Baby Bag

პედაგოგებს ახალ ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

პედაგოგებს ახალ ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მაღალმთიანი რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა.

„პედაგოგების მიერ შემუშავებულია არაერთი საინტერესო პროექტი, ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ მათ ახალი ინიციატივების შემუშავებასა და დანერგვაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მასწავლებელთა დისტანციური სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „განათლების დეცენტრალიზაცია უმნიშვნელოვანესია პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბაზაზე დისტანციური სასწავლო პროგრამა მოქმედებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მასშტაბი გაიზარდოს რაიონების დონეზე“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

პედაგოგებმა ისაუბრეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული პერსონალისთვის სახელფასო დანამატების აუცილებლობაზე. „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი კოლეგების მიერ ინიცირებულია კანონპროქტი, რომელზეც მუშაობა საშემოდგომო სესიაზე გაგრძელდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ინიციატივაზე საპასუხოდ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პრობლემად რჩება ქართულენოვანი საბავშვო ბაღების ხელშეწყობის საკითხი. მარიამ ჯაშის განცხადებით, ამ მიმართულებით დამატებითი მუშაობა გაგრძელდება.

შეხვედრაზე პედაგოგთა მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა პროფესიული სასწავლო პროგრამების მუნიციპალურ ცენტრებში გაჩენისა და მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე დაფუძნების თაობაზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელისა და მსოფლიო მასწავლებელთა ათეულის რჩეულის, ლადო აფხაზავას ინიციატივის შესახებ, რომელიც სკოლებს შორის თანამშრომლობასა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებს ეხება.

შეიძლება დაინტერესდეთ

​იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდებათ ხელშეკრულება

​იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდებათ ხელშეკრულება

პრაქტიკოს მასწავლებლებს 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდებათ შრომითი ხელშეკრულება, - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სამინისტრომ გაითვალისწინა მასწავლებლების დისტანციურ რეჟიმში მუშაობის სპეციფიკა, საკლასო ოთახებიდან ვირტუალურ სივრცეში ტრანსფორმაციისა და შეფასების შრომატევადი პროცესი და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები და სიახლეები შეიტანა.

სქემაში შესული ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს შრომით ხელშეკრულებას.

სქემაში შესულ სხვა ცვლილებებს გაეცანით ამ ბმულზე ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა

წაიკითხეთ სრულად