Baby Bag

საგნები, რომლებზეც ყველაზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული

საგნები, რომლებზეც ყველაზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, წელს მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება ოქტომბრის მონაცემებით 1890 პედაგოგმა მოიპოვა. აქედან საჯარო სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე 1400 დასაქმდა, 490 კი განათლების სისტემაში იყო დასაქმებული (კერძო სკოლა, სხვა პოზიცია) - აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმითმნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში, მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდაზე რეგისტრირებული 30 000-მდე აპლიკანტიდან, 10 000 მასწავლებლობის მსურველი ახალი აპლიკანტი იყო, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. აღსანიშნავია ისიც, რომ აპლიკანტების 30%-მა დადგენილი უმაღლესი - 10 კრედიტიანი ბარიერი დაძლია:

„ეს ნათლად აჩვენებს, რომ განათლების რეფორმის შედეგად, მასწავლებლობა პრესტიჟული და მიმზიდველი პროფესია ხდება. რაც შეეხება სკოლებში გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებს, 1470 საჯარო სკოლის მიერ 4500-მდე ვაკანსია გამოცხადდა. Teacherjobs.ge-ზე სულ 17400 აპლიკანტი დარეგისტრირდა, დაახლოებით 51350 საათზე“ - განაცხადა მინისტრმა. 

სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში 100-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული. ლიდერობს ბიოლოგია (11), ისტორია (10), მუსიკა (10), ფიზიკა (10), მათემატიკა (16) და აშ.

იხილეთ ასევე:

მასწავლებელთა ვაკანსიები


შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ კაცი აღზრდილი არ არის, ცოდნა მის ხელში საშიშია. მთავარია არა სწავლა, არამედ აღზრდა,“ - შალვა ამონაშვილი

ცნობილი ფსიქოლოგი და პედაგოგი შალვა ამონაშვილი სკოლის ძირითადი დანიშნულებისა და ფუნქციის შესახებ საუბრობს, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სკოლა სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებაა:

„მე არ ვიცი, როგორ გაუჩნდა ვიღაც მეცნიერს თავში აზრად, რომ სკოლისთვის დაერქმია სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება. სკოლა არ არის სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება, თანაც ტერმინიც არასწორია: სასწავლო და მერე აღმზრდელობითი, მაშინ, როდესაც ვიცით, რომ მთავარია არა სწავლა, არამედ აღზრდა. თუ კაცი აღზრდილი არ არის, ცოდნა მის ხელში საშიშია.“

შალვა ამონაშვილის თქმით, სკოლა მოსწავლისთვის კიბის ფუნქციას ასრულებს, რომელზეც ის თავისი სულიერებით უნდა ამაღლდეს:

„ამრიგად, რას ნიშნავს სიტყვა „სკოლა?“ ეს არ არის ჩვეულებრივი სიტყვა. მას ძალიან ღრმა ძირი აქვს, მომდინარეობს სანსკრიტიდან, მერე შეიჭრა ლათინურში და იქიდან მოგვივიდა ჩვენ. სკოლა (შუალე, სქულე) - ეს ტერმინი ერთი ფუძიდან მოდის. თარგმანში აი, რას ნიშნავს ეს სიტყვა: „სკოლა“ - კიბე, რომელზედაც მიემართება ჩვენი სული და სულიერება, ეს არის კიბე, რომელზეც მიემართება და მაღლდება ბავშვი თავისი სულიერებით. მაშინ თუ სკოლა კიბეა, კითხვა უნდა გაგვიჩნდეს, თუ სად არის ეს კიბე? რომელიღაც ქუჩაზე? წარმოუდგენელია ასეთი კიბეები ქუჩაზე. სკოლა არის მასწავლებელი. ეს კიბე მასწავლებელშია.“

„კარგი მასწავლებელი კარგი კიბით მიდის. ცუდი მასწავლებელი ცუდი კიბით მიდის. ნიჭიერი მასწავლებელი ნიჭიერ კიბეს მიუშვერს ბავშვს, შემოქმედი მასწავლებელი შემოქმედ კიბეს მიუშვერს ბავშვს. ბავშვმა მასწავლებლის მეშვეობით უნდა გაიაროს ცხოვრება, შეიაროს ცხოვრებაში. მასწავლებელი არის როგორც ბროლის ფანჯარა, გახედავ და ყველაფერი ჩანს, მაგრამ შუშას ვერ ხედავ. ასეთი უნდა იყოს მასწავლებელი და მაშინ ხდება ის ბავშვისთვის კიბე და საყვარელი ადამიანი. ბავშვს ენატრება და უნდა ასეთი მასწავლებელი. მას არც ჩიჩინი უნდა დაჯექი და საშინაო დავალება მოამზადეო. აი, ეს არის სკოლის ნამდვილი აზრი. სკოლა მასწავლებელშია და არა შენობაში,“ - აღნიშნავს შალვა ამონაშვილი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად