Baby Bag

97 წლის ვენერა ცარციძე ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ბიოლოგიის მასწავლებელია

97 წლის ვენერა ცარციძე ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ბიოლოგიის მასწავლებელია

97 წლის ვენერა ცარციძე ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ბიოლოგიის მასწავლებელია. ის, ქალაქ საჩხერეში 1922 წელს დაიბადა, 1942 წელს დაამთავრა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია - ბიოლოგიის ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლაში ის 1946 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა.

„ჩემი უმთავრესი მიზანი იყო ბიოლოგიის სწავლება სახალისო და საინტერესო გამეხადა. ამისთვის, სასწავლო პროცესში აქტიურად ვიყენებდი ფილმებს, მოსწავლეებთან ერთად ვამუშავებდი სათბურს, სადაც მათ ნერგების გამოყვანა შევასწავლე და მათ საშუალება ჰქონდათ, თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოეყენებინათ; მსგავსი მეთოდი გამოვიყენეთ ცოცხალ ორგანიზმებთან მიმართებაშიც და სკოლის აუზში მოვაშენეთ სხვადასხვა ჯიშის თევზები, რაც განსაკუთრებით დაეხმარა მოსწავლეებს ბიოლოგიის სრულფასოვნად შესწავლაში,“ - იხსენებს  ვენერა ცარციძე.

როგორც სკოლის დირექტორი, ლია გომართელი აღნიშნავს, ქალბატონი ვენერა ყოველთვის გამოირჩეოდა სწავლების განსაკუთრებული მიდგომებით.

„ის მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას; ბიოლოგიის კაბინეტი აღჭურვილი ჰქონდა მრავალფეროვანი რესურსებით. გარდა სასკოლო მეცადნიეობებისა, უძღვებოდა ბიოლოგიის წრესაც. ამ ყვეაფრის შედეგად, მისი მოსწავლეები ყოველთვის წარმატებით მონაწილეობდნენ ეროვნულ და რაიონულ კონფერენციებში,“- ამბობს დირექტორი.

ქალბატონ ვენერა ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის 2003 წელს დაჯილდოვდა პრეზიდენტის „ღირსების ორდენით“. 1984 და 1989 წლებში ქალბატონ ვენერა ცარციძეს საქართველოს სსრ განათლების მინისტრის მიერ უფროსი მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

30 აპრილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძის გადაწყვეტილებით ვენერა ცარციძეს მიენიჭა ​„დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება.

წყარო - ​მასწავლებლის სახლი

შეიძლება დაინტერესდეთ

პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება, მაძიებელი მასწავლებლების და სისტემაში შესვლის მსურველების კი - ზაფხულში​

პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება, მაძიებელი მასწავლებლების და სისტემაში შესვლის მსურველების კი - ზაფხულში​

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, გამოცდა გადაუვადდათ და საშუალება მიეცათ 2020 წლის შემოდგომაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი ან/და პროფესიული უნარები. 

რაც შეეხება მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველებს, სამინისტრომ შესაძლებლობა მისცა 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შემოსვლის მსურველებს ჩააბარონ გამოცდა 2020 წლის ზაფხულში, რომელიც 22 ივლისიდან - 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება გახსნილი სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით.  

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

სქემაში შესულ სხვა ცვლილებებს გაეცანით ამ ბმულზე მასწავლებელ​თა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა

წაიკითხეთ სრულად