Baby Bag

მასწავლებლები სხვა პროფესიის წარმომადგენელ ადამიანებთან შედარებით მეტ სტრესს განიცდიან

მასწავლებლები სხვა პროფესიის წარმომადგენელ ადამიანებთან შედარებით მეტ სტრესს განიცდიან

კვლევებით დგინდება, რომ მასწავლებლები სამსახურში ბევრად მეტ სტრესს ​განიცდიან, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენელი ადამიანები. გამოკითხული ყოველი მეხუთე მასწავლებელი აღნიშნავს, რომ სამუშაო დღის მანძილზე გამუდმებით დაძაბული და აღელვებულია, მაშინ როდესაც სხვა პროფესიების წარმომადგენლებიდან მსგავსი პრობლემა რვა ადამიანიდან მხოლოდ ერთს აქვს. 

მოსწავლეთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდა, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და მასწავლებელთა ნაწილის სკოლიდან გასვლა პედაგოგებს სტრესულ გარემოში მუშაობას აიძულებს. თვეების მანძილზე ინტენსიური შრომა მასწავლებლების ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. მათ სხვა პროფესიის წარმომადგენელ ადამიანებთან შედარებით დასვენებისთვის ბევრად ცოტა დრო რჩებათ.

გამოკითხულ მასწავლებელთა 41 % თვლის, რომ მათ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვთ, მაშინ როდესაც მსგავს უკმაყოფილებას კვლევაში მონაწილე სხვა პროფესიების წარმომადგენლების მხოლოდ 32 პროცენტი გამოთქვამს.

მკვლევარები თვლიან, რომ პედაგოგთა სამუშაო დროის ხანგრძლივობის შემცირება აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებს სტრესისგან მეტად დაიცავს. მასწავლებლებს საზოგადოებისგან გაცილებით მეტი თანადგომა, აღიარება და მხარდაჭერა სჭირდებათ, ვიდრე აქვთ. მათ უკეთესი სამუშაო გარემო და პირობები ესაჭიროებათ, რათა დაძაბულობის გარეშე მუშაობა შეძლონ, რაც მხოლოდ სწორი მენეჯმენტისა და სასწავლო პროცესის სათანადო ორგანიზების პირობებშია შესაძლებელი.

კარგი მასწავლებლები ხშირად საკუთარ პროფესიაზე უარს ამბობენ, რადგან დატვირთულ გრაფიკს და არასახარბიელო სამუშაო პირობებს ვერ უძლებენ.

მკვლევარები თვლიან, რომ მოქნილი სამუშაო გარემო, პროფესიული წინსვლისა და ზრდის ჩამოყალიბებული სისტემის არსებობა და მოწესრიგებული ბიუროკრატია მასწავლებელთა მოტივაციას მნიშვნელოვნად გაზრდის და მათ ფსიქიკაზეც დადებითად აისახება.

მომზადებულია ​independent.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

​ის პედაგოგები, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე არ დარეგისტრირებულან, შეძლებენ თუ არა, შემოდგომის გამოცდაზე დარეგისტრირებას

​ის პედაგოგები, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე არ დარეგისტრირებულან, შეძლებენ თუ არა, შემოდგომის გამოცდაზე დარეგისტრირებას

„მასწავლებელთა გამოცდისთვის, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება, გაიწერება ინსტრუქცია, თუ ვინ შეძლებს, ამ გამოცდაზე დარეგისტრირებას,“ - ამის შესახებ  ​Moms.ge -ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

მათივე ცნობით, განიხილება საკითხი, რომ შემოდგომის გამოცდაზე ის პირებიც დარეგისტრირდნენ, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე არ დარეგისტრირებულან:
„ამ ეტაპზე გადაჭრით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მათთვის, ვინც ზაფხულის გამოცდის შედეგებით არ იქნება კმაყოფილი, განმეორებითი გამოცდა შემოდგომაზე  ჩატარდება . რაც შეეხება იმ პირებს, ვინც ზაფხულის გამოცდაზე არ დარეგისტირებულა, შესაძლოა, მათაც შეძლონ დარეგისტრირება. ეს საკითხი განიხილება. თუმცა ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვით, რადგან  შემოდგომის გამოცდასთან დაკავშირებით, შესაბამისი ინსტრუქციები უნდა გაიწეროს. ამასთან, უნდა გამოიცეს ახალი ბრძანება.  დეტალები და ინსტრუქცია სწორედ ამ ბრძანებაში იქნება გაწერილი,“ - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში.

ცნობისთვის, 2019 წლის გამოცდებზე სიახლე ის არის, რომ აქამდე მასწავლებლებს გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ, ახლა პირველ გამოცდაზე გასვლისა და წარუმატებლობის შემთხვევაში, მასწავლებლებს ექნებათ შანსი, მეორედ გავიდნენ გამოცდაზე ამ წლის ბოლომდე.

წაიკითხეთ სრულად