Baby Bag

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვფიქრობ, დროა, ყველამ რეალურად შევაფასოთ და დადებითი მხრიდან შევხედოთ მასწავლებლის პროფესიას“ - ახალი პროექტი ,,მასწავლებლის ისტორია ფოტოგრაფის დღიურიდან''

„ვფიქრობ, დროა, ყველამ რეალურად შევაფასოთ და დადებითი მხრიდან შევხედოთ მასწავლებლის პროფესიას“ - ახალი პროექტი ,,მასწავლებლის ისტორია ფოტოგრაფის დღიურიდან''

პროფესიით ჟურნალისტის, გვანცა თვარაძის ინიციატივით, ახალი სოციალური ფოტოპროექტის – „მასწავლებლის ისტორია ფოტოგრაფის დღიურიდან“ განხორციელება დაიწყო.

პროექტი, საქართველოში ერთ-ერთ არაპოპულარულ – მასწავლებლის პროფესიას ეხება. პროექტის მონაწილეები ის მასწავლებლები არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში ასწავლონ. უმეტესობამ დატოვა ქალაქის სკოლები და უფრო რთული, თუმცა საინტერესო გზად, კარიერის გასაგრძელებლად, რეგიონის სკოლები მიიჩნია, სადაც ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ განათლების მაღალი ხარისხი და კვალიფიციური პედაგოგები.

მაღალმთიან რეგიონებში მკაცრ კლიმატურ პირობებთან შეგუება არც ისე მარტივია. სოფლის მასწავლებლებს რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და მუშაობა.ზამთარში, დიდთოვლობის გამო, ხშირად ჩაკეტილ გზაზე გადაადგილება მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს, საცხოვრებელი პირობები საკმაოდ მძიმეა, მასწავლებელს კი იმ მცირე რესურსით უწევს მუშაობა, რასაც განათლების სისტემა სთავაზობს.

როგორც გვანცა ამბობს, ფოტოკადრებად რეალობის ასახვა თემის აქტუალობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რადგან რეგიონებში და არა მარტო იქ, განათლების თემა საკმაოდ სერიოზულ გამოწვევად რჩება. მაღალმთიან სოფლის სკოლაში სამუშაოდ წასულ მასწავლებელს ყველასგან განსხვავებული, საკუთარი ისტორია აქვს. ჩემთვის, და ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც, საინტერესოა მათი დანახვა არა მარტო პროფესიული, არამედ ყოველდღიური რაკურსითაც. პროექტ საშუალებით წარმოვაჩენ არა მხოლოდ მათ ვიზუალურ მხარეს და ყოველდღიურობას, არამედ ტექსტური ისტორიებით, მცირე ჩანახატებით თითოეულ მასწავლებელზე მოგითხრობთ“. დღეს გვანცა ჩვენი სტუმარია და პროექტის შესახებ უფრო დაწვრილებით გვიამბობს.

- პირველ რიგში, გაგვეცანი… როგორც ვიცი, პროფესიით ჟურნალისტი ხარ. როდის დაინტერესდი ფოტოგრაფიით?

- ფოტოგრაფიით ბავშვობიდან დავინტერესდი, ჩემს მეზობელს ჰქონდა ძველი, საბჭოთა ფოტოკამერა და თავად ამჟღავნებდა ფირებს. მოგეხსენებათ, როგორი პოპულარული იყო ეს მეთოდი 80-იან წლებში. ყოველთვის მაინტერესებდა პროცესი და მომწონდა ქაღალდზე აღბეჭდილი სახეები, რაც მისტიკას, ჯადოქრობას ჰგავდა ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში.

ჩემი პირველი სტატიის ჰონორარით, მშრალ ხიდზე, ძველი ფირის კამერა შევიძინე და ასე დაიწყო ახალი აღმოჩენების პერიოდი. რამდენიმე წლის შემდეგ, მივხვდი, რომ არ მყოფნიდა კამერის შესაძლებლობები და ცოდნა, ამიტომ დავიწყე ფოტოსკოლის ძებნა, სადაც თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მივიღებდი. ასე აღმოვაჩინე იური მეჩითოვის და მაიკო დეისაძის ფოტოსახელოსნო, სადაც ფოტოგრაფიის შესახებ ჩემი შეხედულებები სრულიად შეიცვალა და სხვა რაკურსით დავიწყე ამ პროფესიაზე ფიქრი. ფოტოსკოლის დასრულების შემდეგ კი, უკვე ვთანამშრომლობ სხვადასხვა კერძო კომპანიასთან და მედიასაშუალებასთან.

​განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ სრულად