Baby Bag

5 სკოლის მასწავლებლებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ტრენინგს უტარებს

5 სკოლის მასწავლებლებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ტრენინგს უტარებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებზე სკოლის მასწავლებლების გადამზადებას ახორციელებენ, - ინფორმაციას მანდატურის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგი იმ საპილოტე სკოლებში ტარდება, სადაც მანდატურის სამსახურის მიერ შემუშავებული სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გრძელვადიანი პროექტი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გადამზადებას თბილისის 48-ე, 138-ე, 85-ე, 162-ე და ბათუმის მე-8 საჯარო სკოლების პედაგოგები გადიან.

„სკოლის მასწავლებლების გადამზადება ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის მტკიცებულებითი მეთოდის (EU DAP Unplugged Program) გამოყენებით მიმდინარეობს. მეთოდი, სახელწოდებით - „ცოცხალი შესრულებით“ წარმოადგენს 12-13 წლის მოზარდებისთვის, სკოლის ფარგლებში განსახორციელებლად განკუთვნილ, ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის პროგრამას და ეფუძნება კოგნიტური სოციალური გავლენის მოდელს. ეს სრულიად ახალი მეთოდია ამ მიმართულებით, რომელიც ევროკავშირის 15 ქვეყანაში ერთდროულად, წარმატებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ზუგდიდელი მასწავლებლის ფეისბუკპოსტი სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა

ზუგდიდელი მასწავლებლის ფეისბუკპოსტი სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.

ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:

,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.

წყარო: ​Rustavi2 

წაიკითხეთ სრულად