Baby Bag

საქართველოს სკოლების ნახევარი, ისტორიულად, კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტს განიცდიან

საქართველოს სკოლების ნახევარი, ისტორიულად, კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტს განიცდიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, სისტემაში ახლადშესულ პედაგოგებთან იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც მცირეკონტინგენტიან და სოფლის სკოლებში ათწლეულებია არსებობს.

მინისტრის თქმით, საქართველოს სკოლების ნახევარი, 1- 100 მდე მოსწავლიანი სკოლაა (900 ზე მეტი სკოლა), რომლებიც ისტორიულად, კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტს განიცდიან.

მასწავლებლის სახლის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ პროექტის ფარგლებში 150 წარგზავნილი მასწავლებელი უკანასკნელი 10 წელი დეფიცტს ვერ ავსებდა, ეს რაოდენობა მოთხოვნილი მასწავლებლების მხოლოდ 40% აკმაყოფილებდა ყოველწლიურად. მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამებზეც ათწლეულებია არ იქმნება კონკურსი და ე.წ უფასო პროგრამებზეც კი კონტინგენტი არ სცდება ყოველწლიურად 530-მდე ადამიანს. წელს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდის ტენდენციის მიუხედავად, უნივერსიტეტები, აკადემიური პროგრამების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, უახლოესი 5-10 წლის მანძილზე ვერ უზრუნველყოფენ საჭირო კადრების მომზადებას.

„სწორედ თქვენი მონაწილეობით გადაიჭრება მცირეკონტინგენტიანი სოფლის სკოლებში ათწლეულებია არსებული პრობლემები. სწერდ ამიტომ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაძლიერდეს ისეთი მიზნობრივი პროგრამები, როგორიც არის მაძიებლობის პროგრამა - დღეისათვის სისტემაში 2000-მდე მაძიებელი პედაგოგია. პირებს , რომლებსაც აქვთ რომელიმე დისციპლინის/საგნის მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი, სკოლაში კონკურსის გავლის შედეგად ერთვებიან 2 წლიან მომზადების პროგრამაში, გადიან დისტანციური მომზადების კურსს და აბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდას. მაძიებლობის პროცესში მასწავლებლები პრაქტიკოსი მასწავლებლის ოდენობის ანაზღაურებას იღებენ. მასწავლებლის ეროვნული სკოლა- რომელიც საშუალებას აძლევს როგორც მოქმედ, ისე მასწავლებლობის მსურველებს გაიარონ 3 თვიანი ინტენსიური პროგრამა და ასწავლონ ერთზე მეტი მომიჯნავე საგანი, მაგალითად ისტორია-გეოგრაფია-სამოქალაქო განათლება, ან ქიმია-ბიოლოგია და ა.შ. პროგრამაზე 4000 პირი დარეგისტრირდა. 24-25 ოქტომბერს გასაუბრებები, ხოლო ტრენინგი ნოემბერში გაიმართება. პროგრამა ასწავლე საქართველოსთვის - გააგრძელებს მასწავლებლების წარგზავნას განსაკუთრებით მოშორებულ და მთის სკოლებში“ - განაცხადა მინისტრმა.

პედაგოგებთან შეხვედრაზე, ასევე ითქვა, რომ ცვლილება შედის მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამაში, და ე.წ 60 კრედიტიანი პროგრამა, მსურველებს საბაკალავრო სწავლებისას როგორც დამოუკიდებლად, ასევე ინტეგრირებულად შეეთავაზებათ. უახლოეს პერიოდში შემუშავდება ასევე საბაზო საფეხურის საგნობრივი ჯგუფების მასწავლებელთა მომზადების პროგრამები.

შეიძლება დაინტერესდეთ

2024 წლამდე პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ საქართველოს ყველა რეგიონის სკოლას დაფარავს

2024 წლამდე პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ საქართველოს ყველა რეგიონის სკოლას დაფარავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, ქ. ზესტაფონში „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ჩართული საჯარო სკოლების საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი ფორუმი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგლიჩიძე.

ფორუმის ფარგლებში პროექტში ჩართული 6 ადგილობრივი საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა 2019 წელს „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვით მიღწეული შედეგები შეაჯამეს და ამ მიმართულებით ერთმანეთს მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. მონაწილეებმა, ასევე, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნის, სასკოლო კულტურის განვითარების, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და კომპლექსური/პროექტული დავალებების საკითხები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში სამინისტროს მიერ სკოლებში სასწავლო კულტურის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად აუცილებელია თითოეული მოსწავლის ინტერესების იდენტიფიცირება და მათი პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნვა. ეკატერინე დგებუაძის თქმით, მსგავსი ფორუმების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან „ახალი სკოლის მოდელის“ მიღწევებზე ყურადღების გამახვილებასთან ერთად საჭიროა სკოლებში არსებული გამოწვევებისა და პროექტში ჩართული პედაგოგების რეკომენდაციების გათვალისწინებაც.

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე 165 სკოლის პირველ-მეოთხე კლასებში ხორციელდება. 2024 წლამდე პროექტი საქართველოს ყველა რეგიონის სკოლას დაფარავს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლის მოდელის პროექტში 2019 წლის მარტიდან ჩართული არიან: ქ. ზესტაფონის N5 , N6 და N7 საჯარო სკოლები, ხოლო 2019 წლის ოქტომბრის თვიდან: ქ. ზესტაფონის N1, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურისა და სოფელ ფუთის საჯარო სკოლები.

წაიკითხეთ სრულად