Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

​„უსამართლო და დისკრიმინაციულია ასეთი დამოკიდებულება“ - პედაგოგები განათლების სისტემაში ცვლილებებს აპროტესტებენ

​„უსამართლო და დისკრიმინაციულია ასეთი დამოკიდებულება“ - პედაგოგები განათლების სისტემაში ცვლილებებს აპროტესტებენ

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ​ნოემბერში დაგეგმილი გამოცდები გადაიდო. ამის მიზეზად განათლების სამინისტრომ კოვიდპანდემია და შექმნილი სიტუაცია დაასახელა. „არსებული ეპიდვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მასწავლებელთა გამოცდები, ასევე, სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდები 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გაიმართება,“ - ნათქვამი იყო მათ განცხადებაში. ამის გარდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები შევიდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

ერთი მხრივ, გამოცდების გადადებამ და, მეორე მხრივ, ცვლილებებმა პედაგოგთა გარკვეული ნაწილის პროტესტი და გაღიზიანება გამოიწვია. ისინი სამინისტროს ამ გადაწყვეტილებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ და ამბობენ, რომ მსგავსი მიდგომა არასამართლიანი და დისკრიმინაციულია.
„ყველაფერს ითვალისწინებთ, წამყვანი მასწავლებლები კი შემოგავიწყდით სულ. რატომ აგვიკრძალეთ წინსვლა? ვის რას ვუშავებდით? ჩვენთვისაც მოგეცათ წინსვლის შესაძლებლობა“ - წერს ერთ-ერთი პედაგოგი ​სტატიის კომენტარში, რომელიც ​MomsEdu.ge-მ გამოაქვეყნა.

​ამავე სტატიის ქვეშ სხვა პედაგოგიც აღნიშნავს იმას, რომ მსგავსი ტიპის მიდგომა, რომელიც ახლა აქვს სამინისტროს, უსამართლოა: „წამყვანი მასწავლებლები რამდენ წელს უნდა ველოდოთ კიდევ მენტორის გამოცდას?! უსამართლობის გარდა, კიდევ სხვა სახელი ხომ არ შეეფერება იმ ფაქტს, რომ ერთკრედიტიანი მასწავლებლებიც რაღაც აქტივობებით უკვე წამყვანები არიან და 4-5 საგანში სერტიფიცირებულებიც. მაინც და მაინც მაჩანჩალა უნდა იყო ამ ქვეყანაში, რომ ვინმემ იზრუნოს შენს წარმატებაზე?! რატომ გვაბრკოლებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც კომპეტენცია 10 კრედიტზე დავადასტურეთ, თანაც არა მხოლოდ ჩვენს საგანში! გაუბრალოვდა ყველაფერი, სტიმული გვეკარგება, რომ საქმე კარგად ვაკეთოთ. წარმატებული მასწავლებლების დემოტივირება გინდათ?! ასე აპირებთ განათლების სისტემის საოცნებო გაბრწყინებას?! რა უნდა ასწავლოს ჩვენს შვილებს იმ მასწავლებელმა, რომელმაც ძლივს მოახერხა საგანში ერთი კრედიტის აღება, გინდა წამყვანი იყოს, გინდა მენტორი და გინდა ფარაონი! კარგი რა, ,,გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ“.

​პედაგოგები, ამავდროულად, სამინისტროსგან საგამოცდო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დროულად მიწოდებას ითხოვენ, რათა გამოცდებისთვის მოემზადონ.

​უფროსი და წამყვანი პედაგოგების გარდა პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ სპეციალურ მასწავლებლებსაც, მას შემდეგ, რაც 
​სამინისტრომ ხელფასების მატებასთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაციასიახლის თანახმად, 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე ყველა პედაგოგს, ვისაც სრული დატვირთვა (15 საათი) აქვს, ხელფასზე 100 ლარი დაემატება. ვისაც არ აქვთ სრული დატვირთვა, სახელფასო დანამატი პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად გაეზრდება.
​„სპეცმასწავლებლები არსად არც ერთ პირობაში და ცვლილებაში არ მოვიაზრებით?“, „სპეცმასწავლებლებს ისევ ჩაგრავენ. უარი დისკრიმინაციას!“ - წერენ სპეციალური მასწავლებლები სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ მათ არც ზაფხულში მიეცათ გამოცდაზე გასვლის საშუალება და ახლა კი, გამოცდები საერთოდ გადაიდო.

​სპეციალური მასწავლებლების პროტესტის საპასუხოდ არც განათლების სამინისტროსა და არც მასწავლებლის სახლს განცხადება არ გაუკეთებია. ერთი მხრივ, სამინისტრო წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩვნევს იმას, რომ სპეციალური მასწავლებლები ჩართეს მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში და საგნის პედაგოგებს გაუთანაბრეს. ამ ცვლილების თანახმად, სპეცმასწავლებლებს პრაქტიკოსის სტატუსი მიენიჭათ და მათ საშუალება აქვთ, რომ სტატუსი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე აიმაღლონ.

​რაც შეეხება ​სქემაში ცვლილებებს და კითხვებს, რომლებიც პედაგოგებს ჰქონდათ ამ თემებთან დაკავშირებით, ჩვენ მასწავლებლის სახლს დავუკავშირდით, თუმცა მათ ჩვენს კითხვებზე არ უპასუხიათ. 

წაიკითხეთ სრულად