Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

ტრენინგი „სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ“ ჩატარდა

ტრენინგი „სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ“ ჩატარდა

15 ივლისს, ტრენინგი „სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ“ ჩატარდა, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა გათვალისწინებულია ყველა საფეხურისა და საგნის მასწავლებლებისათვის და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მოზარდთა ონლაინცხოვრების თავისებურებები, კიბერბულინგი, ციფრული რესურსების უსაფრთოება და სხვა.

„პროგრამის გავლის შემდეგ მასწავლებელები ონლაინუსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაანალიზებასთან ერთად, შეძლებენ ციფრული მოქალაქეობის ძირითადი მახასიათებლების დანერგვას სასწავლო პროცესში, კიბერბულინგის ამოცნობასა და პრევენციას.

სატრენიგნო პროგრამაზე დარეგისტრირებულია 1000 მასწავლებელი. ტრენინგები მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყო,“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად