Baby Bag

5 სკოლის მასწავლებლებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ტრენინგს უტარებს

5 სკოლის მასწავლებლებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ტრენინგს უტარებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებზე სკოლის მასწავლებლების გადამზადებას ახორციელებენ, - ინფორმაციას მანდატურის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგი იმ საპილოტე სკოლებში ტარდება, სადაც მანდატურის სამსახურის მიერ შემუშავებული სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გრძელვადიანი პროექტი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გადამზადებას თბილისის 48-ე, 138-ე, 85-ე, 162-ე და ბათუმის მე-8 საჯარო სკოლების პედაგოგები გადიან.

„სკოლის მასწავლებლების გადამზადება ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის მტკიცებულებითი მეთოდის (EU DAP Unplugged Program) გამოყენებით მიმდინარეობს. მეთოდი, სახელწოდებით - „ცოცხალი შესრულებით“ წარმოადგენს 12-13 წლის მოზარდებისთვის, სკოლის ფარგლებში განსახორციელებლად განკუთვნილ, ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის პროგრამას და ეფუძნება კოგნიტური სოციალური გავლენის მოდელს. ეს სრულიად ახალი მეთოდია ამ მიმართულებით, რომელიც ევროკავშირის 15 ქვეყანაში ერთდროულად, წარმატებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი - განათლების სამინისტრო

საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი - განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. მათივე ცნობით, სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა. 

„კვლავ აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით ინტენსიურად უტარდება.

Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. 

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს.

კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად