Baby Bag

„მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი“ - პროექტში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ცხადდება

„მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი“ - პროექტში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ცხადდება

„მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი“ - პროექტში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ცხადდება, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, პროექტში რეგისტრაცია შეუძლიათ ინგლისური ენის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს.  რეგისტრირებულ მასწავლებლებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩაუტარდებათ პროექტის ერთდღიანი გაცნობითი შეხვედრა. იმ მასწავლებლებს კი, რომლებიც ვერ დაესწრებიან პირისპირ შეხვედრას, საშუალება ექნებათ, დარეგისტრირდნენ საინფორმაციო ვებინარზე. 

რეგისტრირებული პედაგოგებისთვის სავალდებულოა პირისპირ ან ონლაინ (ვებინარის) ფორმატში სამუშაო შეხვედრაზე დასწრება. პირისპირ ფორმატში სამუშაო შეხვედრა ჩატარდება რეგისტრაციის დასრულებიდან დაახლოებით 1 კვირაში, ხოლო ვებინარი გაიმართება 30 სექტემბერს, 5 საათზე.

პირისპირ ფორმატში სამუშაო შეხვედრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:  ​სამუშაო შეხვედრა

ვებინარში ჩასართავად მიჰყევით ბმულს:  ​ვებინარი  

ინსტრუქცია ვებინარში ჩასართავად იხილეთ აქ

როგორც მასწავლებლის სახლის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცენტრი 2015 წლიადან ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ინიცირებულ პროექტს „მსოფლის უდიდესი გაკვეთილი“ (The world’s Largest Lesson), რომელიც გულისხმობს გაკვეთილის ჩატარებას სკოლებში მოსწავლეთათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული „მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობის მიზნით.

„საქართველომ 2014 წლის 15-16 სექტემბერს ჟენევაში გამართულ მინისტერიალზე მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების განხორციელების ვალდებულება აიღო.

აღნიშნული თემა - „მდგრადი განვითარების გლობალური მიზნები“ მეტად აქტუალურია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებისთვის.

ვინაიდან პროგრამა ინგლისურ ენაზეა, თავიდანვე განისაზღვრა ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლებმა ერთობლივად ჩაატარონ გაკვეთილი მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნების თემებზე. ერთობლივი გაკვეთილის ჩატარება ეხმარება პედაგოგეგბს თანამშრომლობის გაღრმავებასა და შემდგომში ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგვმაში.

მსოფლიოს მაშტაბური გაკვეთილი მოსწავლეებს არამარტო აცნობს მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებს, არამედ ხელს უწყობს სხვადასხვა გამჭოლი კომპეტენციის (ეკოლოგიური წიგნიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება) განვითარებაში. ამასთანავე, გაკვეთილების გეგმებში წარმოდგენილი მრავალფეროვანი რესურსი (ვიდეო, აუდიო, ციფრული და სხავა) განსაკუთრებით ღირებულია მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციების განვითარებისას.

პროექტის განხორციელების პირველ წელს (2015) პროექტის მიზანი მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა იყო, 2016 წელს ღონისძიება მთელს მსოფლიოში გენდერის თემას მიეძღვნა, ხოლო 2017 წელს შიმშილის დამარცხებას. 2018 წელს პროექტის მიზანს წარმოადგენდა კონკრეტული ქმედებების წახალისება პიროვნულ, ადგილობრივ თუ გლობალურ დონეზე.

2019 წელს სკოლებში ღონისძიებები 23 სექტემბრიდან დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი „World’s largest lesson” ემთხვევა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 30 წლისთავს, რომელიც აღინიშნება 2019 წლის 20 ნოემბერს. ორგანიზატორების მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს საქართველოს მხრიდან კონვენციის, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის აღიარებას,“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ის ფაქტი, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა შეიძლება გავიდეს პროფესიიდან, არ ნიშნავს, რომ იგივე რაოდენობის მასწავლებლები დაგვჭირდება სისტემაში“

„ის ფაქტი, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა შეიძლება გავიდეს პროფესიიდან, არ ნიშნავს, რომ იგივე რაოდენობის მასწავლებლები დაგვჭირდება სისტემაში“

საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს სახით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა და ისინი სკოლას დატოვებენ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, - ინფორმაციას ​ipn ავრცელებს.

როგორც აბულაძემ აღნიშნა, იმ პედაგოგებისთვის, რომლებმაც მასწავლებლის ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვეს, თანხების გაცემა აგვისტო-სექტემბერში დაიწყება.

„როგორც იცით, არავისთვის არაფერი დაგვიძალებია. აქ არის გეგმა, ან არის ხელფასების მატება მომავალი 3 წლის განმავლობაში, ან არის შეთავაზება და შესაძლებლობა საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის, თუ მათ არ უნდათ სკოლაში დარჩენა, მათთვის 2-წლიანი ჯილდოს სახით საკმაოდ დიდ დაფინანსებაზეა საუბარი. პროცესს, ალბათ, ის გააჯანსაღებს, რომ ადამიანები უფრო მეტად კმაყოფილები გახდებიან, ერთი მხრივ, ხელფასის მატებით, მეორე მხრივ, იმ დაფასებით, რაც სახელმწიფომ მათთვის გაიღო. ჯერ თანხა ბიუჯეტიდან გამოყოფილი არ არის, უახლოეს მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს სქემაში ცვლილებები, რისი პროექტიც მზად არის. დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 6 ათასამდე საპენსიო ასაკის მასწავლებელი, შესაბამისად, მათი 2 წლის ანაზღაურება იქნება ჯილდოს სახით გაცემული. აქ არის რამდენიმე ათეულ მილიონზე საუბარი, რისთვისაც მზად არის სახელმწიფოც და ბიუჯეტიც. მთავრობის განკარგულება მომზადდება რამდენიმე დღეში. გაცემა დაიწყება სასწავლო წლის დაწყებამდე. აგვისტო-სექტემბერში ვგეგმავთ ჯილდოს გაცემას იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა. ცხადია, ამის შესაძლებლობა აქვთ 2019 წლის ბოლომდე“, - განაცხადა აბულაძემ.

მისივე თქმით, მასწავლებლებთან დაკავშირებით დეტალური კვლევა ივლისში ჩატარდება.

„დღესდღეობით, მასწავლებელთა გამოცდებზე 30 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, აქედან 10 ათასამდე მასწავლებლობის მსურველია. თუმცა, ის ფაქტი, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა შეიძლება გავიდეს პროფესიიდან არ ნიშნავს, რომ ჩვენ იგივე რაოდენობის მასწავლებლები დაგვჭირდება სისტემაში, იმიტომ, რომ არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც იმ გამოთავისუფლებულ საათებს შეითავსებენ და ამითაც გაეზრდებათ ხელფასი. ამის დეტალურ კვლევას და ანალიზს ივლისში გავაკეთებთ, როდესაც გვეცოდინება რამდენია ისეთი მასწავლებელი, რომელსაც ჯილდო უნდა, რამდენია ისეთი ადამიანი, რომელიც გამოცდაზე გადის“, - განუცხადა აბულაძემ „ინტერპრესნიუსს“.

წაიკითხეთ სრულად