Baby Bag

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გოგებაშვილისეული „დედაენა“ ბრუნდება ჩვენს სკოლებში!“

„გოგებაშვილისეული „დედაენა“ ბრუნდება ჩვენს სკოლებში!“

„გოგებაშვილისეული „დედაენა“ ბრუნდება ჩვენს სკოლებში,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პირველკლასელი ახალი სასწავლო წლიდან „დედაენას“ უფასოდ მიიღებს.

„ამ უმშვენიერესი ადგილიდან, ვარიანიდან, მინდა მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, რომ ჩვენ დაგვებრუნებინა ქართულ სკოლებში „დედაენა“. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ ქართულ „დედაენას“, როგორც უყვარდათ წინა თაობებს და როგორც გვიყვარს ჩვენ“, - განაცხადა ბახტაძემ.

წაიკითხეთ სრულად