Baby Bag

ქართველმა მასწავლებლებმა etwining-ის შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ქართველმა მასწავლებლებმა etwining-ის შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ქალაქ კანში, (საფრანგეთი) ჩატარდა etwinning-ის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც „დემოკრატიულ ჩართულობას“ მიეძღვნა.

„იქ, სადაც განათლება თანხვედრაშია დემოკრატიასთან“- ამ სახელწოდების მქონე კონფერენციას 500-მდე მონაწილე, მათ შორის 4 ქართველი მასწავლებელი ჰყავდა. ნინო თამარაშვილი ( “სკოლა ოპიზა”, ინგლისური ენის მასწავლებელი), მაკა მარჯანიძე (ქ.ქარელის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი), ციცი ჭანტურია (წალენჯიხის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი), ინგა გოგალაძე (დაბა სურამის #4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი).

როგორ საზოგადოებაში იცხოვრებენ ჩვენი შვილები ხვალ? როგორ შეძლებენ მომავალში ისინი საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში სრულად ჩართვასა და მონაწილეობას? ეს ის კითხვებია, რომლებიც კონფერენციაზე განხილულ თემებს დაედო საფუძვლად.

პირველ დღეს გამოვლინდა 2019 წლის ევროპის პრიზის მფლობელებიც.

კონფერენციის მეორე დღეს, მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამუშაო შეხვედრასა და სემინარებში. Etwinning-ის ელჩებმა საკუთარი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და გამოცდილება გაუზიარეს კონფერენციის მონაწილეებს.

სასწავლო აქტივობის დასრულების შემდეგ, სპეციალისთა და ექსპერტთა მონაწილეობით, გაიმართა მსჯელობა საკითხზე: „როგორ შეიძლება ზემოქმედება

მოვახდინოთ სასკოლო სისტემაზე, მათი დემოკრატიულობის ხარისხის ამაღლების

მიზნით?“. აღნიშნული მსჯელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად უნდა ჩაითვალოსბელგიელი მოსწავლის ბერკან ალჩის მიერ გამოთქმული თამამი მოსაზრება, რომელმაც განაცხადა: „თუ თქვენს მოსწავლეებს ავტონომიასა და მოქმედების თავისუფლებას მისცემთ, აღმოაჩენთ, რომ ყველაზე პასიური მოსწავლეც კი მოტივირებული გახდება“.

კონფერენციის მეორე დღეს ჩატარდა მრავალფეროვანი და საინტერესო სამუშაო შეხვედრები, სადაც პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, იმუშავეს მცირე ჯგუფებში, იმსჯელეს სწავლების სხვადასხვა მეთოდებზე: სწავლა კეთებით, საჯარო საუბრების ტექნიკა, ასევე სკოლებში არსებულ დემოკრატიულ ორგანოებზე, რა აქტივობებით არის შესაძლებელი მოსწავლეებს დაეხმარონ გააცნობიერონ რას ნიშნავს დემოკრატია. კონფერენციის მესამე დღეს მოხდა საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარება.

კონფერენციის მესამე დღეს, მონაწილეები აქტიურად ჩაებნენ ინტერაქტიულ სასწავლო აქტივობაში, რომელიც დემოკრატიის თემას ეძღვნებოდა. ისინი სხვა მონაწილეების წინაშე წარსდგნენ საკუთარი იდეებით, ცდილობდნენ საკუთარი კოლეგების დარწმუნებას, ჩაერთვნენ განხილვებში და საბოლოოდ კენჭისყრის საშუალებით აირჩიეს საუკეთესო იდეა.

კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული, სახალისო და მრავლისმომცველი თემა იყო მუშაობა პროექტზე სახელწოდებით “ითვინლანდია”, რომელიც სამივე დღის მანძილზე განაწილებულ აქტივობებს მოიცავდა. მისი შინაარსი დემოკრატიის თემას უკავშირდებოდა და ამასთანავე სახალისოდ და ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა. კონფერენციის ყველა მონაწილე განაწილებული იყო სხვადასხვა ჯგუფში.

თითოეულ ჯგუფს მიეცა ერთნაირი დავალება, რომლის პრეზენტაციაც მოხდა კონფერენციის დასკვნით ნაწილში. ხმის მიცემის სისტემით კი გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი.

სამდღიანი კონფერენცია ნაყოფიერი იყო eTwinningplus ქართული სკოლების წარმომადგენლებისთვის, რადგანაც შეძლეს საკუთარი პრაქტიკის გაზიარება, ევროპელი კოლეგების მხრიდან ინტერესის გაღვიძება და პირდაპირი კონტაქტის გზით ახალ პროექტებზე იდეების მოძიება.

შეიძლება დაინტერესდეთ

მორიგი დასვენების დღეები ონლაინ სწავლებისგან

მორიგი დასვენების დღეები ონლაინ სწავლებისგან

9 აპრილის შემდეგ მოსწავლეები და მასწავლებლები ონლაინ სწავლებისგან კიდევ რამდენიმე დღით დაისვენებენ. 2020 წლის 19 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომოდ სასწავლო პროცესი 4 დღით შეჩერდება.

როგორც ​Momsedus​.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, როგორც არადისტანციური სწავლების დროს ისვენებდნენ სკოლები წითელ პარასკევსა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს (აღდგომის შემდეგი ორშაბათი), ამ შემთხვევაშიც ისარგებლებენ დასვენების უფლებით (შაბათი და კვირა ისედაც დასვენების დღეებია).

საქართველოს სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი თითქმის ერთი თვეა, დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღდგება სკოლებში სწავლა ჩვეულებრივი ფორმით. როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სამინისტრომ რამდენიმე სცენარზე იმუშავა:

„ჩვენ ვიმუშავეთ ყველა ტიპის სცენარზე. სამინისტრო მზადაა, თუ ყველაფერი კარგად იქნება და სასწავლო წელი, თუნდაც მაისის პირველ რიცხვებში დავიწყეთ, საკლასო ოთახებში დაბრუნების შემთხვევაშიც შეგვიძლია, დავასრულოთ სასწავლო წელი გარკვეული რეკომენდაციების საფუძველზე. თუ ეს ვერ მოხერხდება, ჩვენ გარკვეულ ალტერნატივებს შევთავაზებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს და ამ სასწავლო წელს 15 ივნისს დავასრულებთ ისე, რომ მოსწავლეები გადავლენ მომდევნო კლასში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


წაიკითხეთ სრულად