Baby Bag

რამდენი ლარით იზრდება უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასები 2019-2020 სასწავლო წელს

რამდენი ლარით იზრდება უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასები 2019-2020 სასწავლო წელს

ოქტომბრის თვიდან პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ და ეს პროცესი ყოველწლიური იქნება, - ამის შესახებ  განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით.  უფროსი მასწავლებელი, სტატუსის გარდა, მიიღებს საათობრივ დანამატთან ერთად 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებელი - 1435 ლარს, მენტორი მასწავლებელი - 1745 ლარს. მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანაზღაურება კიდევ უფრო მეტი იქნება. პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები აქვთ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება.  ანუ ფაქტობრივად, ყველა პედაგოგს, რომელსაც სტატუსი აქვს მინიჭებული, ხელფასის ზრდა შეეხება. პედაგოგების ანაზღაურების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება ყოველწლიურად. ხელფასების მატება მოხდება ყოველ შემოდგომაზე,“ - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ტექპერსონალსა და  რესურსცენტრების თანამშრომლებს:

„პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ მუშაკებს, საშუალოდ 20%-ით, ამ შემოდგომიდან. ეს ზრდა ყოველ შემოდგომაზე გაგრძელდება. პირველი სექტემბრიდან რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, თანამშრომლებს, ყველას ეზრდება ხელფასი მინიმუმ 150 ლარით“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე მასწავლებლების ხელფასების გაზრდაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც.

„მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანმიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბერში, როგორც მე თქვენ შეგპირდით, ყველა მასწავლებელს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება. პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მათ შორის ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს, მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებსაც. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს უფროსი მასწავლებლის ხელფასი მიაღწევს 1700 ლარს; წამყვანი პედაგოგის - 2150 ლარს და მენტორი პედაგოგის - 2450 ლარს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ტესტირების პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ს სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება 2 კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე. წ. სწრაფი ტესტით მოწმდებიან.

სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს არეგისტრირებს ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიების მიერ პერსონალის ტესტირების პროცესი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება. სკოლები უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით.

წაიკითხეთ სრულად