Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

ერთ კვირაში სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება

ერთ კვირაში სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება

საქართველოს საჯაროს სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. არსებული სტატისტიკა უკვე იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტატისტიკური მონაცემებით, 29 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა.

„მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 59 სკოლა და 145 ცალკეული კლასი.

რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს, მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის 122.

ვირუსის გამოვლების შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება.

საჯარო და კერძო სკოლებში პედაგოგთა ტესტირება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სკოლებში სისტემატურად მიმდინარეობს უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი, როგორც სამინისტროს პირველი პირების, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან,“ - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად