Baby Bag

2019 წელს მასწავლებლის სახლი საუკეთესო პედაგოგს ყველა საგანში გამოავლენს

2019 წელს მასწავლებლის სახლი საუკეთესო პედაგოგს ყველა საგანში გამოავლენს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსში,რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა.

სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიამ საუკეთესო კანდიდატები შეარჩია. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო. კონკურსში მონაწილე 8 ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა,რომელთაც მასწავლებლის სახლმა სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადასცა.

სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი - თემურ სუყაშვილი გახდა, (სსიპ ქ. მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლა) გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი - მარინე ვართუმაშვილი (გორის N12 საჯარო სკოლა ) , ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული კი ჯაბა ლაბაძეს ერგო. (ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №2 საჯარო სკოლა)

გამარჯვებულები სხვადასხვა კომპანიამ დააჯილდოვა. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე, დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. ამასთან ერთად, სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,პანდემიის პირობებში პედაგოგები, ექიმების მსგავსად, ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ და ახალ გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი''

,,პანდემიის პირობებში პედაგოგები, ექიმების მსგავსად, ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ და ახალ გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი''

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.

სამიტის მთავარ მიზანს პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებზე მსჯელობა წარმოადგენდა. სპეციალური მოწვევით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პანელურ სესიაზე, ავსტრიისა და ეკვადორის განათლების მინისტრებთან ერთად, განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მონაწილეობა. მსურს მადლობა გადავუხადო Microsoft-ის წარმომადგენლებს ამ მეტად საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის. პერსონალური მადლობა კი ენტონი სალსიტოს, რომელთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ერთობლივად საინტერესო პროექტები განვახორციელეთ. Microsoft-ის პროდუქტები არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით შევძელით პანდემიით გამოწვეული გამოწვევების დაძლევა.

შექმნილ ვითარებაში კარგად გამოჩნდა გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი მიდგომისა და სწრაფი რეაგირების მნიშვნელობა. გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენი გუნდის მთავარი მოტივაციის წყარო ჩვენი ახლაგაზრდები იყვნენ – კრიზისის მიუხედავად, მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობები უნდა შეგვექმნა“.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გამო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლების სერვისების მიწოდება გახდა. შემუშავდა სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლითაც შესაძლებელი გახდა განათლების სისტემაზე ახალი კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შემცირება და სწავლა-სწავლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა.

მინისტრის თქმით, დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ ორი ძირითადი მიმართულებით იმოქმედა: Microsoft-ის პროდუქტების გამოყენებით სკოლებში ონლაინ სწავლება დანერგა და დაიწყო მასშტაბური პროექტი „ტელესკოლა“.

ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის შეიქმნა Microsoft Office 365-ის მომხმარებლის პროფილი. Microsoft TEAMS-ში შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახები ყველა სკოლის კლასებისა და საგნებისთვის. შემუშავდა დეტალური ინსტრუქციები საჯარო სკოლებისთვის. სამინისტროს წარმომადგენლები დახმარებას უწევდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს, რათა სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარმართულიყო.

განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა“ (TV-School), რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. მინისტრის თქმით, პროექტს, რომელიც „პირველი არხი – განათლების“ ეთერში გადის, საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. სატელევიზიო გაკვეთილებს, რომლებიც ყველა კლასის ყველა საგანში ტარდება, არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც უყურებენ. სწორედ ასეთი წარმატების გამო პროექტი „ტელესკოლა“ პანდემიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს საქმიანობის მომდევნო ეტაპი და ამბიციური გეგმაა Microsoft-თან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამის „Minecraft Education Edition“ დანერგვა. ეტაპობრივად კი პროგრამა ყველა სკოლაში დაინერგება. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის.

მინისტრმა უმაღლესი განათლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატებულად განხორციელებული ელექტრონული სწავლების შედეგად, სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდეგ, სასწავლო კურიკულუმებში ელექტრონული რესურსების გამოყენების კომპონენტი გაძლიერდება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა მასწავლებლებისა და უმაღლესის სასწავლებლების ლექტორების ენთუზიაზმსა და შემოქმედებით მიდგომას როგორც დისტანციური სწავლების, ასევე, „ტელესკოლის“ პროექტის განხორციელების პროცესში და მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, პანდემიის პირობებში პედაგოგები, ექიმების მსგავსად, ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ და ახალ გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი.

Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მონაწილებდნენ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (UNESCO), ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტი ლიდერი.

წაიკითხეთ სრულად