილმებს, რომლებშიც არსებითადაა მოხაზული მოზარდების პრობლემატიკასა და მასთან მჭიდროდ გადაჯაჭვული საყოველთაო მნიშვნელობის მქონე თემების რეფლექსიები. ყველა დასახელებული კინოსურათის პროტაგონისტი ბავშვი ან მოზარდია, შესაბამისად, წინამდებარე ფილმები მასწავლებლებს, როგორც კლასგარეშე დავალებებისთვის გამოგვადგება, ასევე, საკუთრივ საგაკვეთილო პროცესში შეგვიძლია ამა თუ იმ ფილმიდან, განსახილველ თემასთან შესაბამისი მონაკვეთების ჩვენება. გამართული ორიენტირებისთვის ყველა მათგანს მცირე სინოფსისი წავუმძღვარე. ჩამონათვალი ქრონოლოგიური სიზუსტითაა დალაგებული. ამავდროულად, ყველა დასახელებული ფილმი ცალსახად მაღალმხატვრული ღირებულებისაა და თითოეული მათგანი, საკვლევ თემატიკას გამორჩეული შემოქმედებითი პასუხისმგებლობითა და აკადემიური ინტერესით მიემართება.

ჩარლი ჩაპლინი: The Kid - ბავშვი. 1921. ჩარლი ჩაპლინის თვითმყოფადი ენა, რომელიც კომედიის მხატვრული ხერხებით ჟონგლიორობს და მაყურებლის თვალსა და გულს უმცირესს დროში ატყვევებს, კომედიური სიმსუბუქის მიღმა, ამავდროულად უაღრესად პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია და მუდმივად რეფლექსირებს უმნიშვნელოვანეს სოციალურსა და კულტურულ პრობლემატიკაზე. ხსენებული ფილმი, ამერიკაში, დიდი დეპრესიის ჟამს უსახლკარო კაცისა და მიუსაფარი ბავშვის დრამატულ ურთიერთობაზე, სიყვარულის, ემპათიისა და ერთადობის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე მოგვითხრობს (კინემატოგრაფში ასახულ ბავშვ პერსონაჟებზე ნინი შველიძის შესანიშნავ ​ესეს გიზიარებთ). 

ჟან ვიგო: Zero for Conduct - ნული ყოფაქცევისათვის. 1933. კინოსურათი სკოლა-პანსიონის ტიპის დაწესებულებაზე მოგვითხრობს, რომელშიც უმკაცრესი, ავტორიტარული ტიპის დისციპლინა სუფევს. დაუმორჩილებლობის სურვილს ატანილი ბავშვები, გადაწყვეტენ მჩაგვრელ დღის წესრიგს აუჯანყდნენ და ამისთვის, სხვადასხვა ექსპრესიულ წინააღმდეგობის ხერხებს მიმართავენ. ფილმის კინოეკრანებზე გამოსვლამ, კონსერვატიულად განწყობილ გაბატონებულ კლასში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ვიტორიო დე სიკა: Bicycle Thieves - ველოსიპედის ქურდები. 1948. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ველოსიპედის ქურდები ხელოვნების ყველა მოყვარულისათვის აუცილებლად სანახავი ფილმია. ნამუშევარში პროტაგონისტებად იტალიელი მამა-შვილი გვევლინებიან, რომლებზეც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დეპრესიის სიმძიმე, მთელი თავისი სისავსით აღბეჭდილა. ფილმი მრავალშრიანი დრამატურგიული წიაღსვლებით წარმოგვიდგება, ერთი მხრივ, კინოსურათი თვითგადარჩენის გზაზე წამოჭრილ მორალურ დილემებს აღწერს, მეორე მხრივ, ამგვარი მძიმე სოციალური ვითარების ფონზე, მამა-შვილის ამაღელვებელ და სამუდამოდ დასამახსოვრებელ ისტორიაზე მოგვითხრობს.

რობერტო როსელინი: Germany, Year Zero - გერმანია, ნულოვანი წელი. 1948. რობერტო როსელინი, ვიტორიო დე სიკასთან ერთად იტალიური ნეორეალიზმის სულისჩამდგმელია, იტალიელი რეჟისორები გამორჩეული ოსტატობით აღწერენ, ევროპაში, (უმეტესად იტალიაში), მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოვარდნილ უკიდურეს ძნელბედობას, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და მომეტებულ კრიმინოგენურ სიტუაციას. ფილმის 'გერმანია, ნულოვანი წელი' სიუჟეტი გერმანიაში, 12 წლის ედმუნდის გარშემო ტრიალებს, სიდუხჭირეში ჩავარდნილი ოჯახის გამოსაკვებად ბიჭი ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს. ედმუნდის მძიმე ფსიქოსოციალური მდგომარეობა, მორალური დილემები, ბურუსით მოცული მომავალი, თანადროული გერმანული საზოგადოების კოლექტიური განწყობების შუქზე ვლინდება და ნათლად ჩანს, რომ ნაციზმის, უკიდურესი ბოროტების მემკვიდრეობისგან განთავისუფლება მსხვერპლად ახალი თაობის სიცოცხლეს მოითხოვს.

სატიაჯიტ რაი: Pather Panchali - გზის სიმღერა. 1955. 'გზის სიმღერა' დიდი ინდოელი რეჟისორის შესანიშნავი ტრილოგიის პირველი ფილმია. ტრილოგია, ინდოელ ბიჭ, აპუს შესახებ მოგვითხრობს. ხსენებული ფილმი, ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში აპუსა და მისი ოჯახის გარშემო ტრიალებს. კინოსურათში ნათლადაა აღწერილი ინდოეთის მძიმე ეკონომიკური ყოფა, გაუსაძლისი სიღარიბე და უპერსპექტივობა. ამგვარი მძიმე ვითარებისგან გადარჩენის ერთადერთ გზად, თანაგანცდა, ნების ოპტიმიზმი და ბავშვური, უშუალო სიხალასეა წარმოდგენილი. 'გზის სიმღერა' ვიზუალურად მომნუსხველი და ემოციურად ამაღელვებელი ისტორიაა პატარა ბიჭზე, რომელიც დიდ პრობლემებს შესჭიდებია.

ნიკოლას რეი: Rebel Without a Cause - მეამბოხე მიზეზის გარეშე. 1955. შესანიშნავი ფილმი მოზარდების წინააღმდეგობასა და დაბეტონებული კულტურისა თუ გაქვავებული ბურჟუაზიული ეთოსის დამთრგუნველი ბუნების შესახებ. ამასთან, ნამუშევარი კრიტიკულად რეფლექსირებს: მომეტებული მასკულინობისა და თინეიჯერებში მზა სააზროვნო თუ სამოქმედო კოდების შესახებ.

ფრანსუა ტრიუფო: The 400 Blows - 400 დარტყმა. 1959. „400 დარტყმა“ ფრანგული „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ფილმია, რომელიც მოზარდობის სირთულეებზე რეფლექსირებადი უმნიშვნელოვანესი კინოდოკუმენტია. ფილმი, მძაფრი ვიზუალური ექსპრესიულობით მოგვითხრობს მოზარდზე, რომელიც უყურადღებო მშობლებისა და ცივი, გახევებული გარემოს ფონზე, ნაადრევ ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის, მძიმე გარემოული ფაქტორების ნიადაგზე ტოვებს ოჯახს, გარბის სახლიდან, რაც კინემატოგრაფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასასრულის მომასწავებელი ხდება.

მილოშ ფორმანი: Black Peter (Černý Petr) - შავი პიტერი. 1964. ისტორია პიტერზე, რომელიც საცხოვრებელ გარემოში ორმაგი ზეწოლის ქვეშაა მოქცეული; ერთი მხრივ, მას ავტორიტარული მისწრაფებების მქონე მამის ბორკილქვეშ ცხოვრება უწევს, მეორე მხრივ, შემოსაზღვრული ავტონომიურობის პირობებში ცდილობს თვითრეფლექსიას. ფინალურ სცენაში, პეტრეს, ეუბნება მამა, რომ სანამ მას არ ეცოდინება როგორ მოიქცეს, იქამდე იგი გადაწყვეტს მის ნაცვლად, ეს ფრაზა ტოტალიტარიზმის მანიფესტაციას, ცალკეულის ზოგადით, 'დიდი მამის' წესით განკარგვის სურვილს გამოხატავს.

კენ ლოუჩი: Kes - კესი. 1969. კენ ლოუჩის უხვსა და მნიშვნელოვან შემოქმედებაში „კესი“ ალბათ საუკეთესო ფილმია. ნარატივი მოზარდი ბიჭის გარშემო ვითარდება. რომელიც დროდადრო პერიფერიაში არსებულ სრულ უპერსპექტივობასა და ემოციურ გამოთიშულობაში გადაიზრდება. აპათიისაგან ერთადერთ ხსნად, ბიჭს შევარდენის გაწვრთნა ესახება. მოზარდისთვის ფრინველთან ურთიერთობა და ზრუნვა, სულგამყინავი გარმოსგან თვითდაღწევის გარდა, მნიშვნელოვანი ემოციური დატვირთვის მატარებელია.

მიქელანჯელო ანტონიონი: Zabriskie Point - ზაბრისკი პოინტი. 1970. ფილმი მოსწავლეების არა, თუმცა სტუდენტების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 1968 წლის სექსუალური რევოლუციისა და სტუდენტური ჯანყების შესახებ მნიშვნელოვანი კინოდოკუმენტია და ამ კონტექსტში ნამდვილად გამოდგება. გასათვალისწინებელია, რომ ფილმის შუაში დაახლოებით 10 წუთი საკმაოდ ღია სექსუალურ სცენებს ეთმობა, თუმცა, ვფიქრობ, მეათე კლასიდან ამ ფილმის ჩვენება პრობლემას არ წარმოადგენს. ამავდროულად ფილმი რეფლექსირებს ბუნებისა და კულტურის გახლეჩილობაზე, ბატონობის მიერ ინსტრუმენტალიზებულ პოლიციაზე, რომელიც ძალადობრივ, სადამსჯელო მანქანადაა გადაქცეული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფილმის დასასრული (რომელიც ნაწილობრივ გოდართანაცაა გადაძახილი), რომელშიც წინააღმდეგობის უწყვეტობის გამომხატველი, ამქვეყნიური უკეთურების სიმბოლური ნგრევის დასამახსოვრებელი მიზანსცენა თამაშდება.

პიტერ ბოგდანოვიჩი: The Last Picture Show - უკანასკნელი კინოსეანსი. 1971. 'უკანასკნელი კინოსეანსი' ამერიკელი თინეიჯერებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების ამაღელვებელი კინორეფლექსიაა, ფილმი სიღრმისეულ დონეზე იკვლევს ჰუბერტატის პერიოდისთვის ნიშანდობლივ საკითხებსა და მის შიდაარსზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე გარემოულ ფაქტორებს.

პიტერ ბოგდანოვიჩი: Mask – ნიღაბი. 1985. ფილმის ცენტრალური ფიგურა 16 წლის რონი დენისია. ბიჭს უიშვიათესი სასიკვდილო დაავადება სჭირს, რომელიც თავის ძვლების გაუჩერებელ ზრდასა და სახის ძვლების დეფორმაციას იწვევს. კარგი ფილმია, სწორ აქცენტებზე აგებული, ყოველგვარი უტრირებისა და ზედმეტი მოჩუქურთმებების გარეშეა ნაჩვენები; პროტაგონისტის, ოჯახის წევრებსა თუ უცხო ადამიანებთან ურთიერთობა. აქცენტირებულია მშობლებისა და ოჯახის (ამ შემთხვევაში, დედა, ბაბუა, ბებია და დედის მეგობარი 'ბაიკერები') მნიშვნელობა - დაავადების თანმხვედრ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებისას.

ვიმ ვენდერსი: Alice in the Cities - ალისეა ქალაქებში. 1974. ჟურნალისტისა და მასთან შემთხვევით შემხვედრი ბავშვის მოგზაურობა, ფილმი, ყოველგვარი ზედმეტი ემოციური და ვიზუალური ხრიკების გარეშე, მინიმალისტური გამოსახვის ფორმებით გვიყვება ძალიან საინტერესო ამბავს, ჟურნალისტზე, ვისთვისაც უცხო ბავშვთან თანყოფნა და ურთიერთზრუნვა, თვითრეფლექსიის მნიშვნელოვან ფუნქციას კისრულობს და ალისეაზე, რომლისთვისაც უფროსი მეგობრის შეძენა ეგზისტენციალური მნიშვნელობის მატარებელია. დაბოლოს, ფილმი ეჭვქვეშ აყენებს ურთიერთობებზე 'ეიჯისტურ' მზერას, რის მიხედვითაც მეგობრობის დროს გარკვეული ასაკობრივი სხვაობა სოციალურ დევიაციად განიხილება.

ჯონ ჰიუზი The Breakfast Club - კლუბი საუზმე. 1985. ძალიან სახალისო ისტორია ხუთ განსხვავებულ, სკოლაში არასასწავლო საათებში დასჯილ მოზარდზე. კომედიური ელემენტებით ნაკვები კინოსურათი განსხვავებების მიღმა მყოფ მსგავსებებს აღწერს და მეგობრობისას ვიზუალური სხვაობების მეასეხარისხოვნებაზე მიუთითებს. ამავდროულად, ფილმი 80-იანი წლების ამერიკელ თინეიჯერებზე დაკვირვებისა და შესწავლის კარგი საშუალებაა. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ამავე ავტორის ნამუშევარი: Sixteen Candles.

რობ რაინერი Stand by Me - დარჩი ჩემთან. 1986. მოზარდების მეგობრობის შესახებ: ძალიან სასიამოვნო და ჩამთრევი სათავგადასავლო ფილმია. კინოსურათში, გარდაცვლილი მეგობრის საძებნელად პროტაგონისტთან ერთად ორი მეგობარი მიემართება. სტივენ კინგის ნოველაზე დაფუძნებული ამბავი ბავშვობის სირთულეებზე, მშობლებთან დაპირისპირებულობასა და ბავშვობაში განცდილი საფუძველმდებარე განცდების მნიშვნელობაზე მოგვითხრობს.

ლუი მალი: Au revoir les enfants - მშვიდობით ბავშვებო. 1987. კინონამუშევარი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ერთ-ერთ კათოლიკურ კოლეჯში ებრაელი და ფრანგი ბავშვის მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი მორალური დილემების, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ემპათიის მნიშვნელობაზე გადაღებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინოსურათია.

ტეო ანგელოპულოსი Landscape in the Mist - პეიზაჟი ნისლში. 1988. დიდებული ფილმი მოზარდი გოგონასა და მისი პატარა ძმის შესახებ. ემოციურად ძალიან მძიმე ელემენტების შემცველი კინოსურათი, რომელიც კინემატოგრაფიული ესთეტიკის მწვერვალზე იმყოფება და სოციალური მნიშვნელობის მხრივ, განუმეორებელი ნამუშევარია. „ერთგვარი ბავშვური ოდისეა, სადაც ბერძენი ავტორის პოეტური შესაძლებლობები ჰომეროსის შესაძლებლობებს უტოლდება“ (გიორგი ჯავახიშვილი). ძალიან ამაღელვებელია ობოლი და-ძმის ისტორია, რომლებიც დაკარგულ მამას ეძებენ, გზად კი უამრავ ხიფათს აწყდებიან. გარდა ბიოგრაფიული განზომილებისა, ამავდროულად, დაკარგული მამის ძიება ზედმიწევნით სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია.

ისაო ტაკაჰატა: Grave of the Fireflies - ციცინათელების სასაფლაო, 1988. ანიმე მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში მიმდინარე მძიმე სოციალურ ვითარებაზე მოგვითხრობს, სიუჟეტი ობლად დარჩენილი და-ძმის გარშემო ტრიალებს. ძალიან მძიმე ისტორიაა, რომელიც მუდმივად აქცენტირებს თანაგრძნობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ამგვარი ძნელბედობის ჟამს.

პიტერ უირი: Dead Poets Society - მკვდარი პოეტების საზოგადოება. 1989. შეუძლებელია ფილმს 'მკვდარი პოეტების საზოგადოება' უყურო და სამუდამოდ არ დაგამახსოვრდეს ჯონ კიტინგი, პურიტანული კოლეჯის გამორჩეულად ქარიზმატული მასწავლებელი. სიუჟეტური ქარგა ბიჭებისთვის განკუთვნილ კონსერვატიული ტიპის სასწავლებელში მიმდინარეობს, რომელშიც ქცევისა და სწავლის სემანტიკა მკაცრად იერარქიულსა და ეჭვშეუვალ დოგმატიკაზე ფუძნდება. კიტინგი, მოსწავლეებს: დაბეტონებული, ინდოქტრინაციის ელფერგადაკრული განათლების მიცემის ნაცვლად, აქ და ახლა, შემოქმედებითი აზროვნებისა და ძირეული სურვილების ერთგულებისაკენ უბიძგებს. ლათინური აფორიზმი 'Carpe diem' ფილმის ლაიტმოტივია და კაპიტალისტურ, ავტომატიზებულ სიცოცხლეში 'თამაშის ხელოვნების' გადამრჩენელ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

რიჩარდ ლინქლეიტერი: Dazed and Confსused. 1993. საკმაოდ კარგი ფილმია, რომელიც 70-80იანი წლების ამერიკელ მაღალკლასელებზე მოგვითხრობს, ჰიპებსა და მსგავს თემატიკაზე მიმართულ გაკვეთილებში გამოსადეგი კინოსურათია.

რიჩარდ ლინქლეიტერი: Boyhood – ბავშვობა. 2014. ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა (ფილმს 12 წელი იღებდნენ და მსახიობიც მისსავე განსახიერებულ პერსონაჟთან ერთად იზრდებოდა) და პროტაგონისტთა ასაკობრივ ზრდას კინემატოგრაფზე ასახავდა. ფილმი ორგანულად იკვლევს თინეიჯერულ გამოწვევებსა და ბავშვების ცხოვრებაზე ემოციური თუ ფიზიკური ფაქტორების ცვალებადობის გარდამტეხ მნიშვნელობას.

ძმები დარდენები: Rosetta – როზეტა. 1999. სოციალური კინოს მნიშვნელოვანი ნიმუში 17 წლის მოზარდ გოგოზე, რომელიც მძიმე სოციალურ წნეხს სხვადასხვა გზებით ებრძვის. პროტაგონისტზე მუდმივად მიპყრობილი კამერა, მაყურებლებს ამაღელვებელი ისტორიის თანაზიარად გვამყოფებს.

ძმები დარდენები: The Kid with a Bike - ბიჭი ველოსიპედით. 2011. მოკლედ რომ ვთქვათ, ულამაზესი და ემოციურად დახუნძლული ფილმი, უსახლკარო მოზარდ ბიჭსა და მასზე მზრუნველი, უცნობი ზრდასრული ქალის შესახებ. მნიშვნელოვანი სოციალური ხაზგასმებით; მამისაგან მიტოვებული ბავშვისა და ქურდობის, როგორც ტოტალური უპერსპექტივობის ალტერნატივის შესახებ.

ჰაიაო მიაძაკი: Nausicaä of the Valley of the Wind - ნაუსიკა ქარების ველიდან. 1984. ძალიან კარგი, მაგიური ნამუშევარი, გლობალურ დათბობაზე, მის თანმდევ ეკოლოგიურ კატასტროფებსა და ცხოველებთან მის თანადროულ მოპყრობაზე. თანაც, ბავშვებისთვის მარტივი და სასიამოვნო საყურებელია.

ჰაიაო მიაძაკი: Princess Mononoke - პრინცესა მონონოკე. 1997. ფილმი მოხერხებული და სიღრმისეული მეტაფორაა - ბუნების უკიდეგანო დამორჩილებასა და მის თანხმლებ მანკიერ გამოცდილებებზე. ერთი მხრივ, რეჟისორი გვატყობინებს, რომ ბუნების რესურსების გამოყენება სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობაა, მეორე მხრივ კი, ბუნების აღრიცხვა–დამორჩილებისას მასთან ზომიერი მოპყრობის აუცილებლობაზე მიგვითითებს.

ჰაიაო მიაძაკი: Spirited Away. 2001. სულ ცოტა ხნის წინ დავრწმუნდი, რომ კარგი ანიმე სრულყოფილი კინემატოგრაფიული ღირსების მატარებელია. ჰაიაო მიაძაკი კი ნამდვილი ოსტატი და ჟანრის ავანგარდში მყოფი ფიგურაა. ეს მართლაც ლეგენდარული ფილმი სიღრმისეულად იკვლევს ყოფიერების უმნიშვნელოვანესს შრეებს. კინოსურათში მომხმარებლობის, სამყაროსა და ბუნებასთან მიმართების საკითხები, ბავშვების თვალთახედვითა და მათთან ძირეულ მიმართებაშია განხილული.

გას ვან სენტი: Elephant – სპილო. 2003. გას ვან სენტის სპილო მნიშვნელოვანი ფილმია, სკოლებში ე.წ. 'შუთინგის' პრობლემის ანალიზისათვის (გას ვან სენტის სპილოზე იხილეთ ლევან აბდუშელიშვილის საინტერესო ​რეცენზია)

შონ ბეიკერი: The Florida Project - პროექტი ფლორიდა. 2017. საკმაოდ ძლიერი ფილმია ამერიკაში ჩაგრული სოციალური კლასისა და მის გარშემო მიმდინარე მძიმე სოციო-ეკონომიკური პერიპეტიების შესახებ. მოქმედება მცირეწლოვანი ბავშვების გარშემო ტრიალებს, მათი საკმაოდ მძიმე ყოველდღიურობა; გართობის, ნაყინის ბავშვური რიტუალურობით მირთმევისა და სხვა ვიზუალურად დასამახსოვრებელი დეტალების მეშვეობით მსუბუქდება. იაფფასიანი მოტელის გარშემო განვითარებული ისტორია სადა და უტყუარი სახითაა აღწერილი. 'პროექტი ფლორიდა' ბავშვების ოცნებებისა და მასთან დაპირისპირებული მტკივნეული რეალობის შესანიშნავი კინორეფლექსიაა. ბავშვების პერსპექტივით დანახული რეალობის ფონზე, ხელის გულზე იშლება ამერიკული სახელმწიფოსაგან მივიწყებული, მარგინალიზებული კლასი, რომელიც გადარჩენის ყოველწამიერ ჯაფაშია ჩართული. დასასრულიც სიმბოლური და ორაზროვანია, ერთი მხრივ, ეკლიანი რეალობისგან გაქცევა წრფელი მეგობრობის შუქზე ილანდება, მეორე მხრივ, გაქცევის ვექტორები დისნეილენდის, როგორც 'ამერიკული ოცნების' – იდეოლოგიური ხაფანგის გამომსახველ, ფაქტობრივი ძეგლისკენაა მიმართული.

და ბოლოს, მოსწავლეებთან საკომუნიკაციო ენის გაშუალება-გაბუნებრივებისთვის, ყველას გამოგვადგება ის ფილმები თუ სერიალები, რომლებსაც მოზარდები ხშირად უყურებენ. მაგ: Toy Story, Harry Potter, E.T. the Extra-Terrestri (თუმცა, ეს აღარც იმდენად). სერიალები: Stranger Things, Sex Education, The End of the F***ing World. ასევე, მარველისა და დისის კომიქსების კინოეკრანიზაციები. ხსენებული პოპულარული პროექტების ყურებით, გარდა მისი მაყურებელი ბავშვების ინტერესებისა და გემოვნების გაცნობისა, ამავდროულად ვეცნობით: იმ სააზროვნო და კულტურულ კოდებს, რომლებიც ახალი (მილენიალების შემდგომი თაობების) თაობის რაღაცაგვარ ფორმირებაში მონაწილეობენ. 

ავტორი: ავთანდილ ძამაშვილი 
წაიკითხეთ სრულად