Baby Bag

პროფესიულ უნარებში საცდელი ტესტირება ჩატარდება

პროფესიულ უნარებში საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს მასწავლებლების საგამოცდო ტესტების აპრობაციას (საცდელ ტესტირებას) პროფესიულ უნარებში.
აპრობაცია ჩატარდება 21 სექტემბერს, 13:00 საათზე თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში (მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის N42). 

აპრობაციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საგნის მასწავლებელს.

ტესტირების ხანგრძლივობა - 1 საათი და 45 წუთი.

მონაწილეებს შეეძლებათ, გაეცნონ იმ ახალი ტიპის დავალებებს, რომლებიც საგამოცდო ტესტებში იქნება შეტანილი.

მონაწილეობის მსურველებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს სკოლებში დარეგისტრირება, შეუძლიათ გამოგზავნონ თავიანთი მონაცემები (სახელი, გვარი, სკოლის სახელწოდება, პირადი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) ელექტრონულ ფოსტაზე: trekhviashvili@naec.ge

მონაცემთა მიღების (რეგისტრაციის) ბოლო ვადაა 20 სექტემბრის 12:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 032 2 473333 ან +99599145238.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ მშობელს დისტანციური სწავლა ურჩევნია, ამ პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ

„თუ მშობელს დისტანციური სწავლა ურჩევნია, ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება უზრუნველყოფილი,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება:

„საზოგადოებას მაქსიმალურად მოქნილ სისტემას ვთავაზობთ. ეს იმას გულისხმობს, რომ თუ მშობელს, ოჯახს გადაწყვეტილება აქვთ, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ. იმ სკოლებშიც, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ უკვე საკლასო ოთახებში (1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ხოლო გორსა და ფოთში უკვე ყველა კლასში), თუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, ეს პროცესი სკოლების მიერ უზრუნველყოფილი იქნება. დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. სკოლები მშობლებს დაუკავშირდებიან და სურვილის შემთხვევაში მშობლები დარეგისტრირდებიან და ეს უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის მაქსიმალურად მოქნილი სისტემა, რომელიც მორგებულია ყველას ინტერესებზე,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან განაგრძობენ. ფოთსა და გორში კი ყველა კლასის (1-ლიდან მე-12 კლასის ჩათვლით) მოსწავლეებისთვის აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.

წაიკითხეთ სრულად