Baby Bag

კონკურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის

კონკურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის

ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი ითვალისწინებს:

  •  ინგლისური ენის მასწავლებლების პროექტებზე დაფუძნებული სწავლების უნარების გაღრმავებასა და საკლასო პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას;
  •  მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას, მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების ( გუნდური მუშაობა, ანალიზი, კვლევა, ეფექტური კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება ა.შ.) განვითარებას, საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.
  • გლობალური საკითხების ინტეგრირებას შემოქმედებით საგაკვეთილო პროცესში, გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა, სამოქალაქო უფლებები, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სიღარიბე, განათლება და ა.შ.

კონკურსის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინგლისური ენის მასწავლებლებს, რომელთაც წარმატებით დაასრულეს ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგკურსი „პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე“(2018- 2019 წლებში).

მასწავლებელი კონკურსისათვის ბრიტანეთის საბჭოში წარმოადგენს ტრენინგის მასალების მიხედვით განხორციელებული პროექტის:

  • გეგმას, ყველა გამოყენებულ რესურსთან ერთად ( საგაკვეთილო გეგმები, ელექტრონული რესურსების ლინკები და ა.შ).
  • პრეზენტაციას, რომელიც ნათლად უნდა ასახავდეს პროექტის შეფასების რუბრიკებთან შესაბამისობას ( შესაძლოა გამოყენებული იყოს აუდიო, ვიდეო, ფოტოები ა.შ).
  • მოსწავლეთა ჯგუფის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში შექმნილი საბოლოო პროდუქტი.
შენიშვნა: მასწავლებელთა და მოსწავლეთა პრეზენტაციებს თან უნდა ახლდეს შესაბამისი კომენტარები.

კონკურსისათვის წარმოდგენილი პროექტები შეფასდება დანართი N1-ში მოცემული პროექტის შეფასების რუბრიკის მიხედვით.

პროექტების ბრიტანეთის საბჭოში წარდგენის საბოლოო ვადაა: 2020 წლის 31 იანვარი.

კონკურსის დოკუმენტაცია და პრეზენტაციები დარეგისტრირებულმა მასწავლებლებმა WeTransfer – ის მეშვეობით უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tamuna.kvachadze@ge.britishcouncil.org, სათაურით- ‘PBL Competition Entry’.

კონკურსის ფინალისტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის „ სწავლება წარმატებისათვის, პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა“ ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგ კურსი „ თემატური სწავლებისა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა ზოგად განათლებაში შინაარსისა და ენის ინტეგრირებული სწავლების (CLIL) მეთოდოლოგიის გამოყენებით“.

სარეგისტრაციო ლინკი: ​კონკურსი ინ​გლისური ენის ​მასწავლებლებისათვის

​დანართი N1

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო დავალება... როდესაც პატარა დავალებას ვაძლევ ბავშვებს, ისინი უფრო მეტს აკეთებენ,“ - პედაგოგი ნათელა ამონაშვილი

„ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო დავალება... როდესაც პატარა დავალებას ვაძლევ ბავშვებს, ისინი უფრო მეტს აკეთებენ,“ - პედაგოგი ნათელა ამონაშვილი

პედაგოგმა ნათელა ამონაშვილმა, რომელსაც ბავშვებთან მუშაობის 60-წლიანი გამოცდილება აქვს, იმ მეთოდების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მოსწავლეებთან იყენებს:

„ჩემი მოსწავლეების ბრძნულ აზრებს დღემდე ვინახავ. როდესაც ვასწორებდი წერით ნამუშევრებს და შემხვდებოდა ასეთი ფრთიანი, ნაპერწკლიანი აზრი, იმას გავხაზავდი ხოლმე. შემდეგ ესენი ამოკრიბეს ბავშვებმა, გამოფენა მოვაწყვეთ ამ ბრძნული აზრების. ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ყველაფერი მახსენდება და მიხარია.“

ნათელა ამონაშვილის თქმით, ის ბავშვებს დავალებებს მინიმუმამდე უმცირებს:

„შეიძლება, ზარმაცი ბავშვი შემხვედრია, მაგრამ მე ის ზარმაცად არ მიმიჩნევია. ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო დავალება. კიდეც ვეტყვი ხოლმე ბავშვებს, ბავშვებო, მე ეს დავალება მოგეცით, მაგრამ თქვენ თუ გინდათ, შეიძლება უფრო საინტერესო რაღაც მოძებნოთ და უფრო რთული დავალება გააკეთოთ. როდესაც პატარა დავალებას ვაძლევ ბავშვებს, მინიმუმამდე დაყვანილს, ისინი უფრო მეტს აკეთებენ.“

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვი საკუთარ თავში ჩავახედოთ. ვქმნით საუბრების სიას. ბავშვები ემზადებიან და ერთ მშვენიერ დღეს გვაქვს საუბრები ამ თემებთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ნიშნები არ უნდა იყოს. არც ხუთიანი, არც ათიანი, არც ასიანი. ნიშანი თრგუნავს ბავშვს. ანგარიშგების სრულიად ახალი ფორმა გამოვიყენეთ ჩვენ, ბავშვის სიტყვიერი შეფასება, სადაც პირველ რიგში, იწერება ბავშვის დადებითი თვისებები. ის, რასაც მიაღწია ბავშვმა, რაც შეძლო, რაშიც წარმატება მოიპოვა. შემდეგ შეიძლება ლამაზი ტონით მიუთითო იმაზე, რაც შეიძლება მომავალში გამოასწოროს. მასწავლებელი უნდა იყოს მომთმენი. გულწრფელად უნდა უყვარდეს ყველა ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხზე ნათელა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად