Baby Bag

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

შეიძლება დაინტერესდეთ

ვებინარი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

ვებინარი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხვალ 18 მარტს ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ვებინარი გაიმართება. გთავაზობთ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:

„​ინგლისურის მასწავლებლებს 2021 წლის 18 მარტს 17:00 საათზე ბრიტანეთის საბჭოს „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების“ პლატფორმა გთავაზობთ ვებინარს ბრიტანელ ექსპერტებთან (დევიდ კრისტალი, პენი ური, დევიდ რაითი და სხვა.) „როგორ გავხადოთ საკლასო ოთახი უფრო მეტად ინკლუზიური“. რეგისტრაციისა და შეხვედრის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ​ბმულს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის საბჭოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება - საქართველო“ პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინგლისური ენის მასწავლებლისთვის 2021 წლის მაისიდან. გისურვებთ წარმატებებს!“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად