Baby Bag

ყველაფერი მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის შესახებ

ყველაფერი მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის შესახებ

გთავაზობთ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციას მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის შესახებ.

რა არის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შინაარსი ითვალისწინებს დარგობრივ მახასიათებლით განსაზღვრულ მოთხოვნებს; იხ. ​ბმული. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტმა მიიღოს ცოდნა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი კანონზომიერებების შესახებ და შეძლოს საგნობრივ ცოდნასთან მისი ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.

რა უფლებას ანიჭებს პირს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ პირს ენიჭება მასწავლებლობის უფლება. ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომლებსაც მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად, ვალდებულნი არიან წარმატებით გაიარონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, პირი რომელმაც დაამთავრა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, არის უფროსი მასწავლებელი.

ვის აქვს უფლება გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და რა შეიძლება იყოს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველი?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

როდის ცხადდება აპლიკანტთა მიღება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ და მიღების ვადები დგინდება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.

სად შეიძლება მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა პირმა?

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი თავის ვებგვერდზე (www.eqe.ge) განათავსებს ინფორმაციას საქართველოში არსებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომლებზეც იწარმოებს აპლიკანტთა მიღება.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ რა სახის დოკუმენტს იღებს პროგრამაზე ჩარიცხული პირი?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.

რამდენ კრედიტს მოიცავს და რა ხანგრძლივობით ისწავლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.

ფინანსდება თუ არა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა?

დიახ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

რამდენჯერ შეიძლება დაფინანსდეს პირი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირი შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

რამდენი ხნით ფინანსდება პირის სწავლა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირის სწავლა ფინანსდება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

შეუძლია თუ არა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს ისარგებლოს სტუდენტური დაზღვევით და სტუდენტური სამგზავრო ბარათით?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს არ შეუძლია ისარგებლოს სტუდენტური დაზღვევით და სტუდენტური სამგზავრო ბარათით.

რომელი უნივერსიტეტები ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების პროგრამებს?

  • სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ისტორია);
  • სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული როგორც მეორე უცხო ენა);
  • სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მათემატიკა, ინფორმატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა);
  • სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (მუსიკა);
  • სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, რუსული ენა, გერმანული ენა, ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები, ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა);
  • სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, ისტორია);
  • სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა, ისტორია, მუსიკა);
  • სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, ინგლისური ენა, გერმანული ენა, სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
  • სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ფრანგული ენა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება, სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
  • სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
  • სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია);
  • ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ინგლისური ენა);
  • ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი" (ქართული ენა და ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ისტორია);
  • შპს - საქართველოს უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ფიზიკა, მათემატიკა, ისტორია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები);
  • შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (მათემატიკა, ინგლისური ენა) - ინგლისურენოვანი პროგრამა;
  • შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა);
  • შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა);
  • შპს - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა);
  • შპს - ევროპის უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ბუნებისმეტყველება, ინგლისური ენა, რუსული ენა);

წელს ვინც ამთავრებს უმაღლესს ცნობის საფუძველზე აქვს თუ არა უფლება დარეგისტრირდეს?

არა, პირს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი

შეიძლება თუ არა პარალელურად ორ ან მეტ პროგრამაზე დარეგისტრირება?

თეორიულად შეიძლება, მაგრამ ეს არის სრული სასწავლო კურსი და ვერ შეძლებს პარალელურად სიარულს ორ კურსზე.

მათ ვინც იანვარში ჩააბარეს საგნის გამოცდა შეუძლიათ თუ არა ჩაერთონ ერთწლიან პროგრამაში?

რა თქმა უნდა შეუძლიათ ჩაერთონ.

შეიძლება დაინტერესდეთ

სამი მასწავლებლის სამი ამბავი - პედაგოგები გარე დაკვირვების გაკვეთილებს აფასებენ

სამი მასწავლებლის სამი ამბავი - პედაგოგები გარე დაკვირვების გაკვეთილებს აფასებენ

კორონავირუსმა და პანდემიამ, რომელიც უკვე ერთი წელია მსოფლიოში მძვინვარებს, თავისი კვალი ძალიან ბევრ რამეს დაამჩნია. მათ შორის, ყველაზე მეტად ვირუსმა განათლების სისტემა დააზარალა და პედაგოგები ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა. ერთ-ერთი მათგანი წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად გარე დაკვირვების ონლაინ გავლა აღმოჩნდა.

იმ პედაგოგებისთვის, რომლებსაც წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად გარე დაკვირვება გაზაფხულზე უნდა გაევლოთ, ამ წლის დასაწყისში კვლავ გამოცხადდა რეგისტრაცია და მათ საშუალება მიეცათ ამ სემესტრშივე გაევლოთ გარე დაკვირვება, იმის მიუხედავად, სწავლა პირისპირ იქნებოდა თუ ონლაინ. აქედან გამომდინარე, პედაგოგების გარკვეულ ნაწილს გარე დაკვირვების გავლა ონლაინ რეჟიმში მოუწია, გარკვეულ ნაწილს კი - ფიზიკურად, კვლავ საკლასო ოთახში.

​MomsEdu.ge ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე პედაგოგს გაესაუბრა და გთავაზობთ მათი თვალით დანახულ პროცესს - გარე დაკვირვება ონლაინ თუ საკლასო ოთახში.

თამარ ბლიაძე ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში ასწავლის მათემატიკას. ის იმ პედაგოგთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც გარე დაკვირვების გავლა ონლაინ მოუწიათ. პედაგოგის შეფასებით, გაკვეთილმა გეგმის მიხედვით, ხარვეზების გარეშე ჩაიარა.

„სიმართლე გითხრათ, ჩემმა გაკვეთილმა, როგორც დაგეგმილი მქონდა ისე ჩაიარა, უბრალოდ ცოტა მოდიფიცირება დასჭირდა. აქტივობები არ ამომიღია, თითქმის ყველა დავტოვე, უბრალოდ, შევამცირე, რადგან დროში შეზღუდული ვიყავი. ასევე, პირისპირ გაკვეთილისთვის მომზადებული თვალსაჩინოებები ვერ გამოვიყენე, თუმცა მოსწავლეებს ვაჩვენე ვიდეო და ამაზე იმუშავეს. მოგეხსენებათ, რომ მათემატიკის გაკვეთილი სამფაზიანი უნდა იყოს - წინარე ცოდნის გააქტიურება, ახალი მასალის მიწოდება და ცოდნის განმტკიცება, ვფიქრობ, რომ სამივე მეტ-ნაკლებად გამომივიდა“ - აღნიშნა მან.

მათემატიკის პედაგოგმა გარე დაკვირვებისთვის განსაზღვრული ოცწუთიანი გაკვეთილი მესამე კლასში ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები უმცროსკლასელები იყვნენ, მათთვის ონლაინ გაკვეთილზე გადართვა რთული არ ყოფილა და საგაკვეთილო პროცესი ტექნიკური ხარვეზების გარეშე წარიმართა.

„მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილზე მოქცევის წესები ავუხსენი, ეს მნიშვნელოვანია და ყველა პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს. მათ წინასწარ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და რა თქმა უნდა, იცავდნენ ამ წესებს. ესეც გარკვეულწილად წარმატებული გაკვეთილის საწინდარი აღმოჩნდა, ცხადია. მართალია, პროცესი შედარებით უფრო ნელა მიმდინარეობდა, ვიდრე საკლასო ოთახში, მაგრამ ამას რაიმე პრობლემა არ შეუქმნია ჩემთვის. შეფასების დროს, როდესაც მოსწავლეებს ვთხოვე განწყობა გადმოეცათ, ეს მათ სმაილებით გააკეთეს, რომელიც კლასის ჩატში გამოგზავნეს“.

თამარ ბლიაძის თქმით, გარე დაკვირვება რომ პირისპირ სწავლებისას გაევლო, უფრო მეტი თვალსაჩინოებისა და აქტივობის გამოყენების შესაძლებლობა ექნებოდა და გაკვეთილიც უფრო მრავალფეროვანი გამოვიდოდა, თუმცა ის არც ჩატარებული გაკვეთილითაა უკმაყოფილო და თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით პედაგოგებს რჩევებს უზიარებს: „პირველ რიგში, ნერვიულობა უნდა მოიხსნათ, მით უმეტეს, რომ ყველა დამკვირვებელი დადებითადაა განწყობილი. აუცილებლად უნდა აუხსნათ მოსწავლეებს, რომ დამკვირვებელი გაკვირდებათ თქვენ, მასწავლებელს და არა მათ. გასათვალისწინებელია დროის ფაქტორი და აუცილებლად გააკეთეთ შეფასება, რამდენიმე მოსწავლის მაინც. ასევე, დავალებები, რომლებსაც მოსწავლეებს მისცემთ, დავალებების ზოლში უნდა ხორციელდებოდეს, იქვე სწორდებოდეს და უკუკავშირით მისდიოდეს მოსწავლებს. კარგი იქნება, თუ წინასწარ გაუგზავნით მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასების ცხრილს, მე დამატებით მათ ჩვენი წიგნის ელ-ვერსიაც ავუტვირთე. მთავარია, არ ინერვიულოთ და ყველაფერი კარგად ჩაივლის. ყველას ვუსურვებ წარმატებებს“.

პირისპირ, საკლასო ოთახში გაიარა გარე დაკვირვება გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგმა ირა გოგილაშვილმა. გაკვეთილი პედაგოგმა მეათე კლასში ჩაატარა და მისი თქმით, ყველაფერმა ზედმიწევით კარგად ჩაიარა.

„მოგეხსენებათ, რომ მეათე კლასის მათემატიკაში თითქმის ძველი მასალების გამეორებაა, ამიტომ მოსწავლეებისთვის ის თემები, რაზეც მე გაკვეთილზე ვისაუბრე, უცნობი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, რაღაც-რაღაცები უცხო იყო, მაგრამ ამას გაკვეთილის პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. დროის ხარვეზი არ მქონია, მოსწავლეები აქტიურობდნენ და ძალიან ცოცხალი გაკვეთილი გამოგვივიდა. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ გარე დაკვირვება პირისპირ სწავლების პერიოდში მომიწევდა, ამ დღისთვის დიდი ხნის მანძილზე ვემზადებოდი და არა მხოლოდ მე. სიმართლე გითხრათ, ჩვენ, პედაგოგები ძალიან ბევრს ვშრომობთ, ბევრი ვიშრომეთ კვლევაზე, აქტივობებზე და ეს 45 წუთიანი გაკვეთილი არის ბოლო ეტაპი, რომელსაც თუკი წარმატებით გაივლი, გაწეული შრომა გიფასდება“.

გამოცდილი პედაგოგი სხვა პედაგოგებს ურჩევს, რომ პირველ რიგში, ნერვიულობა გვერდზე გადადონ: „მთავარია მშვიდად იყოთ - სანერვიულო არაფერია, ემოციებმა კი შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გაკვეთილებს აკვირდებიან, ასევე განათლების სფეროდან არიან და მათთვის უცხო არ არის ეს ყველაფერი, პირიქით, ისინი ძალიან კეთილგანწყობითა და გულისხმიერებით გვეკიდებიან და მაქსიმალურად სასიამოვნო გარემოს ქმნიან გაკვეთილზე. ამ ყველაფერის ფონზე კი თქვენი ნერვიულობა შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. მესმის რთულია, თუმცა თავი ხელში უნდა აიყვანოთ და ყველაფერი გამოგივათ“.

ამ პედაგოგებისგან განსხვავებით სულ სხვა ისტორიის ნაწილია ნათია იაკობაძე, ღურტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. ის იმ იშვიათ პედაგოგთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც საკუთარი შეცდომების აღიარების არ რცხვენიათ და ამას მომავალი გამარჯვებების გზაზე მოტივაციად იყენებენ.

ნათია იაკობაძე გარე დაკვირვების გაკვეთილის წარუმატებლად გავლას საკუთარ გამოუცდელობას აბრალებს და საკუთარი გაკვეთილის შესახებ გვიყვება:

„გარე დაკვირვებას გაზაფხულზე ველოდი, თუმცა ასე თუ ისე, ონლაინისთვისაც ვიყავი მზად. საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილი სულ სხვაა, უფრო ინტერაქტიული და ცოცხალი. დისტანციურად ძალიან რთულია სწავლება, რადგან პედაგოგი იგივე მშობელია მოსწავლეებისთვის და ეს ცივი ეკრანი ძალიან გვზღუდავს. კონტაქტი გვაქვს მათთან, მაგრამ ეს არ არის ისეთივე ხარისხის, როგორც საკლასო ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინაც ვასწავლით მოსწავლეებს, მაინც ძალიან გვიჭირს, მით უმეტეს, ხულოში, სადაც უამინდობის გამო ხშირად ინტერნეტი და შუქი არაა. ჩემი გაკვეთილის წარუმატებლობაც, ვფიქრობ, აქედან დაიწყო, როცა უშუქობის გამო ორი მოსწავლე ვერ შემოვიდა გაკვეთილზე. ისინი ძლიერი მოსწავლეები იყვნენ და მსურდა, ჩემს გაკვეთილს დასწრებოდნენ, თუმცა არც სხვა მოსწავლეებს ვემდური და მადლობა მათ.

არ მეგონა, რომ პირველივე გაკვეთილზე დამესწრებოდნენ და აქცენტს უფრო მესამე-მეოთხე გაკვეთილისთვის ვაკეთებდი და სწორედ აქ დავუშვი შეცდომა. ამას დაერთო ჩემი გამოუცდელობაც და ის, რომ დროზე გაცილებით მეტს ვნერვიულობდი, ვიდრე საჭირო იყო. ამის გამო, მოსწავლეების პასუხებს არ ველოდებოდი, არ ვასრულებინებდი მათ აზრს და ცხადია, ამ ყველაფერმა იმოქმედა საბოლოო შეფასებაზე. მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო, რომ ქალბატონი ნესტან რატიანი, რომელიც ჩემს გაკვეთილს ესწრებოდა, ძალიან კარგი ადამიანია და თავიდანვე დადებითად განეწყო ჩემ მიმართ. თუ შესაძლებლობა იქნება, ძალიან მინდა კვლავ ქალბატონი ნესტანი დაესწროს ჩემს გაკვეთილს. ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მინდა, რომ მისგან ბევრი ვისწავლო“.

ნათია იაკობაძის თქმით, პოსტის შემდეგ, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ძალიან ბევრი პედაგოგი გამოეხმაურა. მისი მხრიდან ეს ძალიან თამამი ნაბიჯი იყო და ამას ჩვენი სასკოლო საზოგადოება მიჩვეული არაა.

„ძალიან ბევრი მწერდა პირადში და მინდა ვუთხრა, რომ მე მათ გვერდით ვარ. გული არ გავიტეხოთ და უფრო მეტი შემართებითა და მონდომებით შევუდგეთ მუშაობას. ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ. მერე რა, რომ პატარა შეცდომა მოგვივიდა, ეს მარცხი არაფერს ნიშნავს, რადგან ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ, უფრო მეტს ვიბრძოლებთ და სასურველ შედეგსაც აუცილებლად მივაღწევთ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, მაქვს თუ არა იმის უფლება, რომ თავიდან გავიარო გარე დაკვირვება, თუმცა სურვილი ძალიან დიდი მაქვს. მინდა, რომ ჩემს შეცდომებზე ვისწავლო და გამოვასწორო ის ხარვეზები, რაც მქონდა“.

ახალგაზრდა პედაგოგის მსგავსად ძალიან ბევრ პედაგოგს აინტერესებს პასუხი კითხვაზე - ექნებათ თუ არა მათ კიდევ გარე დაკვირვების გავლის შანსი. პასუხი ჯერ უცნობია, თუმცა ნათია იაკობაძე მომავალს იმედით უყურებს და უკვე შემდეგ გაკვეთილსაც გეგმავს, რომელიც აუცილებლად წარმატებული იქნება. 

ავტორი: მარიამ მაშა გვარამია 
წაიკითხეთ სრულად