Baby Bag

14-18 ოქტომბერს მასწავლებლებისთვის ვორქშოფი გაიმართება

14-18 ოქტომბერს მასწავლებლებისთვის ვორქშოფი გაიმართება

ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს (GGSB), რომელიც აერთიანებს გერმანიის რესპუბლიკის ქ. იულიხის კვლევითი ცენტრის (FZJ) ინსტიტუტებს, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმთან (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრიუნი) თანამშრომლობის 15 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

ამ კონცეფციის ფარგლებში, 2019 წლის 14-18 ოქტომბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, JULAB-ის წამყვანი მასწავლებლები ჩაატარებენ ვორქშოფს ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, იულაბის ექსპერიმენტული ყუთის გამოყენებით, თემაზე „ელექტრობა“. ისინი ქართველ მასწავლებლებს სახალისო ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს გააცნობენ, რათა მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესი გაუღვივონ. ვორქშოფი მოიცავს როგორც ექსპერიმენტულ, ისე თეორიულ ნაწილს.

ვორქშოფის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს IV-VI კლასების ბუნებისმეტყველების მასწავლებლები. ვორქშოფის სამუშაო ენა - ინგლისური. ვორქშოფი უზრუნველყოფილი იქნება თარჯიმნის მომსახურებით.

ვორქშოფის გავლის შემდგომ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ვორქშოფზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს - ​ვორქშოფი.

შეიძლება დაინტერესდეთ

სამინისტროს გადაწყვეტილება გრიფირების პროცესთან დაკავშირებით

სამინისტროს გადაწყვეტილება გრიფირების პროცესთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო IX კლასის ყველა საგნისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურების (I-VIII კლასების) ზოგიერთი საგნისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს აგრძელებს. იმისათვის, რომ მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები შეიქმნას, სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიფირების პროცესში საზოგადოების მაღალი ჩართულობის გამო, სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის ვადა 31 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა.

გრიფირების პროცესი სრულად ელექტრონულად სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე არსებულ პლატფორმაზე - https://grifireba.emis.ge მიმდინარეობს. სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სპეციალისტებისა და მშობლების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გრიფირების ელექტრონულ პორტალზე ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი) 31 მარტის ჩათვლით იქნება საჯაროდ განთავსებული. შესაბამისად, აღნიშნულ პორტალზე ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს სახელმძღვანელოების შინაარსს და გააკეთოს შესაბამისი კომენტარი.

დაინტერესებული პირების მიერ პორტალზე დატოვებულ კომენტარებს განიხილავენ სახელმძღვანელოების შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფები, რომლებიც საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად, მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე მასწავლებლებს, დარგის მეცნიერებს, ფსიქოლოგებს, ფილოლოგებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს აერთიანებს.

რეცენზირების I ეტაპი მაისში, ხოლო II ეტაპი - ივნისის დასაწყისში დასრულდება. სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის 18 ივნისამდე იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლა არჩევანს რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთებს.

2021 წელს სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირებასთან დაკავშირებით 54 განაცხადი გაკეთდა, საიდანაც პირველი საფეხური 53-მა გადალახა და რეცენზირების ეტაპზე გადავიდა. ამასთან, პირველად გრიფირების ისტორიაში შესაფასებლად წარმოდგენილია I-IV კლასების აფხაზური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები.

სახელმძღვანელოების რეცენზენტთა შერჩევისა და მათი გადამზადების მიმართულებით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან. სისტემის ამგვარი ღიაობა დადებითად შეფასდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ ანგარიშში - „თანასწორობის პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში“. ამასთან, 2020 წელს გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარდა სასკოლო სახელმძღვანელოების პროცესის შეფასება და გაიცა რეკომენდაციები.

წაიკითხეთ სრულად