Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

პროფესიულ უნარებში საცდელი ტესტირება ჩატარდება

პროფესიულ უნარებში საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს მასწავლებლების საგამოცდო ტესტების აპრობაციას (საცდელ ტესტირებას) პროფესიულ უნარებში.
აპრობაცია ჩატარდება 21 სექტემბერს, 13:00 საათზე თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში (მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის N42). 

აპრობაციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საგნის მასწავლებელს.

ტესტირების ხანგრძლივობა - 1 საათი და 45 წუთი.

მონაწილეებს შეეძლებათ, გაეცნონ იმ ახალი ტიპის დავალებებს, რომლებიც საგამოცდო ტესტებში იქნება შეტანილი.

მონაწილეობის მსურველებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს სკოლებში დარეგისტრირება, შეუძლიათ გამოგზავნონ თავიანთი მონაცემები (სახელი, გვარი, სკოლის სახელწოდება, პირადი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) ელექტრონულ ფოსტაზე: trekhviashvili@naec.ge

მონაცემთა მიღების (რეგისტრაციის) ბოლო ვადაა 20 სექტემბრის 12:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 032 2 473333 ან +99599145238.
წაიკითხეთ სრულად