Baby Bag

14-18 ოქტომბერს მასწავლებლებისთვის ვორქშოფი გაიმართება

14-18 ოქტომბერს მასწავლებლებისთვის ვორქშოფი გაიმართება

ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს (GGSB), რომელიც აერთიანებს გერმანიის რესპუბლიკის ქ. იულიხის კვლევითი ცენტრის (FZJ) ინსტიტუტებს, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმთან (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრიუნი) თანამშრომლობის 15 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

ამ კონცეფციის ფარგლებში, 2019 წლის 14-18 ოქტომბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, JULAB-ის წამყვანი მასწავლებლები ჩაატარებენ ვორქშოფს ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, იულაბის ექსპერიმენტული ყუთის გამოყენებით, თემაზე „ელექტრობა“. ისინი ქართველ მასწავლებლებს სახალისო ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს გააცნობენ, რათა მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესი გაუღვივონ. ვორქშოფი მოიცავს როგორც ექსპერიმენტულ, ისე თეორიულ ნაწილს.

ვორქშოფის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს IV-VI კლასების ბუნებისმეტყველების მასწავლებლები. ვორქშოფის სამუშაო ენა - ინგლისური. ვორქშოფი უზრუნველყოფილი იქნება თარჯიმნის მომსახურებით.

ვორქშოფის გავლის შემდგომ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ვორქშოფზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს - ​ვორქშოფი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის სხვადასხვა საგნის საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვა

ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის სხვადასხვა საგნის საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და ქართული, როგორც მეორე ენების საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსში, რომელიც 2019 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიამ საუკეთესო კანდიდატები შეარჩია. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.

დაჯილდოების ცერემონია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. კონკურსში მონაწილე 14 ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა, რომელთაც მასწავლებლის სახლმა სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადასცა. ხუთივე ფინალისტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პარტნიორმა, საქართველოს ბანკმა 500 ლარით დააჯილდოვა.

ინგლისური ენის საუკეთესო პედაგოგი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მარინე ფორჩხიძე გახდა. მას ბრიტანეთის საბჭომ პლანშეტი გადასცა, ამერიკის საელჩომ კი ქინდლი დამხმარე სახელმძღვანელოებით. ასევე, გამარჯვებული კომისიის წევრებმა, მაია ტყემალაძემ და მანანა კაპეტივაძემ პროფესიული სახელმძღვანელოებით დააჯილდოვეს.

გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის პედაგოგ ანნა შატიკაშვილს ერგო. გამარჯვებულს გოეთეს ინსტიტუტი გერმანიაში სტაჟირების პროგრამას დაუფინანსებს.

2019 წლის ქართული, როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი, ლალი დალაქიშვილი დასახელდა, რომელიც მასწავლებლის სახლმა პროექტორით დააჯილდოვა. ასევე, გამარჯვებულს ტურისტულმა სააგენტო „დაიმონდ თრეველმა“ სამოგზაურო ვაუჩერი გადასცა (ტური ბაქო, განჯა, გობუსტანის ნაკრძალში).

რუსული ენის საუკეთესო მასწავლებელის კონკურსის გამარჯვებული ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა კურტანიძეა, რომელიც „ედუ მედიატორმა“ პარფიუმერიის ნაკრებითა და დამხმარე სახელმძღვანელოებით დააჯილდოვა. ასევე, გამარჯვებულს ტურისტულმა სააგენტო „დაიმონდ თრეველმა“ სამოგზაურო ვაუჩერი გადასცა (ტური ბაქო, განჯა, გობუსტანის ნაკრძალში).

ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელად ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა ვაშაკიძე დასახელდა, რომელსაც ფრანგული ინსტიტუტი საფრანგეთში სტაჟირებას დაუფინანსებს. გარდა ამისა, პედაგოგს კომისიის წევრმა, მირანდა ლომიძემ გადასცა მეხსიერების ბარათი დამხმარე სახელმძღვანელოებით. ასევე, თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ გამარჯვებული სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე, დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. ამასთან ერთად, სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.

წაიკითხეთ სრულად