Baby Bag

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა მეთოდებით, რა ხერხებით დავაინტერესოთ თანამედროვე, საკმოდ კრიტიკულად მოაზროვნე ბავშვები? - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი

რა მეთოდებით, რა ხერხებით დავაინტერესოთ თანამედროვე, საკმოდ კრიტიკულად მოაზროვნე ბავშვები? - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი

რა მეთოდებით, რა ხერხებით უნდა დავაინტერესოთ თანამედროვე, საკმოდ კრიტიკულად მოაზროვნე ბავშვები? - ამ თემაზე 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ხათუნა რაზმაძემ ისაუბრა.

„პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარია განწყობა. ყოველ გაკვეთილზე უნდა იყოს განცდა - ნეტავ, არ დამთავრდეს და არა ის, რომ როდის დამთავრდება. რომ ჩავივლი ხოლმე დერეფანში - მას, როდის შემოხვალთ ჩვენთან? ეს განცდა ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე მიდგომებიდან გამომდინარე, მე სულ ვამბობ, რომ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ბანკი თავში - აქტივობათა, მიდგომათა, სტრატეგიათა. არ გაამართლა ერთმა აქტივობამ - სასწრაფოდ რომ ჩაანაცვლოს მეორით. პირველ რიგში, მასწავლებელი თავად უნდა იყოს შემოქმედებითი, კრიტიკულად მოაზროვნე, რომ ასწავლოს მოსწავლეებს პრობლემების გადალახვა, დისკუსია, თვითრეალიზება, საკუთარი თავის წარმოჩენა. მე დაწყებით საფეხურს ვასწავლი და ეს ყველაფერი თუ თავიდან არ დაიწყო, მერე უკვე მეტ-ნაკლებად უჭირთ.

კარგია, როცა ბავშვებს უყვართ მასწავლებელი, ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ არის ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა, სადაც ბავშვი თავს გრძნობს ბედნიერად. რაც მთავარია, გაკვეთილზე უნდა აღმოაჩინო ბავშვი მისი განსაკუთრებული შესაძლებლობებით,“ - აღნიშნა ხათუნა რაზმაძემ რუსთავის 2-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო.“

წაიკითხეთ სრულად