Baby Bag

„ის მასწავლებლები, რომლებიც 18 საათზე მეტს ჩაატარებენ, დამატებით მიიღებენ საათობრივ დანამატს“ - მიხეილ ბატიაშვილი განხორციელებულ ცვლილებებზე

„ის მასწავლებლები, რომლებიც 18 საათზე მეტს ჩაატარებენ, დამატებით მიიღებენ საათობრივ დანამატს“ - მიხეილ ბატიაშვილი განხორციელებულ ცვლილებებზე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც სისტემაში ახლადშესულ პედაგოგებს შეხვდა, რეფორმის ფარგლებში მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებაზე, პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციისა და მასწავლებლის დაფასების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პირველი შედეგებზე ისაუბრა. 

მინისტრის თქმით, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის პარალელურად, სკოლაში უნდა წახალისდეს მასწავლებლის მიერ სკოლის ფარგლებში მოსწავლეებთან და სასკოლო გარემოში მეტი საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო საათების გატარება, რათა ხელი შეეწყოს ყველა მოსწავლისათვის მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას.

„რეფორმის ფარგლებში იდგმება ისეთი ნაბიჯები, რის შედეგადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ქალაქსა და სოფლის მოსწავლეებს შორის აკადემიურ მიღწევებში განსხვავებები. ყველა სკოლას ეყოლება მოტივირებული, კვალიფიციური, მაღალი სოციალური სტატუსის, დაფასებული მასწავლებელი. 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში სწორედ ამისათვის განხორციელდა სახელფასო მატება და შედეგად, სრულ განაკვეთზე უფროსი მასწავლებლის საშუალო ხელფასმა 1011 ლარი, წამყვანი მასწავლებლის 1417 ლარი, ხოლო მენტორი მასწავლებლის 1745 ლარი გახდა. ხელფასი ასევე მოემატათ იმ მასწავლებლებს, რომლებიც არ ასწავლიან სრულ განაკვეთზე და ამ მატებამ საშუალოდ100 ლარი შეადგინა. ცვლილება შევიდა მასწავლებელთა საათობრივი დაანგარიშების წესში და ის მასწავლებლები, რომლებიც 18 საათზე მეტს ჩაატარებენ, დამატებით მიიღებენ საათობრივ დანამატს საშუალოდ 30 ლარის ოდენობით. 6400-ზე მეტმა მასწავლებელმა საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ორი წლის ხელფასის ოდენობის სახელმწიფო ჯილდო მიიღო. აღნიშნული პრივილეგიით სარგებლობის უფლება 2019 წლის ბოლომდე ნებისმიერ პრაქტიკოს საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებელს აქვს,“ - განაცხადა მინისტრმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ წინა სასწავლო წელთან შედარებით სულ მცირე 16%-ით გაიზარდა სრულ ან სრულზე მეტ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების რაოდენობა. პედაგოგის საშუალო საგაკვეთილო დატვირთვამ 2018-2019 წელს - 15 საათი, ხოლო 2019-2020 სასწავლო წელს - 17 საათი შეადგინა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება

ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება

„2020-2021 სასწავლო წელი ტრადიციულად, 15 ივნისს დასრულდება,“ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილმე ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„მოგე​ხსენებათ, ხანგრძლივი პერიოდით გამოცხადდა დასვენების დღეები. შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ რეკომენდაციებზე. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს, რომ სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს. იმ დღეს, რა დღესაც ტრადიციულად სრულდება. იმ 6 სასწავლო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ​დასვენების დღედ გამოცხადდა, უკვე მომზადებული რეკომენდაციები დაეგზავნათ სკოლებს, როგორ უნდა მიაღწიონ იმ მიზნებს, რომლებიც დაგეგმილი ჰქონდა თითოეულ სკოლას. მათ ინდივიდუალურად შეუძლიათ დააორგანიზონ საგაკვეთილო პროცესი, გამოიყენონ რამდენიმე საათი დამატებით, შაბათი დღე. ყველა ეს რეკომენდაცია არის დეტალურად გაწერილი, ყველა სკოლას აქვს მიწოდებული და დარწმუნებული ვარ, ისინი ინდივიდუალურად იმუშავებენ სასკოლო სასწავლო გეგმის გარშემო და 15 ივნისს ყველა სკოლა ჩვეულ რეჟიმში დაასრულებს სასწავლო პროცესს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

წყარო: გადაცემა „აქტუალური თემა მაკა ცინცა​ძესთან ერთად“

წაიკითხეთ სრულად